Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი - უკან, 90-იანებში... კრიპტოფერმებით


90-იანი წლები აფხაზეთში სულ უფრო ხშირად ახსენდებათ. უშუქობის ჟამს ადამიანები ნავთქურებით თბებიან, რადგან, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, გაზი იქ არასდროს გაუყვანიათ.

ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ საცხოვრებელი სახლები არ რჩება. შუქი ქრება საავადმყოფოებში, პოლიციის შენობებში, პურის საცხობებში, საპარიკმახეროებში.

ენერგოკრიზისის გამო, 2020 წლის ბოლოს მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდებოდა, ახლა კი ადამიანებს ისიც ვერ გაურკვევიათ, “დალოდების საათები” როდის უწევთ.

ვიქტორია მურადიანი
ვიქტორია მურადიანი

სოხუმელი კოსმეტოლოგი ვიქტორია მურადიანი “ეხო კავკაზას” დენის მოულოდნელი გათიშვების შესახებ უყვება:

"ხალხი სახლში ცალი წარბით გამიშვია. ბუნებრივია, ფული არ გადამიხადა, ისე წავიდა. სანამ ის დაბრუნდა, სანამ სამუშაო დავამთავრე…. ეს უკვე კარგად შესრულებული საქმე აღარაა”.

“დვიჟოკისთვის” დიზელის ყიდვა ძვირი ჯდება, ამიტომაც ხშირად ვიქტორია დღის დიდ ნაწილს უქმად ატარებს და სინათლეს ელოდება. აღიარებს, რომ ამასობაში კლიენტები მოაკლდა და შემოსავალიც შეუმცირდა - ადამიანები ხედავენ, რომ სალონში შუქი არ ანთია და აღარ შემოდიან.

ენერგოკრიზისი მოსახლეობის უფრო გადაუდებელ საჭიროებებსაც უქმნის საფრთხეს. ილონა მიროშნიჩენკო სოხუმის ერთ-ერთ საცხობში მუშაობს. მას ორი ქალიშვილი ჰყავს. ერთი სკოლის მოსწავლეა, მეორე კი - სტუდენტი. ორივე სწავლობს დისტანციურად, თან უშუქოდ.

«ჩემი ქალიშვილი მეცხრე კლასშია. მალე გამოცდები უნდა ჰქონდეს. შუქი როცა არაა, ბავშვები საერთოდ ვერ მეცადინეობენ. ჩემი გოგო კარგად სწავლობს, მაგრამ ასეთი რაღაცები რომ ხდება, ამის გამო სულ უხასიათოდაა”, - ამბობს ილონა.

უშუქობა მათი მენტალური ჯანმრთელობისთვის დიდი წნეხი რომაა, ამას “ეხო კავკაზას” სხვა რესპონდენტებიც ეუბნებიან.

“...შეიძლება ადამიანები ფსიქოზამდე მიიყვანო? როდემდე უნდა ვითმინოთ? ამას წინათ გამოაცხადეს, რომ შუქურასთან წყლის მილმა ამოხეთქა. როდემდე? ისეთი განცდაა, რომ არავის არაფერი არ ეხება” - ამბობს აფხაზეთში მცხოვრები ემა შათფა.

ენერგოკრიზისი, რომელიც ბოლო დროს უკიდურესად გამწვავდა, უკვე ხუთი წელია, გრძელდება და ყველამ იცის, რომ მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის უკონტროლო მოპოვებაა. ბიტკოინისა და სხვა ციფრული ფულის შოვნას ბევრი ელექტროენერგია სჭირდება, დენი კი აფხაზეთში ძალიან იაფი ღირს. ამ ხელსაყრელ პირობებში კრიპტოფერმის აწყობა ბევრმა მოინდომა. იანვარში დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ორგანმა განაცხადა, რომ 2016 წლიდან მოყოლებული აფხაზეთში დენის მოხმარებამ 30%-ით იმატა.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 150 კრიპტოფერმაა. მათი მუშაობის შედეგად გამუდმებით დახტის ძაბვა, რასაც ხშირად მწყობრიდან გამოჰყავს მოძველებული ელექტროგადამცემები.

დანაშაული და დაუსჯელობა

კრიპტოვალუტის მოპოვებაზე ორი წლის განმავლობაში არავითარი რეგულაციები არ ვრცელდებოდა. 2018 წელს, სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების ნაცვლად, დე ფაქტო ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის მომპოვებლებს, მაინერებს, საქმიანობა აუკრძალა.

სატრანსფორმატორო პუნქტი სოხუმში
სატრანსფორმატორო პუნქტი სოხუმში

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ახლა კრიპტოვალუტას ძირითადად მმართველი ელიტა მოიპოვებს. ლაპარაკობენ ასევე რუსი ბიზნესმენების ჩართულობაზე, მაგრამ ბრალდებების მთავარი სამიზნე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, და მისი გარემოცვაა.

ბჟანია ბრალდებებს უარყოფს. იანვრის ბოლოს მან უკანონო მაინინგთან ბრძოლის პირობა დადო, თუმცა იქვე აღიარა, რომ სახელმწიფო მოხელეების ნაწილი პრობლემაზე თვალს ხუჭავს, რადგან “არავის გადამტერება არ სურთ”. “ეხო კავკაზას” სოხუმელი ავტორი, ვიტალი შარია, წერს, რომ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც კონკრეტული სახელების გახმაურებას “აფხაზური საზოგადოების სპეციფიკის გამო” ერიდებიან.

უკონტროლო მაინინგი ერთადერთი პრობლემა არაა

ამასთან, მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მოსახლეობის საერთო დავალიანება 237 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ასლან ბჟანიას თქმით, ამ თანხის თითქმის ნახევარი უკანასკნელ სამ წელიწადზე მოდის. მაგალითად, 2017 წელს აფხაზეთში აბონენტების 60% ელექტროენერგიის საფასურს საერთოდ არ იხდიდა.

“მარტივად რომ ვთქვათ, [წელს] მოსახლეობას 355 მილიონი რუბლის ელექტროენერგია [იმჟამინდელი კურსით, დაახლოებით, 6 მილიონი დოლარი] მივაწოდეთ და მხოლოდ 143 მილიონი რუბლის [2,5 მილიონი დოლარი] აგროვება შევძელით”, - თქვა ენერგოკომპანია “ენერგოსბიტის” წარმომადგენელმა, ინალ ლიზბამ.

ბოლო ხუთი წელია, დე ფაქტო რესპუბლიკაში უმუშევრობა იზრდება.

ახლა მოსახლეობის გადახდისუნარიანობას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო ამცირებს. ეკონომისტმა ილონა მირცხულავამ “ეხო-კავკაზას” ივლისში უთხრა, რომ უმუშევართა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, მოსახლეობის შემოსავლები კი 80%-ით შემცირდა. 2020 წლის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის 33% ცხოვრობს. საარსებო მინიმუმი 7 ათას რუბლს (95 დოლარი), საშუალო ხელფასი კი 10 ათას რუბლს (136 დოლარი) უტოლდება. პენსია 500-დან 2 500 რუბლამდე (6-დან 34 დოლარამდე) მერყეობს.

სამსახურის პოვნა სულ უფრო ჭირს, ამიტომ ადამიანები ალტერნატიულ შემოსავალს ეძებენ. ვიქტორია მურადიანმა იცის, რომ მაინინგით მხოლოდ ბიზნესმენები არ დაკავდნენ. ზოგმა კრიპტოფერმა საკუთარი ავტომობილის გაყიდვის ხარჯზე ააწყო.

“ისინი ცოდონი არიან, მაგრამ ჩვენც ხომ ცოდონი ვართ, ჩვენც ხომ უნდა ვიმუშაოთ”, - ამბობს ვიქტორია.

სამი თვე რუსეთის იმედად

წლის დასაწყისში დე ფაქტო ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის მოპოვება ხელმეორედ აკრძალა - ამჯერად მხოლოდ ივნისამდე და გაცილებით მკაცრად: მაინერების წინააღმდეგ პოლიციური რეიდები დაიწყო.

ილონა ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. “მე როგორც მესმის, ნამდვილი მოქალაქე ისაა, ვინც ცხოვრობს, მუშაობს და, თან, გარშემომყოფებზეც ზრუნავს და არ მავნებლობს”, - ამბობს ის.

ილონა მიროშნიჩენკო (მარცხნივ)
ილონა მიროშნიჩენკო (მარცხნივ)

ამ დროისთვის 17 ფერმის საქმიანობა უკვე აღკვეთილია, თუმცა აფხაზეთში შიშობენ, რომ ენერგოკრიზისს ეს ვეღარ შეაჩერებს.

საქმე ისაა, რომ რეგიონში ნათურების უმეტესობას ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი ანთებს. იქიდან არაღიარებული სახელმწიფო ელექტროენერგიას უფასოდ იღებს. კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, სამართავი პულტი კი - აფხაზური მხარის ხელში. ამიტომაც, ახალი კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად, მხარეებს შორის არაფორმალური შეთანხმება მოქმედებს: ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს ქართული მხარე იღებს, 40%-ს კი აფხაზური. თბილისში აცხადებენ, რომ შეთანხმება არ მუშაობს, რადგან ენგურს გადაღმა გაცილებით მეტს - სადგურის სიმძლავრის თითქმის ნახევარს - მოიხმარენ. რეგიონი, სადაც, დაახლოებით, 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თითქმის იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც, მაგალითად, მილიონ-ნახევრიანი თბილისი.

20 იანვარს ენგურჰესზე სამთვიანი სარემონტო სამუშაოები დაიწყო. სადგური მაისის ჩათვლით დაიკეტა, იქამდე კი აფხაზეთს მოუწევს დენი მხოლოდ რუსეთისგან მიიღოს. ეს დიდი პრობლემაა - შეთანხმებული 800 მილიონი კილოვატი საათში აფხაზეთისთვის საკმარისი არ არის.

დეფიციტის გათვალისწინებით, ენერგეტიკოსები მოსახლეობას ეკონომიისკენ მოუწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ერთადერთი გამოსავალი დენის გრაფიკით მიწოდებაა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG