საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა.
ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღევანდელ სხდომაზე მსჯელობს ელექტროენერგიის ახალი ტარიფის დადგენაზე.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.
გახარიას თქმით, საქართველოში 1 700 000 აბონენტია და მათგან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95%-ს: "ჩვენ ამას ვაკეთებთ პირველ რიგში, იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს და მათ ოჯახებს ექნებათ კიდევ სხვა, სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები. ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე დამატებით გამოწვევად არ გახდეს".
რაც შეეხება კერძო კომპანიებს, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა 50%-ით დასუბსიდირდება მათთვის, ვინც ადგილობრივი წარმოების საკვებ პროდუქტს უშვებს: "ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვებ პროდუქტებზე, საბოლოო ფასში არ აისახება“.
გარდა ამისა, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის ტარიფის მოსალოდნელი ზრდის გამო, სახელმწიფო სუბსიდირებას გაუწევს სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
საბოლოოდ რა თანხა გამოიყოფა სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს გაირკვევა მარეგულირებელი კომისიის მიერ ახალი ტარიფების დადგენის შემდეგ და შესაბამისად, აისახება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს.