Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციას მანდატებთან ერთად დაუტოვეს სადეპუტატო ვალდებულებებიც


51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატები პარლამენტმა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ შეუნარჩუნა და ახლა სადეპუტატო ვალდებულებების შესრულებასაც მოითხოვს. იქმნება, ერთგვარად კომიკურიც კი, ჯადოსნური წრე - კანონი ოპოზიციონერ დეპუტატებს ავალებს და უკრძალავს გარკვეულ ქმედებებს, რომელთა იგნორირების გამოც, პარლამენტმა მათ მანდატები უნდა გაუუქმოს; ეს კი სწორედ ის არის, რაც ამ დეპუტატებმა ჯერ კიდევ დეკემბერში მოითხოვეს. თუმცა, ერთი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

დეკლარაციების შევსება

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების დიდმა ნაწილმა საჯარო სამსახურის ბიუროსგან ბოლო დღეებში მიიღო შეტყობინება, რომელიც მათ ქონებრივი დეკლარაციების შევსებას შეახსენებს. ზოგმა უკვე შეავსო, ზოგმა - ჯერ არა და არც აპირებს.

„არ შევავსებ ამ დეკლარაციას, რადგან ვალდებულად არ ვთვლი თავს. მე დავიცავდი კანონს, რა თქმა უნდა, რომ არა ის განცხადება, რომელიც მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით შევიტანეთ პარლამენტში, მაგრამ პარლამენტმა, კონსტიტუციის დარღვევით, არ დაგვიკმაყოფილა ეს განცხადებები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის („ძალა ერთობაშია“) სიით გავიდა.

ქარდავას თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტთან მას ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი აქვს და საოცარია, რომ „ქართული ოცნება“ ახლა კიდევ რაღაც ვალდებულებების დაკისრებას ცდილობს.

შეტყობინება ჯერ არ მიუღია, მაგრამ მე-10 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებული არანაირი ვალდებულების შესრულებას არ აპირებს ელენე ხოშტარია. „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი გვეუბნება, რომ - „სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, როცა ადამიანს აძალებ დეპუტატობას და შემდეგ, აკისრებ ვალდებულებებს, რომლებსაც ის არ აღიარებს“.

თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდეც მიდის.

  • „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის თანახმად, ქონებრივი დეკლარაცია თანამდებობის პირმა (ამ შემთხვევაში - დეპუტატმა) დანიშვნიდან 2 თვის ვადაში უნდა შეავსოს.
  • ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 1000 ლარით და გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
  • თუკი ამის შემდეგ 2 კვირაში ის მაინც არ შეავსებს ქონებრივ დეკლარაციას, უკვე დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად კი, ეს ყველაფერი შესაძლოა დასრულდეს ისევ ჯარიმით, ანდა „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე“. გათვალისწინებულია ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა „ვადით სამ წლამდე“.

ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევები ბოლო წლების განმავლობაში და სადამდე შეიძლება მივიდეს საბოლოოდ ეს პროცესი?

რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღო საჯარო სამსახურის ბიუროსგან - დეკლარაციების შევსებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურისგან.

კანონში არსებული ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ქონებრივი დეკლარაციის არშევსების სადამსჯელო გზას საბოლოოდ მაინც სადეპუტატო მანდატების გაუქმებამდე მივყავართ, რაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების სასურველი მიზანია და ხელს არ აძლევს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნება დიდ ძალისხმევად დაუჯდა.

ზოგმა შეავსო

ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მაგალითად - „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ქონებრივი დეკლარაცია უკვე შეავსო და ეს ჩვენთან საუბრისას, არა სასჯელის შიშით, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებით ახსნა.

უარი მაგალითად არც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელს - პაატა მანჯგალაძეს უთქვამს. დეკლარაციის შევსება-არშევსების საკითხს არც ის უკავშირებს მანდატებზე ნათქვამ უარს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პარლამენტი ყურადღებით დააკვირდება არა მხოლოდ დეკლარაციების შევსების, არამედ სხვა სადეპუტატო ვალდებულებების შესრულებასაც.

სამეწარმეო და სხვა შეუთავსებელი საქმიანობა

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატს უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან ეკრძალება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა.

დეპუტატს ეკრძალება, მაგალითად:

  • იმუშაოს თანამდებობაზე საჯარო სამსახურში ანდა ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
  • მოგების მიზნით არაერთჯერადად იყოს დასაქმებული მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების მართვაში;
  • იყოს სამეწარმეო სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი ან სხვა.

თუკი პარლამენტის წევრის სამეწარმეო საქმიანობა დადასტურდება, კანონის თანახმად, ის დაახლოებით 10 დღის ვადაში, სადეპუტატო მანდატსაც დაემშვიდობება.

პროცესზე თვალყურის დევნება და ინფორმაციის გადამოწმება ისევ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პრეროგატივაა. გურამ მაჭარაშვილს ვეკითხებით - მკაცრად გაკონტროლდება თუ არა სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვის დარღვევა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების შემთხვევაშიც?

მაჭარაშვილი გვეუბნება, რომ კომიტეტი ამ საკითხსაც სათანადოდ მიაქცევს ყურადღებას და „აბსოლუტურად ყველა დეპუტატის შემთხვევაში“, თუკი საჭირო გახდა, არც მანდატის შეწყვეტის საკითხის მომზადებას მოერიდებიან.

„პროცედურულად, რა თქმა უნდა, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ყველაფერს შევასრულებთ... უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას როცა მოითხოვდა კანონი, კი გავიტანეთ სესიაზე, მაგრამ შემდეგ ამ საკითხს არ დაუჭირა პარლამენტმა მხარი“, - გვეუბნება ის, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ უნდა გაარკვიონ სიმართლე დეკლარაციების არარსებობის შემთხვევაში.

„არავითარ სამეწარმეო საქმიანობას არ ვეწევი, სამწუხაროდ“, - იცინის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე; შემდეგ კი სერიოზულად ამატებს - „თუ უნდათ, რომ ყველაფერი ქუჩაში გადავიდეს, კი ბატონო, მიიღებენ მაშინ იმას, რასაც იმსახურებენ“.

მანჯგალაძეს თავადაც აქვს პარლამენტში და კერძოდ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუშაობის გამოცდილება და ამბობს, რომ ახლა საკანონმდებლო ორგანო უპრეცედენტოდ უჩვეულო, უხერხულ მდგომარეობაშია.

„კანონმდებლები ვერასოდეს გაითვალისწინებენ ყველა ნიუანსს, რაც შეიძლება ცხოვრებამ წარმოშვას... ვინ იფიქრებდა, რომ დეპუტატი დაწერს განცხადებას, პარლამენტი არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას და მერე კიდევ ვალდებულებების შესრულება დაეკისრება და, მაგალითად, არ ექნება სამეწარმეო საქმიანობის უფლება... კაზუისტიკაა... არასტანდარტული ვითარებაა“, - გვეუბნება პაატა მანჯგალაძე.

გაცდენები, ხელფასის დაქვითვა

არასაპატიო გაცდენებიც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტამდე მიდის.

რეგლამენტის თანახმად:

  • თუ პარლამენტის წევრი საგაზაფხულო ან საშემოდგომო სესიების განმავლობაში „არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს“, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან „10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას“, რასაც უფლებამოსილების შეწყვეტა მოჰყვება.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია 2 თებერვალს გაიხსნა და ივნისის ბოლო პარასკევს, ანუ 25 ივნისს დაიხურება.

გურამ მაჭარაშვილი გვეუბნება, რომ ამ მხრივ „სექტემბრამდე არაფერი მოხდება“, რადგან თუკი ოპოზიციონერი დეპუტატები საგაზაფხულო სესიის სხდომებს მასობრივად გააცდენენ, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საშემოდგომო სესიაზე განიხილება. თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე არ ჩქარობს და გვეუბნება ასევე - „სექტემბრამდე ჯერ არ ვიცით, რა მოხდება და როგორ მოხდება“.

კანონი პარლამენტის წევრებს გაცდენების გამო ხელფასის დაქვითვითაც ემუქრება. პარლამენტის წევრის ანაზღაურება 4624 ლარს შეადგენს.

რეგლამენტის თანახმად, მაგალითად:

  • ხელფასის 10% დაიქვითება, თუკი დეპუტატი არასაპატიო მიზეზით ხშირად გააცდენს მორიგი თუ რიგგარეშე სესიების პლენარულ სხდომებს;
  • ყოველ ჯერზე შესაძლოა 5% დაიქვითოს, თუკი პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რეგისტრაციის პროცედურებს.

გურამ მაჭარაშვილი გვეუბნება, რომ ხელფასები ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერებსაც დაექვითებათ ისევე, როგორც „ეს არაერთხელ მომხდარა უმრავლესობის დეპუტატთა შემთხვევაშიც“.

თუმცა ეს საკითხი ჩვენი რესპონდენტი ოპოზიციონერი დეპუტატებიდან არავის ადარდებს. ბაჩუკი ქარდავა მტკნარ სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ხელფასი ერიცხება. არც მას და არც, მაგალითად, ხათუნა სამნიძეს ხელფასი არასოდეს ჩარიცხვია.

ელენე ხოშტარია კი, გადმორიცხულ ხელფასს პარლამენტს უკან უბრუნებს და მისთვის სულერთია, დაიქვითება თუ არა ეს თანხა.

„მითხრეს, შეგიძლია დაწერო განცხადება, რომ ხელფასი არ გინდაო... მაგრამ ეს განცხადება მე პარლამენტის წევრის სახელით უნდა დამეწერა და ეს არ მინდოდა... შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როცა მირიცხავენ, მაშინვე უკან ვრიცხავ პარლამენტის საფინანსო განყოფილებაში“, - გვეუბნება ელენე ხოშტარია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG