Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი აბუსერიძე: „ჩემს ამომრჩეველს არავის დავაჩაგვრინებ“


 ირაკლი აბუსერიძე
ირაკლი აბუსერიძე

ვეტერანი მორაგბის ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, საქართველოს რაგბის კავშირის დღევანდელი ყრილობის წინ, სარაგბო კლუბების ხელმძღვანელებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მათ არჩევნებისთვის ბოიკოტი არ გამოეცხადებინათ და კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე გამხდარიყო. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელსაც რაგბის კავშირის ორი თვის წინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება საჯარო რეესტრმა არ დაუმტკიცა, მხარდამჭერთა ხმების ბოლომდე დაცვას აპირებს.

„კლუბებზე ძალადობით ცდილობენ მიზნის მიღწევას, რაც ძალიან ბინძური საქციელია. თუ ასე გაგრძელდა და თავისი გაიტანეს, განმეორებით არჩევნებში სასურველი ხმების რაოდენობას მოაგროვებენ, მაგრამ ამას არ დავუშვებთ. გამარჯვებას, რომელიც 30 დეკემბერს მოვიპოვეთ, აუცილებლად დავიცავთ. ჩემს ამომრჩეველს არავის დავაჩაგვრინებ. უამრავი ფაქტი არსებობს და სააშკარაოზეც გამოვა. ერთმა კლუბმა - „წიქარამ“ უკვე დაადასტურა ოფიციალურად, რომ ზეწოლის მსხვერპლი გახდა. კლუბის პრეზიდენტ თენგიზ გოცირიძეს ძალით დააწერინეს მინდობილობა სხვა ადამიანზე, ყრილობაზე დასასწრებად. ამ უსამართლობას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი აბუსერიძემ.

საქართველოს რაგბის კავშირში მორიგი საარჩევნო ყრილობა დღეს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რეგისტრაცია მხოლოდ პრეზიდენტობის ერთი კანდიდატის - იოსებ ტყემალაძის მომხრე ორმოცდაორმა დელეგატმა გაიარა და კვორუმი ვერ შედგა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ყრილობას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ. განმეორებითი ყრილობის თარიღი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მის ჩასატარებლად უკვე დელეგატთა საერთო რაოდენობის ორმოცდაათ პროცენტზე ერთით მეტი - ოცდათვრამეტი ხმაც საკმარისი იქნება.

XS
SM
MD
LG