"ქართული ოცნების" წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების დროს უფლებამოსილების გადამეტება არ მომხდარა. მან დაკავების პროცესს "ევროპული და ამერიკული სტანდარტი" უწოდა.
"დღეს ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით, როდესაც პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მაქსიმალურად მოზომილად, პროპორციულად და იყო ორიენტირებული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა - ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე", - თქვა ოხანაშვილმა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.
შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.
საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.