ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში ხვდება „ქართული ოცნების“ ლიდერებს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მმართველი პარტიის თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, ოპოზიციას დიალოგის ფორმატში წინადადებები არ წარმოუდგენია.
„წინადადებები, რომელიც არის წარმოდგენილი დოკუმენტში, არის მთლიანად ჩვენი წინადადებები. მათ [ოპოზიციას] არაფერი არ წარმოუდგენიათ, გარდა იმისა, რომ გვამადლიან პარლამენტში შემოსვლას. ეს არის მათი შემოთავზება. დღეს გაგრძელდება დიალოგი, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო წესით დანიელსონის დაბრუნების შემდგომ. კარგია, რომ ის არ წავიდა ბრიუსელში და აგრძელებს კონსულტაციებს. ეს იძლევა ძალიან კარგ შანსს, რომ ეს დიალოგი წარმატებით დასრულდეს“, - თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად უნდა განიხილონ თითოეული საკითხი.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ლაპარაკობს მედიატორის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების შესახებაც. „საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამომხატველი არის ისიც, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ გაგვიმჟღავნებია ამ შეხვედრების დეტალები, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემულ პირობას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და რადიკალურად განსხვავებულია, სამწუხაროდ, ოპოზიციის დამოკიდებულება, როგორც საკუთარი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ამას ხედავს ყველა“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კრისტიან დანიელსონის ვიზიტის გახანგრძლივებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„გუშინ ბატონმა დანიელსონმა გვითხრა, რომ ტოვებდა ქვეყანას, თუმცა გუშინ იყო გარკვეული კონსულტაციები და მან გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა, რის შესახებაც დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, რაც ჩვენ კომენტარები გავაკეთეთ, პირველ რიგში შეგვატყობინა ჩვენ, რაც არის ძალიან კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი სერიოზულობით ეკიდება ევროკავშირი დიალოგს და იმას, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში. ეს ნიშნავს იმას, რომ სათანადო დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს იმის მიმართ, რაც ხდება პარლამენტში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ბრიუსელში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი გუშინ, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს დღესაც გააგრძელებს.