Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოვხვდეთ საახალწლოდ სოფელში - ტაქსი ტრაფარეტის გარეშე  


ახალი წლის რეგიონში გატარება 2020 წელს არც ისე იოლი და იაფი ამოცანაა, თუ ავტომობილი არ გყავთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ტაქსი ძვირი ღირს, თუმცა ნახევრად არალეგალური გზით თბილისიდან გაღწევა მაინც შესაძლებელია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, თუმცა აკრძალვა არ ეხება მსუბუქ ავტომობილებს (ამ კატეგორიას მიეკუთვნება ე.წ. „მინივერებიც“), ანუ ტაქსებს მოძრაობა შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ სამ ადამიანს (მძღოლის ჩათვლით). ამ წესის დარღვევის შემთხვევაში 2 ათასი ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული.

მხოლოდ თბილისში 24 ავტოსადგურია, აქედან ყველაზე დიდი - დიდუბის. შპს „ოკრიბას“ ხელმძღვანელი ზურა ყვავაძე ამბობს, რომ საახალწლოდ დიდუბიდან დღეში 400 რეისი მაინც გადიოდა.

ახლა თუკი დიდუბის ან ნავთლუღის სადგურებში იკითხავ რეგიონში როგორ უნდა გაემგზავრო, თავდაპირველად ტაქსიზე მიგითითებენ, მაგრამ შემდეგ შესაძლოა ტრანსპორტის სხვა სახეობაზეც მორიგდეთ. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი დიდუბეში მძღოლებს დაელაპარაკა როგორც რიგითი მოქალაქე, რომელსაც საახალწლოდ დასავლეთ საქართველოში წასვლა სურდა.

- ტაქსიშიც და მინივერშიც 4 კაცზე მეტს ვერ ჩასვამენ. სად გინდა წასვლა?

- ქუთაისში.

- ქუთაისში კაცი 40 ლარი ღირს.

- ოთხი კაცი ცოტაა, ექვსნი ვართ.

- ყველანი ერთი ოჯახის წევრები?

-კი, ყველა.

- მოდი, აბა, - მამაკაცი ვიღაცას ეძახის, ისიც მაშინვე მოდის, - ექვსნი არიან, ხვალ დილით უნდათ ქუთაისში წასვლა, გაუარე სახლში და წაიყვანე.

- 200 ლარი! - ამბობს ახალმოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ „მინივერით“ მგზავრობა ტაქსიზე 40 ლარით იაფი დაჯდება.

- მერე ექვსნი რომ ვიქნებით, პატრული გზაში არ გადმოგვყრის?

- არა.

- რა იცით?

- მე ვარ პასუხისმგებელი.

დიდუბესთან შედარებით, ნავთლუღში სიხალვათეა. „მინივერებით“ მომსახურებაზე ამბობენ, რომ „ბევრის ჩასმა აკრძალულია“, მაგრამ, მეორე მხრივ, „ტრაფარეტს მოხსნის და წავა“.

- მე „მინივერი“ არ მყავს, ტაქსი მყავს. რამდენი ხართ?

- შვიდნი.

- აუფ! ორი მანქანა დაგჭირდებათ. სად მიდიხართ?

- სიღნაღში. ერთი ოჯახის წევრები უნდა ვიყოთ?

- 120 ლარია სიღნაღი, ესეც კარგ ფასს გეუბნები. თქვენ ვინც გინდათ, ის იყავით. ჩემი მანქანა ხუთკაციანია. თუ გინდათ, ექვსნი ჩაჯექით.

- მერე პატრული?

- არ იქნება პრობლემა, მე ვარ „ატვეჩაი“.

რეგულაციების მიხედვით, შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებს ეხება. ჩვეულებრივ, „ოჯახის“ მანქანაში მგზავრების რაოდენობა შეზღუდული არაა.

თბილისში ადვილია გარჩევა, რომელი მანქანაა ტაქსი და რომელი - არა, რადგან თბილისში ტაქსები ლიცენზირებულია. საქალაქთაშორისო ტაქსები ლიცენზირებული არ არის, ამიტომ ტრაფარეტს თუ მოხსნის და ხალხს ჩაისვამს, სამზე მეტს, პატრულს ძალიან გაუჭირდება იმის დადგენა, მძღოლი ტაქსისტია თუ არა“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკო სიმონიშვილი.

სამთავრობო დადგენილების ეს ხარვეზი, ერთი მხრივ, უსამსახუროდ დარჩენილ მძღოლებს, მეორე მხრივ კი, უმანქანო მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ურთიერთმომგებიანი შეთანხმება დადონ და შეზღუდვებს გვერდი დაუსჯელად აუარონ.

ამ დადგეილების ლოგიკა, ალბათ, ის იყო, რომ ოჯახის წევრებს ერთად მგზავრობა შეძლებოდათ, მაგრამ გამოვიდა, რომ სხვების გადაყვანაც შეიძლება“, - ამბობს ნიკო სიმონიშვილი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG