მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მომხდარი შემთხვევას ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე). „ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და ფიზიკური ჯანმრთელობა დაუზიანდათ ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას", - აცხადებს დეკანოზი და განაგრძობს, - „სასულიერო პირებს შორის შესაძლებელია იყოს კამათი და დავა. იყო ეს ხმამაღალი საუბარი. სამწუხაროა ძალიან, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ. იქ არის ძალიან ვიწრო აივანი. ბევრი ხალხი იყო ასული. არ უნდა ასულიყვნენ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს".
რაც შეეხება ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს, რასაც მრევლისა და სასულიერო პირთა პროტესტი მოჰყვა, დეკანოზი მას შემდეგი სიტყვებით აფასებს: „ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს არცერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს და საქართველოს ყველა მართლმადიდებელ მოქალაქეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდისა".
დეკანოზი ანდრია აზუსტებს, რომ „მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ყოველგვარი შეჭრა უნებართვო, არის შეჭრა". მისი თქმით, ასეთ მოქმედებას არ ამართლებს რევლის უკმაყოფილება. „თქვენ რამდენად ამართლებთ, როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის არ აქვს უფლება ნებართვის გარეშე შესვლისა, კრებას კარებს უმტვრევენ და ვარდებიან შიგნით. რამდენად მიგაჩნიათ ეს სწორად", - აღნიშნავს დეკანოზი და განაგრძობს მიტროპოლიტ სტეფანეს შესახებ საუბარს, - „ვუცხადებთ, სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც გვიკავშირდებოდნენ".
ჭყონდიდის ეპისკოპოსის რეზიდენციაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე (გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანება) მუხლით.
8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულთაგან 3 უკვე კლინიკაშია გადაყვანილი, 2 კი ამ წუთებში გადაჰყავთ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში, მას შემდეგ განახლდა, რაც ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეპანემ (კალაიჯიშვილმა) ორი დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს ბრძანებით აუკრძალა ნებისმიერ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა. ბრძანების თანახმად, მათ თავად არ ინებეს მიტროპოლიტ სტეფანესთან თანამსახურება.