შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს 1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები, ნახევარ კილომდე "ალფა პვპ," ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.