აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო პოლიტიკური მოვლენების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, ყველა მხარეს მოუწოდებენ, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, ან რიტორიკას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია, ან ძალადობა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საკუთარი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლების და კანონის უზენაესობის ვალდებულება სასამართლოს და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლების გზით, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო საქართველოს და მის კეთილდღეობას და პარტნიორ საქართველოსთან გააგრძელებს მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად.
18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.
გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლპარაკება.
18 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა პარტიის პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მან განაცხადა, მალე აღადგენენ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება.