Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტებმა ზაზა გახელაძის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გამართეს


სამოქალაქო აქტივისტებმა ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის 12,5-წლიანი პატიმრობის შეფარდება აქციით გააპროტესტეს. „თავისუფლება ზაზა გახელაძეს“, „რატომ აქვს საქართველოს ხმა გათიშული“, - ამ და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით უმოქმედოა.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მართვაში არაკომპეტენტურია, ქვეყნის მოქალაქეების ბედი არ აღელვებს და ზაზა გახელაძის საქმის მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენს:

„ზაზა გახელაძისათვის 12-წლიანი პატიმრობის შეფარდების ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის არაკომპეტენტური და მოქალაქეების ბედი არ აღელვებს. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის რისკის ქვეშ, საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს არც ერთ საერთაშორისო ბერკეტს და ვხედავთ შედეგებს, რომელიც გვაქვს სახეზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საკმარისს ვერ აკეთებს იმისთვის, რათა თავისი მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმისგან დაიცვას.

აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის მოხდა შელაპარაკებაც, რა დროსაც პოლიციამ ერთ-ერთი პირის დაკავება სცადა, თუმცა მას ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

XS
SM
MD
LG