საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური(სუს) აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით კეთდება ყველაფერი უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.
დე ფაქტო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით პატიმრობის მისჯის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში სუს-ი წერს, რომ „ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“.
სუს-ის თანახმად, დღევანდელ „უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და მისი უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, ეს საკითხი წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს და ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.
საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.
საქართველოს ხელისუფლება ზაზა გახელაძის დაკავების შემდეგ მუდმივად აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს უკანონო პატიმრის გასათავისუფლებლად. ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი არაერთხელ დააყენეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, რომლებიც ევროკავშირს, ეუთოს და გაეროს წარმოადგენენ. ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი დადგა ეუთოს საბჭოს წინაშეც, თუმცა ჯერჯერობით ერთადერთი შედეგი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს დღევანდელი განაჩენია.