Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინა საქართველომ თავად აირჩიოს


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, კოვაქსპლატფორმაზე თავად აირჩიოს ვაქცინა, რომლის გამოყენებასაც გადაწყვეტს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი კითხვის პასუხად.

„გარდა კოვაქსპლატფორმისა და კოვაქსის პრატფორმაზეც, შესაძლოა იყოს სხვადასხვა 5-7 ვაქცინა, ჩვენ წინმსწრებად უფრო მეტი გვაქვს გადახდილი იმიტომ, რომ შევძლოთ იქაც ამორჩევა, რომელიც ჩვენთვის უფრო მისაღები იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკება ბევრ პატრნიორ ქვეყანასთან, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვიდეს უფრო ადრე, ვიდრე ეს კოვაქსის პლატფორმიდან მოხდებოდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მოინახება ის რესურსი, რომ რეგიონში ერთ-ერთი პირველი იყოს საქართველო, სადაც ვაქცინაცია დაიწყება და „ამ კუთხით პრობლემა არ შეიქმნება“. მისი განმარტებით, შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს გარდა ჩართულია ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებიც.

„ეკონომიკის სამინისტრო [ჩართულია] ლოგისტიკის ნაწილში და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სწრაფი ვაქცინაცია იყოს დაწყებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, ვაქცინის მიმწოდებლებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან პირველი მოთხოვნა არის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ვაქცინის დანერგვის გეგმა, რაც მოიცავს რეგულირებას, პერსონალს, ცივ ჯაჭვს. ამ გეგმის შემუშავება დასრულდება იანვრის ბოლოს. პროცესში ჩართულია მსოფლიო ბანკი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, აზიის განვითარების ბანკი და ქართველი ექსპერტების ჯგუფი. გეგმით გათვალისწინებულ პირობებს საქართველო აუცილებლად შეასრულებს, ამბობს თამარ გაბუნია.

„რაც შეეხება ცივ ჯაჭვს, საქართველოს დღესვე შეუძლია მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს არის დაწინაურებული და რეალური კანდიდატები, იმისთვის, რომ ქვეყნებმა ისინი გამოიყენონ. საუბარი მაქვს ასტრაზენეკაზე, რომელსაც სჭირდება 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურა ვაქცინაციისთვის და ეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ როგორც კოვაქსის პლატფორმის, ასევე უფრო ადრე ევროპის ქვეყნებითან ორმხრივი მოლაპარაკების გზით და იკვეთება კონკრეტული წინადადებები ამასთან დაკავშირებით. ასევე არის ფაიზერის ოფცია, რომელიც -70 გრადუსს საჭიროებს ვაქცინაციისთვის და რამდენიმე ასეთი მაცივარი ქვეყანაში უკვე არის, და იგივე შემიძლია ვთქვა მოდერნაზე, რომელსაც -20 გრადუსი სჭირდება. ამისი ტექნიკური შესაძლებლობაც ქვეყანაში არსებობს. რაც შეეხება პერსონალის გადამზადებას, ვინაიდან ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს, იმუნიზაციის წარმოების ორგანიზება პრობლემა არ იქნება“, - ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, მარტი არის რეალური დრო, რაც ვაქცინაციის დაწყებისთვის არის განსაზღვრული, თუმცა, თუ შესაძლებლობა იქნება, შესაძლოა, ვაქცინაცია მანამდეც დაიწყოს. ამასთან, მისი განმარტებით, ვაქცინაცია არ მოხსნის კორონაპანდემიასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას - სანამ მიიღწევა აცრილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა, სანამ ჩამოყალიბდება იმუნური ფენა, საჭირო იქნება უსაფრთხოების ინდივიდუალური რეჟიმის შენარჩუნება.

პაატა იმნაძის განცხადებით კი, დღეს მსოფლიოში აცრილია დედამიწის პოპულაციის 0,04 პროცენტი. იმისათვის, რომ პანდემია „გადაიქცეს ჩვეულებრივ სეზონურად“, უნდა აიცრას მსოფლიო პოპულაციის 60-70%.

აქამდე არსებული ინფორმაცით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელ ვაქცინაზე მიუწვდებოდა ხელი საქართველოს, დამოკიდებული იყო კოვაქსის პლატფორმის არჩევანზე.

13 ნოემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რომელ ვაქცინას შეისყიდის „კოვაქსი“ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის. მისი თქმით, საქართველოს წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვს 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო თანხის ნაწილი - 4 მილიონი აშშ დოლარი.

XS
SM
MD
LG