Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამას გამართლება არა აქვს“ - სააკაშვილმა შეაფასა ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში უპასუხა ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის გაადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას. ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

„ამ სიტუაციაში ხალხს, რომელიც იხრჩობა ვალებით, უმუშევრობით და ყველაფრით, ჩვენი ეს ელიტური ცნებები, მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არ აღელვებთ“, - ამბობს სააკაშვილი.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველოს უმიშვნელოვანესი ნაწილი აქვს ოკუპირებული რუსეთს. „მე მაქვს გული გახეთქვაზე, იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ ჩემი ოჯახის ნაწილი წარმოშობით არის აფხაზეთიდან, ეშერიდან. ვისაც არ ახსოვს, ეშერა ეს არის სოხუმის გარეუბანი, პრაქტიკულად. სოხუმი ჩემთვის არის ჩემი სამშობლო. ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანუკვარი ნაწილი, ქართული იერუსალიმი. სოხუმი არის ჩემთვის ქართული იერუსალიმი, პრაქტიკულად. ქართული იერუსალიმი აქვს ოკუპირებული რუსეთს“, - თქვა მიხეილ საკაშვილმა.

შესავლის შემდეგ მან უშუალოდ ნინო ანანიაშვილის ნაბიჯი შეაფასა: „როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებული გერმანიას, ედიტ პიაფს, რომ ეთქვა: „მივდივარ ახლა ბერლინში, ბერლინის კაბარეებში უნდა გამოვიდე, უნდა გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა, ომი კი გვქონდა, შემოვიდნენ მაგრამ...“ მე ახლა არ ვადარებ ნამდვილად... იმიტომ, რომ ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა, პრაქტიკულად. მე არასდროს არ დამავიწყდება მისი, მაგალითად, გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ-იორკში, სადაც 50 წუთი ფეხზე ამდგარი უკრავდა ხალხი ტაშს, მაგრამ ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ... ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ, მომწონს-თქო... ამას გამართლება არა აქვს. გული მისკდება ახლა, რომ ვუყურებ, როგორ იწვის გალში ჩვენი სახლები, გული გახეთქვაზე მაქვს, მართლა“.

ნინო ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

„მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქნდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ", - ამბობს ნინო ანანიაშვილი.

XS
SM
MD
LG