Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, რატომ გადააყენეს ISFED-ის დირექტორი, ელენე ნიჟარაძე


"სამართლიანი არჩევნების" გამგეობის თავმჯდომარემ და წევრმა საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურეს, რომ ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციის დირექტორი აღარ არის. გამგეობის წევრის ბაია პატარაიას თქმით, მან შეცდომა დაუშვა, როცა პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ საზოგადოების დაგვიანებით აცნობა.

გამგეობის თავმჯდომარემ, თამარა სართანიამ განმარტა, რომ PVT-ზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო NDI-იც, რომელსაც ორგანიზაციამ დავალება ზეპირსიტყვიერად მისცა. ISFED-ს NDI-სთვის წერილობით არ უცნობებია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ბათილი ბიულეტენები ხმებს არ უნდა მიეთვალოს. სწორედ ამ მიზეზით იყო ორგანიზაციის მიერ გამოწვეულ პარალელურ დათვლებში ცდომილება.

"ეს იყო კონსენსუსური გადაწყვეტილება. ამ აზრს იზიარებდა გამგეობა, თავად ელენე ნიჟარაძე და ორგანიზაციის დიდი ნაწილი", - თქვა ბაია პატარაიამ.

მისივე თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ "ადამიანური შეცდომა" იქნა დაშვებული, თუმცა მათთვის არ აღმოჩნდა ელენე ნიჟარაძის დასაბუთება დამაჯერებელი. მას სურდა შეცდომის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოგვიანებით, ანგარიშის წარდგენის დროს მიეწოდებინათ.

"გამგეობა მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის დროულმა არგაჟღერებამ გამოიწვია ბევრი ეჭვი და შეთქმულების განვითარება, რამაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა ორგანიზაციას და აღმასრულებელი დირექტორის მიმართ, ხო არ ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა და PVT-იც დააყენა ეჭვქვეშ", - თქვა პატარაიამ.

მას შემდეგ, რაც გამგეობის წევრებმა თქვეს, რომ ნიჟარაძე დირექტორი აღარ არის, მან მედიას თავად მიმართა.

"მე ჩავთვალე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია. მე აქ 9 წელი ვმუშაობდი. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობის დატოვება, თუ რაღაცნაირად დაიცავს ორგანიზაციის რეპუტაციას", - თქვა ელენე ნიჟარაძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე ISFED-ის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებდა. მიზეზებზე ორგანიზაციაში ამ დრომდე არ საუბრობდნენ.

რამდენიმე დღის წინ "სამართლიანმა არჩევნებმა", მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განაცხადა, რომ პარალელური დათვლის დროს ფორმულაში შეცდომა დაუშვეს და რეალურად სხვა მონაცემები უნდა ყოფილიყო. მონაცემები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ შეიცვალა და ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა.

XS
SM
MD
LG