თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თავისი მერობის პერიოდში ის თბილისში სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცებას არ დაუშვებს. თბილისში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ფაქტის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ მიწების მიზანმიმართული დატაცება მიმდინარეობს:
„ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ წლების განმავლობაში, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების რაღაცნაირად მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახლები, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწები. მიწების მიზანმიმართული დატაცება მიმდინარეობს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იყოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ასეთი გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ადამიანებს, რომელთაც ბინები არ აქვთ, სახელმწიფო შესაბამის დახმარებას უწევს:
„ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვცდილობთ ხელი შევუწყოთ და შევუმსუბუქოთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფოს მიწები, კატეგორიულად მიუღებელია. ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. ყველანაირად უზრუნველვყოფთ მათ. ან მეორე ვარიანტია ადამიანების, რომლებსაც სახლი დაენგრათ, ამისთვის გამგეობები გამოყოფს თანხებს და შეგვიძლია ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალური ინსპექცია რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ახორციელებს, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაკავებულია 8 პირი, მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი.