"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2008 წლის ხელისუფლებისგან განსხვავებით, მათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ცვლილება იმ მოტივით სურთ, რომ პარლამენტში შესული პარტიები წაახალისონ. ასე განმარტა მან ახალი კანონპროექტის მიზანი, რომლის მიღების შემდეგაც პარტიას დაფინანსება შეუწყდება, თუ მისი სიით გასული დეპუტატების ნახევარზე მეტი არ შევა პარლამენტში.
კობახიძის თქმით, 2008 წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება საზოგადოებას აშინებდა, ბიზნესზე ზეწოლა იყო, მონოპოლიზებული იყო მედია და "ამ ვითარებაში ოპოზიციის რადიკალურ დამოკიდებილებას ინსტიტუტებისა და არჩევნების მიმართ ჰქონდა თავისი მიზანი და საფუძვლები".
"აქ მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ ვინმეს წახალისება. წახალისება იქეთკენ, რომ დეპუტატებმა უარი თქვან პარლამენტის საბოტაჟზე... მაშინდელი პაკეტის მიზანი იყო პარტიებისა და დეპუტატების დასჯა. ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდათ 20 ივნისს, მაშინ როდესაც ეს პაკეტი მიიღეს 15 ივლისს - აქედან პირდაპირ ჩანს, რომ მაშინდელი მმართველი პარტიის მიზანი არ იყო წახალისება - მას შემდეგ, რაც მათ შეუჩერეს დეპუტატებს მანდატები, მიიღეს პაკეტი, რაც პირდაპირ მეტყველებს, რომ მიზანი დასჯა იყო", - თქვა კობახიძემ.
პარლამენტმა დღეს დაფინანსების ახალი წესის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. თუმცა პარლამენტმა არ განიხილა ოპოზიციური პარტიის წევრების განაცხადები მანდატების დატოვების შესახებ. ამ პროცესის გადადება უკავშირდება თუ არა ამ კანონპროექტის მიღებას, კობახიძეს ამის შესახებ არ უსაუბრია.
პარლამენტში არშესვლისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციური პარტიები დაფინანსებასაც ვერ მიიღებენ. პარტიები მიიჩნევენ, რომ ამით "ქართული ოცნება" ცდილობს, მათ პარლამენტში შესვლა აიძულოთ.
"ქართული ოცნების" წევრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ამბობს, რომ მათი ბოიკოტის გამო მმართველმა პარტიამ მათთვის დაფინანსების შეწყვეტა გადაწყვიტა.
დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითხს მეორე მოსმენით იმ დრომდე არ განიხილავენ, სანამ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა არ დაიდება.