Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აღარ იკრძალება ბათუმში?


2020 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონი მასშტაბური ეპიდაფეთქების და მკაცრი კარანტინის ზონად იქცა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოს მასშტაბით, ნოემბრის ბოლოდან მოქმედი შეზღუდვები, 2021 წლის 1 თებერვლიდან ყველაზე მეტად აჭარაში შემსუბუქდა.

მუნიციპალური ტრანსპორტის, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების გახსნის და სკოლებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების გარდა, ნებადართული გახდა სტუმრების მიღება კაფეების და რესტორნების ღია სივრცეებში. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ტესტირებულთა საერთო რაოდენობის 4%-ს აღარ აჭარბებს.

1. ბათუმის სკოლებში მოსწავლეები დილიდან დაუბრუნდნენ. 27 საჯარო და 14 კერძო სკოლაში მერხებს პირველად მიუსხდნენ პირველკლასელები, რომლებიც მანამდე სხვა კლასების მსგავსად, დისტანციურად სწავლობდნენ. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს კლასებში გამოცხადდა მოსწავლეთა 70%.

2. ბათუმში მუშაობა გაანახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. მუნიციპალური ავტობუსები მხოლოდ უქმე დღეებში იმოძრავებენ დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე.

3. ბათუმში კაფეების ნაწილმა ისევ დაიწყო ღია სივრცეებში სტუმრების მიღება.

4. ბათუმის კაფეების ნაწილს ღია სივრცე ჯერჯერობით არ გაუხსნია და ისევ მიტანის სერვისით მუშაობს.

5. ბათუმში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა.

6. ბათუმში ჯერჯერობით ისევ დაკეტილია დახურული ბაზრობები. მათი გახსნის მოთხოვნით, დღეს აქცია გამართეს „უნივერსამის“ სახელით ცნობილი ბაზრობის მოვაჭრეებმა.

დანარჩენი საქართველოს მსგავსად, ბათუმში ისევ აკრძალულია ქვეითად და ავტოტრანსპორტით გადაადგილება საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე.

XS
SM
MD
LG