უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მიიჩნევენ, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობამ“ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას გზა ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საუბარია იმ ერთობლივ წერილში, რომელიც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაუგზავნეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ერთობლივი წერილის შინაარსი 2 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ასოცირებული პარტნიორების საერთო გზავნილი იყო და არის - რომ აღმოსავლეთის პარტნიორობამ ყველაზე მეტად დაინტერესებულ და ერთგულ პარტნიორებს თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები უნდა გაუხსნას, რაც მათ ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისდა აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით, პარტნიორობა უკეთესად უნდა მოერგოს ყველა პარტნიორის ახალ რეალობებსა და საჭიროებებს“, - ნათქვამია ერთობლივ წერილში.
მასში ხაზგასმულია ასევე ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, აღნიშნული ერთობლივი მიმართვა ემსახურება ახალი, სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვის შექმნას, რომელიც ასოცირებული პარტნიორებისთვის მხარდამჭერი გზავნილი იქნება, ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას და ევროკავშირის ტრანსფორმაციული როლის განმტკიცებას რეგიონში.
ევროკომისიამ 2008 წლის 3 დეკემბერს, გამოაქვეყნა კომუნიკე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შესახებ, რომელიც 2009 წლის 19 მარტს დამტკიცდა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ხელშეწყობას, მიაღწიონ ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილეები არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი.
ყველაზე პოპულარული
1