სომხეთში ღრმავდება პოლიტიკური კრიზისი. 1 მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, მთავრობის შენობაში შეიჭრა.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, ქვეყანაში არ მოიპოვება შენობა, რომელშიც შეუძლია ფაშინიანს დამალვა.
ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.
რუსეთის შუამავლობით მიღწეულმა ზავმა დაასრულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 44 წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ სომხეთის კონტროლქვეშ იყო 1990-იანი წლების დასაწყისიდან.
შარშან, სექტემბრის ბოლოს განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო.
ფაშინიანის ალიანსი „ჩემი ნაბიჯი“, რომელიც უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, უარყოფს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
ფაშინიანის მიერ ხელმოწერილ საზავო შეთანხმებას სომხეთში ბევრი შეურაცხმყოფელ დამარცხებად მიიჩნევს.
გასულ კვირაში პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ ძალებსაც შეეხო მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა გაათავისუფლა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ტირან ჟაჩატრიანი, რომელმაც მანამდე პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა. ამის საპასუხოდ გენშტაბის რამდენიმე ათეულმა მაღალი რანგის ოფიცერმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ფაშინიანს და მის მთავრობას ბრალი დასდეს ქვეყნის „კოლაფსის პირამდე“ მიყვანაში. მათი თქმით, მთავრობა ამ ვითარებაში „ვეღარ შეძლებს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას“.
ფაშინიანმა სამხედროთა ამ ნაბიჯს „გადატრიალების მცდელობა“ უწოდა და დაუყოვნებლივ მოხსნა გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი. მაგრამ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა გასპარიანის მოხსნისთვის ხელის მოწერაზე. ამის საპასუხოდ ფაშინიანის ალიანსის ზოგიერთი წევრი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოწოდებით გამოვიდა.