Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მივიდეთ გაზაფხულამდე კოვიდის გარეშე - 9 რჩევა 


წინ შობა და ძველით ახალი წელია, ასევე დაბადების დღეები და სხვა წვეულებები, რომლებიც ალაგ-ალაგ მაინც იმართება. როგორ მივაღწიოთ გაზაფხულამდე ისე, რომ კორონას გადავურჩეთ?

დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი თავყრილობა, რაც უნდა მცირემასშტაბიანი იყოს, მაინც სახიფათოა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჰაერში ვირუსის ახალი შტამი ტრიალებს და ძველზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. მაგრამ თუ წვეულებაზე დასწრება გარდაუვალია, მაშინ გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

კიდევ ერთხელ დაფიქრდით

მართლაც, თუნდაც უკვე კართან იდგეთ, დაფიქრდით, ნამდვილად აუცილებელია ამ წვეულებაზე წასვლა? ღირს რისკად? ყოველთვის შეიძლება შემობრუნება და ათასი სხვა უსაფრთხო გასართობის მოფიქრება.

გადაამოწმეთ საკუთარი ჯანმრთელობა

თუ თავს სულ ოდნავ მაინც ცუდად გრძნობთ, სხვებს მოერიდეთ, განსაკუთრებით, თუ კოვიდ-19-ის რომელიმე სიმპტომი გაქვთ: სიცხე, ხველა, სუნთქვის გაძნელება...

ნიღაბი ყველას სჭირდება, იორიკსაც კი

ატარეთ ნიღაბი, მეორე თან წაიღეთ და გამოიცვალეთ. თუ სტუმრებს ელოდებით, ახალი სამედიცინო ნიღბები სახლშიც იქონიეთ, შესაძლოა ვინმეს არ ეკეთოს. შესთავაზეთ, როგორც კი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ.

იგრძენით თავი... მუზეუმში

წარმოიდგინეთ, რომ მუზეუმში დადიხართ, სადაც ხელით არაფერს არ უნდა შეეხოთ. ორი მეტრით უკან, აი, ამ დისტანციიდან ათვალიერებენ ფერწერულ ტილოებს. იფიქრეთ, რომ წვეულებაზე თქვენთან მოსული სტუმარიც ჯოკონდას პორტრეტია, თქვენი სახლი კი - ლუვრი.

ჯობს გარეთ, ვიდრე არასდროს

გარეთ შეიძლება ციოდეს, მაგრამ წვეულების გამართვა მაინც იქ ჯობს. თუ მაინც სახლში გადაწყვიტეთ სუფრის გაშლა, ოთახს კი ერთადერთი ფანჯარა აქვს, დადგით ვენტილატორი ღია ფანჯარასთან, ის ჰაერს აამოძრავებს და სივრცეც მეტ-ნაკლებად განიავდება.

მეტი მაგიდა

სუფრასთან ისე უნდა გადანაწილდეთ, თითქოს ერთმანეთს არ ელაპარაკებით. ჯობს ორი-სამი ერთმანეთისგან დაშორებული მაგიდა ჩადგათ. თითოეულ ამ მაგიდასთან ის ხალხი დასხით, ვინც ერთ ოჯახს, ერთ საახლობლოს მიეკუთვნება.

გამორთეთ მუსიკა

ასე ერთმანეთს შორი მანძილიდანაც გააგონებთ და არც ნიღბის მოხსნა დაგჭირდებათ.

არ გამოიყენოთ საერთო ჭურჭელი

კოვზი და დანა, რომელიც კერძთან დევს, უსაფრთხო არ არის, გადმოიღეთ კერძი თქვენი სუფთა დანა-ჩანგლით, ან სთხოვეთ მასპინძელს, თავად გადმოუღოს ყველას.

დროზე დაიშალეთ

თუ დიდხანს დარჩებით და ბევრს დალევთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოდუნდებით. დაიშალეთ, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიტუაცია აკონტროლოთ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG