13 იარუსზე განლაგებული 600-ზე მეტი სენაკი, ეკლესიები, გვირაბები, სათავსოები... ეს არის ვარძია, რომელსაც დღეს ვხედავთ, მაგრამ მისი თავდაპირველი სახე სრულიად განსხვავებული იყო. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ, რომელიც 1283 წელს მოხდა, ვარძიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოანგრია. მაშინ კომპლექსი სულ რამდენიმე ათეული წლის აშენებული იყო. გვაქვს თუ არა ცნობები ვარძიის თავდაპირველ იერსახეზე? - რადიო თავისუფლება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს გურამ ყიფიანს ესაუბრა.
- ჩვენ ვიცით, რომ ვარძიის მშენებლობის დასრულებიდან მალევე მოხდა მიწისძვრა, რომელმაც მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია. რა იყო მანამდე?
- სულ თავიდან ვარძია გამოქვაბულები იყო. ეს გამოქვაბულები გიორგისაც დახვდა და თამარსაც. შემდეგ მათ სხვადასხვანაირად გაიაზრეს, რაში გამოეყენებინათ ეს სივრცე - ერთმა მასში მზამზარეული ყაზარმები დაინახა, მეორე კი, თამარი, უფრო შორს წავიდა და გადაწყვიტა, იქ რელიგიური ცენტრიც შეექმნა. მაგრამ ვარძია თავიდან რა იყო, ამაზე არავინ არაფერს ამბობს. ვარძიის გამოქვაბულების მორფოლოგიას თუ შეხედავთ, ის კლდოვანი სამარხია. ის არავითარ შემთხვევაში საცხოვრებელი კომპლექსი არ იქნებოდა.
- ეს, სავარაუდოდ, გიორგი მესამემდე?
- რა თქმა უნდა. ვარძია ერთბაშად არ შექმნილა. რომ დავთვალოთ კუბატურა, რაც ამ გამოქვაბულების გამოკვეთისას გარეთ არის გამოტანილი, თუნდაც მხოლოდ იმის, რაც დღეს არის შემორჩენილი, მიკერინის პირამიდის ტოლი (ფართობი 260 ათასი კუბური მეტრი) მასა გამოდის. შუა საუკუნეების ფეოდალს ასეთი რამის გაკეთება არ შეეძლო არც ერთი მეფობის დროს და არც - ორის. ეს დაგროვებით შექმნილი სისტემაა, სადაც დიდგვაროვნები იმარხებოდნენ.
- ვარძიაში ბუნებრივი გამოქვაბულები საერთოდ არ გვხვდება?
-არც ერთი! არც ვარძიაში, არც უფლისციხეში, არც გრაკალის ქვაბებში და არც დავით გარეჯში.
- ნამარხები არ აღმოჩენილა?
- ეს სამარხები ძალიან ადრე გაიძარცვა. საერთოდ, კლდოვანი სამარხის ინვენტარი დედამიწაზე ძალიან ცოტა ადგილას არის მიკვლეული. ძალიან მარტივად იძარცვებოდა.
- ქვაბულებში დამარხვის ტრადიცია უფრო აღმოსავლეთის ქვეყნებშია, გამომდინარე კლიმატიდან. სამცხე-ჯავახეთში რატომ უნდა გამხდარიყო საჭირო ადამიანის დასამარხად გამოქვაბულის გამოთხრა?
- ძველი სამყაროს წარმოდგენით, სხეული (მატერია) სიბინძურეა, რითაც მიწა არ უნდა დანაგვიანდეს, ამიტომ იქმნებოდა აკლდამები და კლდოვანი სამარხები.
- ვარძიის გამოქვაბულები თავდაპირველადაც ღია იყო?
- ღია, მაგრამ ყველა დაფარული იყო პორტკულისით, ვერტიკალურად ჩასადგამი კლდოვანი კარით, რომელიც შესაძლოა არც ჩანდა.
- გიორგი მესამე იწყებს ვარძიის ახლად შენებას, თამარი აგრძელებს. რამე თუ ვიცით ვარძიის პირვანდელ სახეზე, სანამ მას მიწისძვრა დაანგრევდა?
- ვარძიამ სულ 30 წელი იარსება პირვანდელი სახით, შემდეგ მიწისძვრამ დიაგონალურად ჩამოაქცია. თავიდან როგორი იყო, არ ვიცით და არც გვეცოდინება, რადგან ქართული საისტორიო წყაროები ამ კუთხით ძალიან მწირია. თუმცა, არის შემორჩენილი ასეთი რამ, რომ ვიღაც ლეგენდარული ალექსანდრე მაკედონელი (ოღონდ ეს დიდი ალექსანდრე მაკედონელი არ არის) შემოვიდა ქართლში და ოთხი ქალაქი ნახა: სარკინე ქალაქი და მისი ციხე დიდე, უფლისციხე კასპისაისა, ოძრახისაი და უბნისისაი. ეს ნიშნავს, რომ ამ სამ ქალაქს თავ-თავისი უფლისციხეები ჰქონდა. ციხე ძველ ქართულში იგივეა, რაც დიხა, თიხა და საფლავს ნიშნავს. უფალი ამ შემთხვევაში არის გარდაცვლილი და გაღმერთებული დინასტი, ციხე კი - მისი საფლავი. ვარძია, ჩემი აზრით, არის ციხე ოძრახისაი. რაც შეეხება ოძრახეს, ჩვენ ძალიან ჩამორჩენილები ვართ ძველი ქალაქების ლოკალიზაციის კუთხით. არ ვიცით, სად არის ოძრახე.
- ისტორიულ წყაროებში ვარძიაზე რამე ცნობები გვაქვს? კერძოდ, მის გარეგნულ სახეზე.
- არა, მიწისძვრამ რა ჩამოანგრია, ამის წარმოდგენა ახლა არავის შეუძლია. წირი (ქვიშაქვის მასივი) ძალიან ადვილად იშლება და ქვიშად იქცევა. ეს ჩამოქცეული მასა ახლა ვარძიის ძირში ყრია და აღარ შეიმჩნევა - მიწაა ზედ, ბალახი და ბილიკები. ვარძიას სხვა პრობლემაც აქვს. გამოქვაბულები გამოკვეთილია ქვიშაქვის მასივში, ზემოდან კი ვულკანური ამონამსხვრევების მასივი ადევს, ქვემოთაც იგივე მასაა. ვარძია რომ დავიცვათ, ჩემი აზრით, საჭიროა ზევითა მასა გამაგრდეს, რომ ის გამოქვაბულებს აღარ დააწვეს, ამ მასის გამაგრება კი ურთულესი ამოცანაა და მილიონებს მოითხოვს.
- ახლა რა მდგომარეობაშია ვარძია?
- კარგ მდგომარეობაშია. კარგში როგორ, ზოგადად კლდოვან ძეგლებს ვერავინ ამაგრებს მსოფლიოში. ეს გამოქარვის პროცესია, კლდოვანი მასის შემადგენელი ქიმიური ელემენტები ქრებიან და უკან ხომ ვერ შეიყვან? როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე ლაზურ ძეგლებს ვიკვლევდი, კლდოვანი სამარხებიც ვნახე, მაგრამ ეს სამარხები [გამოქარვის პროცესის გამო] ახლა უკვე აღარ არსებობენ. მათთან შედარებით ვარძია და უფლისციხე კარგ მდგომარეობაშია, თუმცა, კლდოვანი მასების დიაგონალურად ჩამოშლის პროცესი ისევ გრძელდება. დახრილად, ზემოდან ქვემოთ მოდის კლდოვანი მასივები და გამოქვაბულები მიაქვს. ახლაც ასეა. რომ შეხვიდეთ ვარძიაში, ნახავთ, რომ გამოქვაბულებში დიაგონალური ბზარებია.