Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა, აბუსერიძე და მისი მომხრეები კი ამ შედეგთან შეგუებას არ აპირებენ


იოსებ ტყემალაძე
იოსებ ტყემალაძე

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის, ბიზნესმენ იოსებ ტყემალაძის, გამარჯვებით დასრულდა. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დღეს გამართულ ყრილობაზე რეგისტრაცია ოცდახუთმა დელეგატმა გაიარა, რომლებიც, საერთო ჯამში, ორმოცდაორი ხმის უფლებით სარგებლობდნენ. მოლოდინისამებრ, ორმოცდაორივე ხმა ტყემალაძის აქტივში აღმოჩნდა, რადგან გამარჯვებული კანდიდატის და, ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების მოწინააღმდეგე დელეგატები დარბაზში არც შესულან, გარედან აპროტესტებდნენ ყრილობას.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი ვეტერანი მორაგბეები და გულშემატკივრები „ექსპო ჯორჯიასთან“ დილიდან შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ სცადეს ხელი შეეშალათ არჩევნებისთვის. იყო ხმაურიანი სიტყვიერი დაპირისპირებები და რამდენიმე სარაგბო შერკინებაც, მაგრამ დაძაბულობა საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა ასობით სამართალდამცავმა მალევე განმუხტა.

პოლიცია და ირაკლი აბუსერიძის მომხრეები
პოლიცია და ირაკლი აბუსერიძის მომხრეები

ირაკლი აბუსერიძემ და მისმა მხარდამჭერებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ბოლო პერიოდში მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე, მათ შორის, სარაგბო კლუბ „არმიის“ პრეზიდენტ ირაკლი სულთანიშვილის გადაყენებასა და ამ კლუბისთვის მინიჭებული ხმის უფლების ისეთი პიროვნებებისთვის გადაცემაზე, რომლებიც მხარს ტყემალაძის კანდიდატურას დაუჭერდნენ.

დარბაზს გარეთ მყოფნი აცხადებდნენ, რომ რაგბის კავშირს უკვე ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძის სახით და დღევანდელი ყრილობა უსამართლობის კიდევ ერთხელ დაკანონების მცდელობა იყო.

აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები „ექსპო ჯორჯიაში“ გამართული არჩევნების შედეგთან შეგუებას არ აპირებენ და აქტიური ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. იოსებ ტყემალაძე კი მოწინააღმდეგეებს დამშვიდებისა და მასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG