„მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ განაცხადა „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მხარეები ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან კრიზისის დაძლევისკენ.
„ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დანიელსონს მადლობა გადავუხადო. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი საათები უფრო ნაყოფიერი იქნება. მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, საუბარი, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ჩემი მხრიდან შიდა საუბრის გამოტანა, მაგრამ ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია ბატონმა დანიელსონმა, რაც ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მისი ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ლ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერებთან ერთად.
ყველაზე პოპულარული
1