ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პროცესი წინ მიდის. როგორც ის აღნიშნავს, მოლაპარაკებები გრძელდება.
„შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია და იმედს ვიტოვებთ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით ჩვენ შევძლებთ ამოვწუროთ ეს უთანხმოება და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დავუბრუნდეთ ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტი.
პუნქტებში გარკვეული სამუშაო რჩება. თუ ოპოზიციის მხრიდან იქნება პრაქტიკული ნაბიჯები გადადგმული (ჩვენი მხრიდან სამართლიანი და პრაგმატული ნაბიჯები იყო გადადგმული ამ დღეებში) ვფიქრობთ, ჩვენ შეთანხმების მიღწევას შევძლებთ“, - აცხადებს სპიკერი.
არჩილს თალაკვაძე ამბობს, რომ მოლოდინი აქვს, ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯს გადადგამს, იმისთვის, რომ ქუჩიდან დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში. „ჩვენ ძალით, რა თქმა უნდა, არავის არ ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, მაგრამ ის საკითხები, რომელიც მათ დააყენეს პრეზიდენტს მიშელთან, ავტომატურად მოითხოვს პარლამენტში ჩართულობას. პარლამენტი არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური ინსტიტუტი და მასში მონაწილეობა არის ღირსება და პატივი“, - მიიჩნევს თალაკვაძე.
პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, შეხვედრა იყო იგივე ფორმატში, როგორც წინათ, არ ყოფილა არანაირი დისტანციური კავშირი ბრიუსელთან, სადაც პრემიერი ღარიბაშვილი ხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი გუშინ, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს დღესაც აგრძელებს.