Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ტექნიკის გადასაცემად "ნაციონალურ მოძრაობას" წარმომადგენლის გამოყოფას სთხოვს


შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს "ნაციონალურ მოძრაობას", გამოყოს კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა 23 თებერვალს პარტიის ოფისიდან ამოღებული სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად:

„2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

განმარტებისთვის რადიო თავისუფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ დაუკავშირდა. როგორც პარტიის წევრმა, ბაჩო დოლიძემ გვითხრა, საკითხი ისე მარტივად არ დგას, როგორც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოაჩენს:

„პირველ რიგში, ეს ტექნიკა არ იყო ამოღებული სწორი სამართლებრივი გზით. არც სასამართლოს განჩინება, არც პროკურატურის დადგენილება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ანუ ჩვეულებრივ გატაცება მოხდა, ანუ ყაჩაღობა მოხდა. და ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით მივმართეთ უკვე სამართალდამცავ ორგანოებს. და მათგან ველით რეაგირებას და პასუხს“, - უთხრა ბაჩო დოლიძემ რადიო თავისუფლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალსვე დაადასტურა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან საპოლიციო შტურმის დროს სერვერები და სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა ამოიღო. შსს-ს პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტექნიკა „მიმდინარე გამოძიების“ ფარგლებში იქნა ამოღებული.

ნიკა მელიას დასაკავებლად საპოლიციო ძალებმა ოპერაცია 23 თებერვალს დილით განახორციელეს. პარტიის თავმჯდომარე ამჟამად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა 23 თებერვალს, საპოლიციო ძალების მიერ ნიკა მელიას დაკავებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. ოპოზიციამ დასახა სამოქმედო გეგმა, რომელიც საპროტესტო აქციებსა და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას ითვალისწინებს. პარლამენტთან კვლავ კარვების ქალაქია. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG