ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა მერი რომანაძე-ცეცხლაძე თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის სამართლებრივად გარკვევას ეცდება, რისთვისაც ადვოკატის აყვანასაც გეგმავს. ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ მისი შვილი „იძულებული გახდა“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
„ჩემი შვილი იძულებული გახდა, იმიტომ რომ წინა დღით ვიღაცისთვის უთქვამს, დავიღალე, რატომ გაგძელდა ეს საქმე ასეო. დედიკოსთან მინდა წასვლაო, ეხვეწებოდა სოცმუშაკს, რომ დროზე მორჩეს ეს საქმე, რომ დედიკოსთან მინდა წასვლაო“, - ამბობს მერი რომანაძე-ცეცხლაძე.
მისი სიტყვებით, ის წლებია თურქეთში ცხოვრობს. მეუღლის გარდაცვლების შემდეგ თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქვე დაოჯახდა. ყოფილი მამამთილის მოთხოვნით შეჩერებული ჰქონდა დედობის უფლება, თუმცა შვილებთან სატელეფონო კომუნიკაციას ინარჩუნებდა. გარდაცვლილი შვილის მონათხრობის საფუძველზე იცოდა, რომ დეკემბერში მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა სექსუალური ძალადობის საქმესთან დაკავშირებით.
გარდაცვლილი მოზარდის დედა ჰყვება, რომ გოგოზე ფიზიკურად იძალადეს ოჯახის ნათესავებმაც, კერძოდ, მისი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებმა.
„როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს, ჩემი მამამთილის ძმიშვილებმა, სულ წიხლქვეშ იგორეს ჩემი შვილი. ეს ყველაფერი ჩემმა შვილმა მომიყვა. სად არის ექსპერტიზის პასუხი, გამაგებინეთ?! თბილისში ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს - ბავშვი გაუპატიურებული იყო თუ არა [ამის გასაგებად], თან ნახეს, რომ ბავშვს მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული“, - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა.
ის სამართალდამცველების მხრიდან უმოქმედობაზე სვამს აქცენტს და ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიება 2 თვის განმავლობაში იწელებოდა.
„ხო შეიძლებოდა, რომ სასწრაფოდ ეს ბიჭი დაეჭირათ და ჩემი შვილი ჩემთან გამოეგზავნათ. ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა“, - ამბობს მერი რომანაძე-ცეცხლაძე.
მისივე თქმით, მომხდარის საქმის კურსში იყო სოცმუშაკიც, რომელსაც საბუთები უნდა მოემზადებინა, რათა გოგოს თურქეთში მყოფ დედასთან წასვლა შეძლებოდა. თუმცა პროცესის გაჭიანურების გამო არც ეს გაკეთდა.
10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში.
ამ საქმეში შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების მიმართულებით თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის.
„ქალთა მოძრაობა“ 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პროკურატურის გულგრილობის გამო უწყების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს და იწყებს 100-დღიან კამპანიას, სახელწოდებით #ნინისგამო.