Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადარჩენილი ხსოვნა


“შოა” (“SHOAH”, 1985, საფრანგეთი, რეჟისორი კლოდ ლანცმანი)

27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, წინასწარ გავითავისუფლე საღამო (და ღამე) კლოდ ლანცმანის 9-საათიანი შედევრის, “შოას”, ხელმეორედ სანახავად. ესაა ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ფილმი კინოხელოვნების ისტორიაში, საერთოდ - მეოცე საუკუნის კულტურის ისტორიაში.

“შოა” პირველად 1994 წელს პარიზში, ლათინური კვარტალის ერთ პატარა კინოთეატრში ვნახე. სეანსი მთელი დღე გრძელდებოდა. ჩემმა მეგობარმა ქალმა, რომელსაც ბებია და ბაბუა საკონცენტრაციო ბანაკში დაეღუპა, სეანსის დროს იმ ეპიზოდში, როცა ლანცმანის ერთი “გმირი”, ფილიპ მიულერი, გაზის კამერებზე ჰყვება, გადმომიჩურჩულა, მომეჩვენა, რომ დარბაზში ბავშვები ტიროდნენო.

ასეთი ჰიპნოზური ზემოქმედება აქვს “შოას”.

ფილმის პრემიერის შემდეგ (“შოა” ჯერ ტელევიზიით უჩვენეს და მხოლოდ შემდეგ გამოუშვეს ეკრანებზე) პარიზსა და ბორდოში სეანსის დროს სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდათ - “შოას” ყველა ვერ უძლებს. და არა იმიტომ, რომ 9 საათი გრძელდება (მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მთლიანად ინტერვიუებზეა აწყობილი, გარწმუნებთ, “შოაში” ერთი ცარიელი ადგილი, ერთი ზედმეტი კადრი არ არის). ვერ უძლებს, რადგან ადამიანს არ უნდა დაიჯეროს ის, რასაც აქ უსმენს და უყურებს. არა, უფრო უსმენს... უყურებს ძირითადად მხოლოდ იმას, ვინც ამ შემზარავ ისტორიას ჰყვება. ეს “სანახაობა” არაა. ესაა ზედმეტისგან გაწმენდილი რეალობა. და, შესაძლებელია, სწორედ ამიტომ ზემოქმედებს ასე. დაახლოებით, იცით, რას ჰგავს? სარკე რომ მოგვიტანოს ვინმემ და იმ სარკეში ჩვენი სახე, ოღონდ შემზარავი, ბოროტი, მახინჯი სახე დავინახოთ. შეგვეშინდება, ცხადია. ცუდად გავხდებით, მით უმეტეს, თუკი აქამდე არ გვჯეროდა, რომ იმან, ვისაც ჩვენსავით “ადამიანი” ჰქვია, შეიძლება ჩაიდინოს ყოველგვარ ზღვარს გადასული ბოროტება, დეტალურად აღწერილი კლოდ ლანცმანის ფილმში.

შეიძლება გაბრაზდეთ კიდეც ავტორზე, ჩათვალოთ, რომ “შოა” თქვენი მანიპულაციაა, თქვენს ნერვებზე თამაში. ანდა შეიძლება არაეთიკურად მიიჩნიოთ ლანცმანის ეს დაკითხვები. მაგალითად, ფილმის ავტორმა ნიუ-იორკში მიაგნო დალაქს, რომელიც “სიკვდილის ბანაკებში” კრეჭდა ქალებს, სანამ მათ გაზის კამერებში შეაგდებდნენ. დალაქი დათანხმდა ინტერვიუზე, შემდეგ გადაიფიქრა. ნიუ-იორკიდან ისრაელში გაემგზავრა. ლანცმანმა მაინც იპოვა. ახლა რეჟისორი ეხვეწება გაიხსენოს წარსული. ფაქტობრივად, ძალადობს მასზე. დალაქი წინააღმდეგობას უწევს. არ შეუძლია... თითქოს უნდა საუბარი, მაგრამ გახსენების ეშინია. ამ შიშის გადალახვაზეა აგებული კლოდ ლანცმანის ფილმი. არა, ის არ მანიპულირებს. ის გვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ ადამიანური ისტორია ყოველთვის არ არის “ერთი მხრივ” და “მეორე მხრივ”, რომ ჰოლოკოსტს, მართლაც, არა აქვს “მაგრამ”, რომ აბსოლუტური ბოროტება არსებობს. და ეს რაღაც “დოკუმენტური კინოს ეთიკის დარღვევა”, პოლიტკორექტული კულტურის დოგმების გადალახვა (როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, “ენჯეოშნიკური მორალი”) არაფერია იმ ბოროტებასთან შედარებით, რასაც ჰოლოკოსტი ჰქვია. არაფერია ხსოვნის დაკარგვასთან შედარებით.

“შოა” არის ფილმი, რომელიც გვიბრუნებს ხსოვნას. გადაარჩენს ხსოვნას.

ის ჩემი პარიზელი მეგობარი ებრაელია. ჰოლოკოსტს ისე განიცდის, რომ აგერ 60-ს გადასცილდა, მაგრამ გერმანიაში წასვლის ეშინია. “შოაზე” სანამ დამპატიჟებდა, მითხრა, აი, რამდენი ფილმია გადაღებული ამ თემაზე, ვერავინ შეძლო დაედო ჰოლოკოსტის ასეთი ზუსტი დოკუმენტი, როგორიც დადო ლანცმანმაო. კი, ასეა. გვინახავს საკონცენტრაციო ბანაკები დოკუმენტურ ფილმებში. მაგრამ ნაცისტები არა მარტო ბუხენვალდის და დახაუს ბანაკებს, არამედ ე.წ. “სიკვდილის ბანაკებსაც” აშენებდნენ (ძირითადად პოლონეთში).. აქ ყველაზე სასტიკად უსწორდებოდნენ ტყვეებს. არ აჩერებდნენ. მიჰყავდათ და რამდენიმე საათში კლავდნენ. კვალს კი ანადგურებდნენ.

“გადაჭარბებულია ეს ისტორიები ჰოლოკოსტზე. აბა, სადაა სიკვდილის ბანაკების ფოტოები, კადრები?” - სრულიად სერიოზულ ხალხსაც უთქვამს... მაგრამ ფოტოები და კადრები რად გვინდა? აგერ, ცოცხალი ადამიანები არიან “შოას” გმირები. შეხედეთ ამ სახეებს, კარგად დააკვირდით მათ მზერას, მათი თხრობის მანერას, პაუზებს სიტყვებს შორის. განა შეიძლება ვინმეს ეჭვი შეეპაროს, რომ ისინი სიმართლეს გვიყვებიან.? აღმოჩნდა, რომ ეს “ზეპირი ისტორიები” ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე კადრები, ფოტოები, ნივთები. აღმოჩნდა, რომ კამერას შეუძლია ჩახედოს ადამიანს თვალებში, ცოტა “აწამოს” კიდეც (როგორც ამ დალაქს ექცევა), აიძულოს დაგვანახვოს დამალული, განადგურებული ისტორია - ადამიანური ბოროტების ისტორია. ესაა სწორედ კლოდ ლანცმანის “შოა” - ვუსმენთ ნაცისტების ბანაკების ზონდერებს, გადარჩენილ ტყვეებს, ასევე პოლონელ გლეხებს, რომლებიც შორიდან ადევნებდნენ თვალს, როგორ აგროვებდნენ ნაცისტები ტყვეთა გვამებს და მერე ერთიანად წვავდნენ, ანდა ტბაში ყრიდნენ... ვუსმენთ ამ ადამიანებს და ნელ-ნელა, ფილმის მსვლელობის პროცესში ვხედავთ არა იმდენად მთხრობელს, რამდენადაც იმას, რასაც მთხრობელი ჰყვება. ჩვენ უკვე თავად წარმოვიდგენთ ამ აბსოლუტური ბოროტების დამალულ სურათს, ჩვენ, შეიძლება ითქვას, გაგვახსენდება ის, რაც სინამდვილეში არ გადაგვხდენია, არ შეგვხებია. თითქოს, სადღაც ნანახი გვაქვს ეს სურათები. კოშმარულ სიზმარში? ნეტავი, სად?

კინო ფიზიკური რეალობის რეაბილიტაციააო, გვითხრეს ერთხელ. დოკუმენტური კინო წარსულს დოკუმენტურ ფაქტებში ინახავსო, ესეც გვითხრეს. მაგრამ ხსოვნის შესანახად აღმოჩნდა, რომ ეს არაა საკმარისი. აგერ, ფაქტებს ანადგურებდნენ. აგერ, ისიც გაირკვა, რომ კამერას შეუძლია, უბრალოდ, რაკურსის შეცვლით “გაალამაზოს” რეალური ფაქტი (ანდა დაამახინჯოს, თუ ეს სჭირდება იმას, ვინც კამერის მიღმა დგას). მერე ტელევიზია გაჩნდა. ინტერნეტი. ძალადობის ფაქტები, ტერორიზმის ფაქტები ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ყოფის ნაწილი გახდა. ვხედავთ, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად გვაღელვებს. ვუყურებთ, მაგრამ თან ჩაის ვსვამთ და ტელეფონით ვლაპარაკობთ. ის, რასაც “აბსოლუტური ბოროტება” ჰქვია, ნელ-ნელა იქცევა შოუდ... ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ეს ყველაფერი ბობ ფოსმა.. მისი “კაბარე” 1972 წელსაა გადაღებული. კლოდ ლანცმანს, მილიონობით ებრაელს, რომელთა ნათესავები გაზის კამერებში აწამეს, იმ ჩემს მეგობარს, გერმანიაში წასვლის რომ ეშინია და ვაგნერის მუსიკის გაგონებაზე ტანზე აყრის, ასეთი შოუები, ასეთი გულგრილობა შეურაცხყოფს. მათ ის სტკივათ, რომ ჩვენ არ გვტკივა. აღარ გვტკივა. ამიტომაცაა “შოას” ავტორის სურვილი ისე ჩაგვრთოს დანაშაულის ისტორიაში, რომ, თუნდაც, მოგვეჩვენოს ბავშვის ტირილი სადღაც აქვე, ჩვენს გვერდით.

მოგვეჩვენოს, რათა გვერდზე გავიხედოთ და დავრწმუნდეთ, რომ აბსოლუტური ბოროტება არსებობს, ისევე როგორც არსებობს აბსოლუტური სიკეთე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG