გერმანიაში მცხოვრებმა ასამდე ქართველმა 3 მარტს წერილი გაუგზავნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ კნირშს. წერილში, რომელიც ასეა დასათაურებული - „ოლიგარქისადმი მიდგომამ დღემდე მცირე შედეგი გამოიღო“, მისი ავტორები გამოხატავენ იმედგაცრუებას, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია ირყევა და განსაცდელის წინაშეა, ხოლო სამართლებრივი „სახელმწიფო შეუჩერებლად იხევს უკან ძალადობის სასარგებლოდ“.
წერილზე ხელისმომწერები თვლიან, რომ „იშვიათად შეუცვლია ჩვენი ქვეყანა ასე ძირეულად რამეს, როგორც ბოლო ცხრა წელიწადში გააკეთა ეს ოლიგარქიულმა მთავრობამ“. გერმანიის ელჩისთვის მიწერილ წერილში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა „საარჩევნო უწყების, პროკურატურის და სასამართლოების თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევა“. ამით, განაგრძობენ ისინი, „მან მიაღწია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას“ დაპატიმრებას.
ავტორები წერილისა, რომელიც მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ინიციატივით შეიქმნა, ელჩს მიმართავენ: მათ ახარებთ, რომ საქართველოს პარტნიორების და მეგობრების მხრიდან მძაფრი კრიტიკა ისმის მელიას დაკავების გამო, მაგრამ თვლიან, რომ „საჭიროა უფრო ზუსტი ნაბიჯები“. გერმანიაში მცხოვრები ქართველების ჯგუფის წერილში წაიკითხავთ, რომ 1 მარტს ოპოზიციური პარტიების და მთავრობის შეხვედრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით „განმუხტვა ვერ მოიტანა“ და ისინი სთხოვენ გერმანიის ელჩს, „აშკარა სიგნალი გაუგზავნოს, ცხადი სიტყვები მოძებნოს და საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს, იკისროს შეთანხმების შესრულების ვალდებულება“.
წერილში, რომელშიც დიდი იმედია გამოთქმული გერმანის ელჩის მხარდაჭერის მიმართ, ბოლოს წაიკითხავთ, რომ სხვა შემთხვევაში ოლიგარქის და მისი მომხრეების მიმართ უნდა გამოითქვას და დაწესდეს სანქციები.