პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების შესვლა პარტიის მიერ „ორი კურდღლის დაჭერის“ მცდელობაა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარით პარტიის წევრები, ერთი მხრივ, მხარს უბამენ გაყალბებული არჩევნების მიმართ ოპოზიციის პროტესტს, მეორე მხრივ კი, ასრულებენ პარტნიორების ვალდებულებებს. პარტნიორებიდან პოლიტოლოგი ასახელებს „ქართულ ოცნებას“, პარტიის დამფინანსებლებს, მათ შორის შესაძლოა „ჩრდილოეთიდან“ და ადამიანებს, რომლებმაც კონკრეტული საარჩევნო კამპანია დააფინანსეს და პარლამენტში შევიდნენ. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ეს უკანასკნელები საქართველოს პარლამენტში თავიანთი ბიზნესინტერესების კარნახით შევიდნენ:
„ვინც შევიდა პარლამენტში, მათ არაფერი საერთო პოლიტიკასთან არა აქვთ, ეს მათივე სიტყვებია. არანაირი ინტერესი პოლიტიკური მათ არა აქვთ. მათი ერთადერთი ინტერესი, ისევე როგორც ბიზნესის წრეებიდან შესული უმრავლესი დეპუტატებისა, არა მხოლოდ ამ პარტიიდან, არის საკუთარი ბიზნესის გაუმჯობესების მცდელობა ხელისუფლებასთან გარიგების ხარჯზე. და ბუნებრივია, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც არანაირი პოლიტიკური ამბიცია არა აქვთ, რომ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში, არანაირი სურვილი არა აქვთ შეცვალონ რამე ქვეყნის სასიკეთოდ ან მათი ამომრჩევლის სასიკეთოდ, აქვთ ძალიან კონკრეტული ინტერესი, გაიუმჯობესონ საკუთარი ბიზნესმდგომარეობა, ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად. რა მიზნითაც იყვნენ მოკლედ "პატრიოტთა ალიანსის" სიაში, იმ მიზნით გადაბარგდნენ ამ შემთხვევაში პარლამენტში“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ. მისი თქმით, ეს გარემოება არის დამატებითი არგუმენტი იმის სათქმელად, რომ პარლამენტი ერთპარტიულად რჩება და „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატები „ქართული ოცნების“ დამატებას წარმოადგენენ.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, ცესკოს ოფიციალური შედეგებით, „პატრიოტთა ალიანსის“ 4 წევრი მოხვდა, თუმცა ირმა ინაშვილმა, გიორგი ლორიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატებზე უარი თქვეს. მათი ადგილი კი პარტიული სიის მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრებმა, ბიზნესმენებმა ზაზა (გელა) მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა დაიკავეს.
როგორც ფრიდონ ინჯია ამბობს, იგეგმება ახალი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ შექმნა.