ახალი კორონავირუსის გამო რელიგიური კონფესიების ნაწილმა ტაძრები დახურა, სხვები ონლაინწირვებზე გადავიდნენ, ზოგან კი პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისტანცია გახდა საჭირო - რელიგიურ კონფესიებს პანდემიის გამო ღვთისმსახურების საუკუნოვანი რიტუალების შეცვლა უწევთ.
მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში ყოველ შაბათ-კვირას ასამდე ადამიანი იყრის თავს, დღესასწაულებზე კი გაცილებით მეტი. მრევლის დიდი ნაწილი ასაკოვანია. მორწმუნე ემთხვევა ხატებს, ესაუბრება მოძღვარს, ეზიარება საერთო ბარძიმიდან, ზიარების შემდეგ კი იღებს სიტკბოებას (წყალში გახსნილი ღვინო), რომელიც ასევე საერთო ჭიქით გაიცემა. წირვის დასასრულს ტაძარში მყოფი მრევლი ემთხვევა ჯვარს. საღამოს ლოცვაზე სრულდება ზეთისცხების რიტუალი, ამ შემთხვევაშიც ზეთიც და ფუნჯიც ყველასთვის ერთია. ტრადიციულად, მორწმუნე ჯვარზე მთხვევისას ან ზეთისცხების შემდეგ მოძღვარსაც ემთხვევა ხელზე.
როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მის კვალდაკვალ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ხალხს დისტანცირებისკენ, მოგვიანებით კი იზოლაციისკენ მოუწოდა, დადგა კითხვა - რა მოეხერხებინათ რელიგიური რიტუალებისთვის.
„ეს არის საომარი სიტუაცია“
საეკლესიო ცხოვრებაში არსებობს სავალდებულო რიტუალები, მაგალითად, წირვა, ევქარისტია (ზიარება) და, უბრალოდ, ტრადიციები, თუნდაც - ხატზე მთხვევა. ყველაზე ბევრი კითხვა სწორედ ზიარებასთან დაკავშირებით დაისვა, რადგანაც მის გარეშე წირვა, უბრალოდ, ვერ ჩატარდებოდა. აზრი გაიყო თავად სასულიერო პირებშიც. ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა მამა თეოდორემ (გიგნაძე) 25 მარტს თავის ქადაგებაში განაცხადა:
„ჩვენ გვჭირდება ერთობა. სასულიერო პირებს განსაკუთრებით ვგულისხმობ, რადგან სოციალურ ქსელებში ყველას თავისი აზრი აქვს… ჩვენ ძმები ვართ. არა უჭირს, ვინ როგორ ვხედავთ. მთავარია, არ იყოს ჩვენში ფანატიზმი და არ იყოს უკიდურესი ლიბერალიზმი - ორივე შემთხვევაში ნამდვილი ქრისტიანული რწმენა კვდება.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, რა იქნება, კაცმა არ იცის, მაგრამ თუ ჩვენ ისეთ რეალობაში აღმოვჩნდებით, სადაც გამკაცრდება სახელმწიფო რეგულაციები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ეკლესია დაემორჩილება, იმიტომ რომ ეს არის საომარი სიტუაცია და არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, იქ ავტომატიანი კაცი დგას, თუ პატარა ვირუსი, ორივე მომაკვდინებელია. საომარ სიტუაციაში ერი და ბერი ერთად უნდა მოქმედებდეს და არა ერთმანეთის საპირისპიროდ. თუ რეგულაციები გამკაცრდება, მაშინ უმთავრეს იარაღად, იმისთვის რომ ჩვენს გულში ქრისტეს მადლი არ შემცირდეს (რადგანაც შესაძლებელია ზიარებას მოვაკლდეთ), ეს არის გონიერი ლოცვის ისიხასტური პრაქტიკა“.
უფრო ადრე, 20 მარტს, ჩატარდა წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც მიიღო დადგენილება, რომ ზიარება ტაძრებში ჩვეულებრივად გაგრძელებულიყო.
„ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა - მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე - ყოვლად მიუღებელია“, - წერია სინოდის განცხადებაში.
სინოდის ამავე სხდომაზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებსაც შემდეგ დღეებში მრევლი თუ სასულიერო პირები მეტ-ნაკლებად ასრულებდნენ. რეკომენდაციები გულისხმობს, რომ ხალხი მსახურებას დაესწროს ერთმანეთისგან ორი მეტრით დაშორებული, ტაძრის ეზოში; სიტკბოება მიიღონ სხვადასხვა ჭურჭლით, რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს სასულიერო პირმა სახლში მიაკითხოს.
წლის ბოლოს რეალობა ასეთია - ტაძრებში მრევლი პირბადით დგას, საეკლესიო სიწმინდეებთან დაკავშირებით კი მიდგომა არ შეცვლილა: მრევლი ძველებურად ეზიარება, იცხებს ზეთს, ემთხვევა ხატებს და ჯვარს.
2020 წლის ბოლოს კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. დაავადნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის მონასტრებშიც, სადაც ათეულობით ადამიანი ცხოვრობს და ვირუსის გავრცელების საშიშროება მეტია. გარდაიცვალა რამდენიმე სასულიერო პირი: მღვდელი დავით მაჩიტაძე, დეკანოზი დავით ქვლივიძე, მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი), იეროდიაკონი კირიონი (ადეიშვილი), დეკანოზი ზურაბი (პაპიძე).
თავდაპირველად, სანამ კოვიდ-19 მასობრივად გავრცელდებოდა, იყო შემთხვევები, როდესაც მართლმადიდებელი სასაულიერო პირები ვერ იჯერებდნენ ვირუსის არსებობას ან მიაჩნდათ, რომ მას ადვილად მოერეოდნენ.
„ჩვენ ხალხი მოვწამლეთ იმით, რომ კორონა არ არსებობს, ცრუ პანდემიაა. მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?! მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს?!“, - განაცხადა მამა თეოდორემ (გიგნაძე) ქადაგებისას, - „…უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით".
ღამის მსახურება დღისით სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში
ახალი კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, მსახურებას აგრძელებს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია. ეპარქიის პრესსპიკერის სუსანა ხაჩატურიანის თქმით, მსახურება ტაძარში მიმდინარეობს, ხოლო მათთვის, ვინც მისვლას ვერ ახერხებს, ინტერნეტით გადაიცემა. არ შეწყვეტილა ზიარებაც. სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში აზიარებენ პურის ნატეხებით, რომელსაც მღვდელი მაზიარებელს აწვდის.
„შობას ვზეიმობთ ექვსში, მაგრამ რადგანაც კომენდანტის საათია, მსახურება ღამის ნაცვლად 5 იანვარს ჩატარდება, დღის საათებში“, - ამბობს სუსანა ხაჩატურიანი.
„მთელი წელია, არავინ მოგვინათლავს“, - ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია აღსარებას ტელეფონით იბარებს
ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ არჩია მსახურება ტაძარში, მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირებს ჩაეტარებინათ. მსახურება ონლაინ გადაიცემა, აღსარებას აბარებენ მესინჯერით ან ტელეფონით.
„მთელი წელია, არავინ მოგვინათლავს. ზიარებას მრევლი ვერ იღებს. წესის აგებაზე მივდივართ, მაგრამ აქაც რეგულაციებს ვიცავდით“, - ამბობს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და დასძენს, რომ კოვიდით დაავადების შემთხვევები იყო, მაგრამ არა სასულიერო პირების, - „ჩვენ გვაქვს მოხუცებულთა სახლი და იქ მოიხადა რამდენიმე ადამიანმა“.
შობა, რომელსაც ევანგელისტური ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავს, ისევ მრევლისთვის დაკეტილ ტაძრებში ჩაივლის. ამჟამად ღვთისმსახურები ცდილობენ მოიპოვონ საშვები, რომ ღამე ტაძრებში ისინი მაინც მივიდნენ.
„დისკრიმინაცია სახეზეა, სახელმწიფომ მხოლოდ უმრავლესობის ინტერესები გაითვალისწინა და 7 იანვარს დაუშვა თავისუფალი გადაადგილება, თუმცა 25 დეკემბერსაც რომ დაეშვა, მაინც გადაწყვეტილი გვქონდა, მსახურება მრევლის გარეშე ჩაგვეტარებინა, კოვიდს მაინცდამაინც არ ადარდებს შობა და აღდგომა“, - ამბობს რუსუდან გოცირიძე.
ხანუქა სახლებში
დეკემბერში სინაგოგის მიღმა აღნიშნეს ებრაელებმა ხანუქას დღესასწაული, რომელიც რვა დღე გრძელდებოდა.
„სინაგოგაში უნდა ჩატარებულიყო პირველი სანთლის დანთების რიტუალი, მაგრამ პანდემიის გამო არ ჩატარდა. სხვა დროს ქვეყნის მთავარი პირი, პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, მოდის და პირველ სანთელს ის ანთებს“, - ამბობს ეთნოლოგი ზაირა დავარაშვილი.
უარი საერთო კრიალოსანზე
გაზაფხულზე ჯგუფური ლოცვები შეაჩერეს მუსლიმებმა, თუმცა შემდეგ ზოგიერთ მეჩეთში მსახურება მაინც გაგრძელდა.
„პირბადეებით, დისტანციით, თერმოსკრინინგით ვატარებთ ლოცვებს. თავიდანვე გავეცით რეკომენდაცია, რომ ხელის ჩამორთმევისგან, საერთო კრიალოსნის გამოყენებისგან, ლოცვის დასრულების შემდეგ გადახვევისგან თავი შეეკავებინათ. მუსლიმურ ლოცვებში ერთმანეთთან სხვაგვარი კონტაქტი ისედაც არ უწევთ“, - ამბობს საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე.
კათოლიკეების მხახურება
კათოლიკეები ძველებურად განაგრძობენ მსახურებას, თუმცა, როგორც ასპინძის რაიონის ხიზაბავრა-ვარგავის სამრევლოს წინამძღვარი მამა აკაკი (ჭელიძე) ამბობს, მრევლი უფრო ნაკლებად დადის, დაახლოებით მესამედი, ნაკლებად მოჰყავთ ბავშვებიც.
„პირბადეებით დგანან. პანდემიის პერიოდში მხოლოდ ხორცით, ანუ პურით, ვაზიარებთ, ეს დასაშვებია. არ ვიყენებთ ნაკურთხ წყალს. ფრთხილად, მაგრამ მაინც მოდის ხალხი, ენატრებათ. როცა ჩვეულებრივი რეჟიმი გაძლევს ეკლესიაში მისვლის საშუალებას, ამ მონატრებას ვერ გრძნობ“, - ამბობს მამა აკაკი.
ჯერ კიდევ აპრილში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ალგორითმი, რომელიც სასულიერო პირების ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ითვალისწინებდა. თუმცა, რეალურად სასულიერო პირების მასობრივი ტესტირება ამ დრომდე არ ხდება. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ტესტირების დაწყებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე კი ამბობს:
„არც ერთხელ არ ჩაგვტარებია. საერთოდ, ეს ინფორმაცია ძალიან უცნაურად მოვიდა ჩვენამდე. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უკვე მერამდენჯერ მოგვთხოვა მათთვის პირადი ინფორმაცია გადაგვეგზავნა: სად ვცხოვრობთ, ტაძარი რა მისამართზეა, მრევლის რაოდენობა და ასე შემდეგ“.
რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო, უკვე დიდი ხანია, ითხოვს, მაგრამ არ აძლევენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ სააგენტო სუსის (საქართველოს უსაფრთხოების სამსახური) მიერ მართული ორგანოა. მოთხოვილი ინფორმაცია სააგენტოსთვის არც ამჯერად გადაუგზავნიათ.
რელიგიის სახე მომავალში
ინტერნეტეკლესია, როგორ ფენომენი, ახალი კორონავირუსის გამოჩენამდეც არსებობდა. არის რადიკალური მიმართულება, როდესაც ეკლესია მთლიანად ონლაინსივრცეშია და არსებობს ასევე ინტერნეტის, როგორც დამხმარე საშუალების, გამოყენების პრაქტიკა, რისი მაგალითიც პანდემიის პერიოდში ვიხილეთ. თუმცა ინტერნეტი მხოლოდ ერთი კუთხეა იმ ცვლელებების, რომელთაც კოვიდის შემდგომი ცხოვრება გვთავაზობს. მინიმუმ ერთწილიანი გამოცდილება რელიგიურ კონფესიებს საშუალებას აძლევს მიხვდნენ, რა შეიძლება დარჩეს რელიგიურ ცხოვრებაში სამუდამოდ და რას შეიძლება მხოლოდ მაშინ მიმართონ, როდესაც ამის უკიდურესი საჭიროება დადგება.