"მინდა გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას რეჟიმის წარმომადგენლებთან ჩვენი ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით", - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ, ეს განცხადება პარტიის ოფისში, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, დასაფასებელია პრემიერის გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით, თუმცა, მხოლოდ ეს ნაბიჯი სიტუაციას ვერ შეცვლის:
"ჩვენი ამოცანა არ არის და არ იყო და არ იქნება ძალადობა, არ იქნება ვიღაცის დაჩაგვრა, რადგან ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ არავის დაჩაგვრა არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა განვითარდება თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ამიტომ აშშ-ს საელჩოს განცხადება, დღეს დილით გავრცელებული განცხადება სენატორი რიჩის მიერ და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები, ცხადყოფს, რომ ხალხს აქვს ჩვენი საერთაშოროსო მეგობრების მხარდაჭერა. მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს განათდა „ქართლი ოცნების“ რიგ წარმომადგენლებში, ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც მოუწოდებდნენ ალბათ საკუთარი გუნდის წევრები, რადგან გახარიას საკმარისი პოლიტიკური და ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ამ ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხავს, მაგრამ ის, რომ ბატონი გახარია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, ის, რომ მან პრაქტიკულად აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა თავისუფალი ადამიანების თავისუფალ ნებაზე, რომლებიც ახლა ვართ წარმოდგენილები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და ეს არ გააკეთა, რა თქმა უნდა, არის დასაფასებელი. მაგრამ ეს საქმეს არ უშველის. საქმეს უშველის ახლა სწრაფი მოქმედება, ვითხოვთ, სასწრაფოდ შეხვედრას საერთო ოპოზიციური მოძრაობა ჩვენი პარტნიორი ელჩების მონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ საკითხზე, ახალი არჩევნებთან დაკავშირებით".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.
17 თებერვალს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას ადრე შეფარდებული აღკვეთის ზომა - გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურამ მელიას დაპატიმრება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილიდან.
17 თებერვალს, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.