Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლამპრებიანი თებერვალი


ლამპრობა, სვანეთი, 2020
ლამპრობა, სვანეთი, 2020

წელს ლამპრობა ტურისტების გარეშე ჩატარდა. ვერც გვინობამდე დარჩა ხალხი, 9 საათზე ყველა სახლში იყო. სხვა მხრივ, ეს ისევ ის დღესასწაულია, რომელიც სვანეთის სოფლებში ყოველწლიურად ტარდება. ამბობენ, რომ ადრე საქართველოს სხვა კუთხეებშიც ტარდებოდა, განსაკუთრებით მთაში, მაგრამ დროთა განმავლობაში მხოლოდ აქ შემორჩა.

ლამპრობადღეს სვანეთში ცალკე სუფრაზე ზრუნავენ, ცალკე - შეშაზე. ხის ნაჭრების კონა, რომელიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე უნდა დაინთოს, არყის ხის ტოტებისგან მზადდება. შებოჭავენ და ღუმელთან გასაშრობად დებენ, ასე უფრო ადვილად მოეკიდება.

გადმოცემის თანახმად, ქრისტეს ავაზაკები დაედევნენ, არყის ხემ კი ტოტები ჩამოუშვა და დაიფარა. ქრიტემ აღუთქვა ხეს, რომ მას ადამიანის სულის მოსახსენიებლად გამოიყენებდნენ. ამიტომაც ამზადებენ ლამპარს არყის ტოტებისგან“, - ამბობს რუსუდან ჯაფარიძე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის წარმომადგენელი.

მიცვალებულებთან მიაქვთ საჭმელიც: კუბდარი, პური, ღვინო, სხვადასხვა კერძი... რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ბოლოს ისევ ცოცხლები მიირთმევენ - ოჯახის წევრები და გამვლელ-გამოვლელი. ლამპრობის სუფრაზე ყველა ერთმანეთს ეპატიჟება. აქ ხშირად ნახულობენ დიდი ხნის უნახავ ნაცნობებს, რომლებიც სვანეთში სწორედ ამ დღისთვის ადიან.

მთვარის დღესასწაული

სასაფლაოზე ლამპრების დასანთებად შებინდებულზე გამოდიან. ლამპარი ინთება საფლავზეც და ეკლესიის ეზოშიც. საერთო კოცონში კონას კონა ემატება და ხანდახან ალი ათობით მეტრის სიმაღლეზე ადის. ივანე ჯავახიშვილს ეს რიტუალი ასე აქვს აღწერილი:

მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს, რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხიდიდებ“-ის ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანებილიმპჲარი“- უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“.

ჯავახიშვილს „ქართლის ცხოვრებიდან“ მოჰყავს მაგალითი, რის მიხედვითაც დაასკვნის, რომ „ლამპრობა“ მხოლოდ სვანეთში არ იცოდნენ. აღიღეს მისგან ციხე ნახჭევნისა და შვილი ერთი უმრწემესი სახელით დავით მძევლად და განუტევეს დღესა ლამპრობასა...“

კიდევ სხვაგან ივანე ჯავახიშვილი ამ ტრადიციის წარმართულ ფესვებს იკვლევს და ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, მთვარის დღესასწაულიც ყოფილიყო. მისი დასკვნით, წმინდა გიორგიმ, რომელიც ლამპრობასთან არის დაკავშირებული, მთვარის ღვთაება ჩაანაცვლა.

ეს ჩვეულება მთვარის დიდებისა და მსახურების ნაშთია, როცა ხალხი ანთებულ არყის ხეებით ხელში ამ ღვთაებას დიდებას უგალობდა ხოლმე. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს დღესასწაული ზამთარში იცის უეჭველად, რამდენიმე კვირით დიდმარხვის წინ. საბიელებსაც ჰქონდათ სწორედ ზამთარში, სახელდობრ იანვარში, დიდი უქმე, როდესაც ღვთაების სადიდებლად ნაძვის ტოტებს აანთებდნენ ხოლმე. საყურადღებო ისაა, რომ სწორედ ამ დროს, 24 იანვარს, მთვარის დაბადების დღესასწაული იყო დაწესებული. რასაკვირველია, ჩვენილამპრობადა ქარანელების მთვარის დაბადების დღესასწაული ერთი და იგივეა“, - წერს ის.

წმინდა სვიმონის დღე

სვანეთში ლამპრობას მირქმის დღესასწაულს უკავშირებენ, აქ მირქმა იგივე ლამპრობაა.

„ეს არის დღესასწაული, როდესაც ქრისტე ტაძარში მიიყვანეს და ის სვიმონ წინასწარმეტყველმა მიირქვა. რატომ უკავშირებენ წარმართობას, მე არ მესმის. სვანეთში ამ დღეს სვიმონობასაც უწოდებენ. ლამპრობა ზოგადად მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ყველგან, სადაც ქრისტიანული ქვეყანაა, ლამპრობაც არის. რაც შეეხება მიცვალებულთა საფლავებზე ლამპრების დანთებას, ეს უკვე ადგილობრივი ტრადიციაა“, - ამბობს ქართული ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე.

ანთებული ლამპრებით ლიტანიობა თავიდან მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის იყო დამახასიათებელი. მირქმის დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელებს ფუძედ ბევრ ენაში სწორედ ლამპარი, კანდელი აქვს: ინგლისურად – Candlemas, ფრანგულად – Chandeleur (Fête des chandelles), შვედურად – KYndelsmäss dagen და სხვა.

ჯუნის ონიანის კვლევაში „ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა“ 82 წლის ტარასი ლიპარტელიანი იხსენებს (ჩაწერილია 1964 წელს):ლამპრობა ვიცოდით პირველ თებერვალს. დავჩეჩქვავდით და სხვენზე ვიმზადებდით გასახმობად ხის ნაჭრებს ბევრს. წავუკიდებდით ლამპრობა ღამეს და ვუსროულებოდით ხეებს, ხილის ხეებს და ვეძახდითსიმონ გეიღვიძე“. კარგი მოსავალობა იცისო ხილის.

ყოველ სოფელში იყო ამ ღამეს სანთლების ანთება. ბოლოს შევიკრიბებოდით მთელი სოფელი და დიდ კარგ ლხინს გადავიხდიდით. ამას რომ ორშაბათი მოჰყვებოდა, შავ ორშაბათს ვუძახდით. შევიკრიბებოდით ბავშვი და ქალი, მოხუცი და ახალგაზრდა. იყო ხტომა, ჭიდაობა, ხუმრობა“.

ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ლამპრობა არ არის ერთდღიანი რიტუალი. მას, როგორც წესი, სხვა დღესასწაულებიც მოსდევს: მაგალითად, ბავშვების ლამპრობა და კეისრობა, რომელიც სოფელ ლახირში (მულახის თემი) ტარდება. ამ დროს მონაწილეები სპეციფიკური კოსტიუმებითაც ირთვებიან.

83 წლის მთქმელი აბრამ მარგიანი ჰყვება (ჩაწერილია 1963 წელს), რომ კეისარს თხის ქურქს ჩააცმევდნენ და სოფელში სვიმონობის გადამხდელ ოჯახში შევიდოდნენ.

აქ ვიწყებთ მოციქულობას სახლში შეშვების შესახებ. სახლში მყოფნი ნებას გვაძლევენ. წინ კეისარი, იქით-აქეთ ვეზირები ახლავს და შევდივართ ასე სახლში. კერას შემოუვლით სამჯერ ირგვლივ და ვამბობთ მთავარანგელოზის სიმღერას ფერხულით

სახლში კეისარს ვეზირები აურჩევენცოლებსდა ერთ მოახლე. კეისარი ეარშიყება, კოცნის, ეხვევა და ეხუმრებაცოლებს“. კეისარი სახლში შესვლამდე ჯოხზე ლესავს სარცხვინელ ასოს /სიტყვასიტყვითდედის მოცემულს“/ და ექადნება ქალებს: ისე და ასე გიზამო. არავინ უგულისდება კეისარს. „ცოლებსიცავს კეისარი და ახლოს არავის უშვებს. ვინც მოვა ახლოს, კაცი, კეისარი ჯოხს ურტყამსამ დღეს მეტისმეტი დათრობა ვიცოდით. შევწირავდით საუკეთესო არაყს. ძლიერ თრობამ კარგი მოსავლიანი წელიწადი იცისო და ყველა სვამდა(ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა).

ბოლო წლებში ლამპრობა სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავდა. საფლავებზე თოვლში დანთებული ცეცხლი და იქვე გაშლილი სუფრა ბევრის ყურადღებას იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ლამპრობა მხოლოდ ქართული ტარდიცია არ არის, ამისთანას ყოველდღე მაინც ვერ ნახავ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG