Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა ამბობს, რომ რესტორნების გახსნას "მკაცრი რეაქცია მოჰყვება"


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სარესტორნო ბიზნეს, რომელიც შეზღუდვების მიუხედავად გახსნას აპირებს, აფრთხილებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია... ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - აცხადებს თურნავა.

გუშინ, 2 თებერვალს სარესტორნო ბიზნესმა პროტესტის განსხვავებული ფორმა დააანონსა. 200-მდე რესტორანი გეგმავს პროტესტის ნიშნად მუშაობა 6 თებერვლიდან განაახლონ.

2 თვეა, 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს მასშტაბით რესტორნებს შეუძლიათ მხოლოდ "გატანის სერვისით" მუშაობა, ადგილზე სტუმრის გამასპინძლება კი 10 000 ლარით ისჯება. 1 თებერვლიდან (შაბათ-კვირის გარდა) სტუმრების ღია სივრცეში გამასპინძლების უფლება მიეცა ბათუმის რესტორნებს.

სარესტორნო ბიზნესი აცხადებს, რომ ახლა უკვე გადარჩენისთვის იბრძვიან და მზად არიან რეგულაციების პირობებში, წესების დაცვით იმუშაონ. ამ მოთხოვნით მათ აქცია შაბათს მთავრობის კანცელარიასთანაც გამართეს, თუმცა არაფერი შეცვლილა. მათ ამ დრომდე არ იციან, როდის მიეცემათ მუშაობის უფლება.

XS
SM
MD
LG