მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევა. პარლამენტის დარბაზში არ იქნებიან „ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გაბრაზებული ოპოზიციონერები. ისინი 11 დეკემბერს, მანდატებზე უარის სათქმელად ცალკე შეიკრიბებიან. უკვე ცნობილია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“.
- როგორი იქნება 11 დეკემბერი „ქართული ოცნებისთვის“ და ოპოზიციური პარტიებისთვის?
- გაგრძელდება თუ არა საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები?
- რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული საკანონდებლო ცვლილებების გახმაურება პარლამენტის პირველი სხდომის წინ?
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის „ამაღლებული განწყობით“ ემზადება „ქართული ოცნების“ სიის მეთხუთმეტე ნომერი, შალვა პაპუაშვილი, რომელიც დეპუტატი პირველად ხდება. ის არ კარგავს იმედს, რომ სხდომათა დარბაზში ასევე შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს - „ვისაც გამბედაობა ეყოფა“ და „საღი აზრი აქვს“.
მაგრამ თუკი მისი პარტია სხდომათა დარბაზში 11 დეკემბერს მარტო აღმოჩნდება, როგორც შალვა პაპუაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს მარტო ყოფნას მაინც არ ნიშნავს - „ჩვენთან ერთად იქნება ის, მინიმუმ მილიონი, ამომრჩეველი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და ასევე ოპოზიციურ პარტიათა ამომრჩევლების ნაწილი, რომელიც მხარს არ უჭერს ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს“.
საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულია გეგმა, თუ რა მოხდება 11 დეკემბრის სხდომაზე, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად:
- გაიხსნება პირველი სამუშაო სხდომა, რისთვისაც სულ მცირე, ნახევრის - 76 დეპუტატის მონაწილეობაა აუცილებელი;
- გადაწყდება პარლამენტისთვის სრული უფლებამოსილების მინიჭების საკითხი - რისთვისაც საჭიროა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის (ანუ 100 დეპუტატის) უფლებამოსილების ცნობა. რადგან „ქართულ ოცნებას“ სულ 90 მანდატი აქვს, უნდა მოხდეს სულ მცირე 10 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა;
- დეპუტატები აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს;
- ასევე აირჩევენ კომიტეტების თავმჯდომარეებს.
რადიო თავისუფლებისთვის ამ ეტაპზე ცნობილი ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე შესვლას არცერთი ოპოზიციური პარტია არ გეგმავს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა, სამწუხაროდ, ჩრდილოეთ კორეის რეალობისთვის იქნება მორგებული - „იქნება ერთი პარტია და ბევრი ტაში... ეცდებიან, არ შეიმჩნიონ, რომ მარტო არიან დარბაზში, ოპოზიციის გარეშე... ეს ვითარება იქნება სრულად ამსახველი იმისა, რაშიც ვართ“.
ოპოზიციური პარტიები პირველ სხდომაზე შესვლას ისედაც არ გეგმავდნენ, თუკი არ იქნებოდა მიღწეული შეთანხმება საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატში; თუმცა, როცა 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ლიდერების თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებები გაახმოვანა, ოპოზიციაში გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ - მმართველმა პარტიამ მოლაპარაკებების მაგიდა „ააყირავა“.
„ჩემთვის პირადად ეს იყო სასოწარკვეთილების გამოხატულება, რადგან მიხვდნენ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ დაითანხმეს - შეეყვანათ პარლამენტის პირველ სხდომაზე. ეს იყო მათი მთავარი მიზანი, მაგრამ ვერავინ ნახეს. ალეკო ელისაშვილსაც კი, რომელიც ყველაზე მზად არის შევიდეს პარლამენტში, ძალიან გაუჭირდება გადადგას ეს ნაბიჯი...
სწორედ ამის შემდეგ გადავიდა „ქართული ოცნება“ მუქარაზე და შანტაჟზე. მაგრამ რაც უფრო ასე ილაპარაკებენ, მით უფრო გაუჭირდება პარლამენტში შესვლის მსურველს იმის დასაბუთება, რატომ უნდა შევიდეს.
ოპოზიციას სჭირდება გამძლეობა და პრინციპულობა იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ მიხვდეს - ვერ შეარყევს ამ ოპოზიციას და ვერ შეაგუებს ხალხს გაყალბებული არჩევნების შედეგსა და ერთპარტიულ პარლამენტს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წამოვიდნენ ისინი რეალურ მოლაპარაკებებზე“, - ეუბნება ხოშტარია რადიო თავისუფლებას.
ოპოზიციის მიერ მუქარად აღქმული გადაწყვეტილებები, რომლებიც ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს გაახმოვანა, მისივე თქმით, პარტიის ლიდერების თათბირზე იქნა მიღებული. თუკი მანამდე თავად ის აცხადებდა, რომ ოპოზიციას მეტი დრო მიეცემოდა მანდატების შესანარჩუნებლად, უცბად ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა.
ყურადღება გამახვილდა სამ საკანონმდებლო ცვლილებაზე და აღინიშნა, რომ გეგმა ძირითადად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ამბოხების ჩანაფიქრის საპირწონედ იქნა შემუშავებული:
- „საპარლამენტო უმრავლესობა, მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას“;
- „სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი“;
- „ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაშიც“.
ირაკლი კობახიძემ იმავე ბრიფინგზე თქვა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 10 დეკემბერს გაიმართებოდა და იმედი ჰქონდა, რომ მოხდებოდა შეთანხმება ოპოზიციის არამეამბოხე ნაწილთან. თუმცა 10 დეკემბერს, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი აღარ გამართულა. ოპოზიციას მოლაპარაკებებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ „სადამსჯელო გეგმის“ მოსმენის შემდეგ მათ დასვეს შეკითხვა - ღირს კი მოლაპარაკებების გაგრძელება ასეთ პირობებში?
რატომ ჩათვალა საჭიროდ „ქართულმა ოცნებამ“ ამ გეგმის გახმოვანება, მათივე შეფასებით, საიმედო მოლაპარაკებების პროცესში?
ეს შეკითხვა ჩვენ შალვა პაპუაშვილსაც დავუსვით. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ირაკლი კობახიძის გამოსვლა ვითარების შეჯამებას ისახავდა მიზნად და ოპოზიციის იმ დესტრუქციული ნაწილის ქმედებების ადეკვატური იყო, რომელიც ასე სასტიკად აბულინგებს, მაგალითად, „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს.
პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ გახმოვანებულ გეგმაში უკანონო არაფერი ყოფილა და ამ საკანონმდებლო ცვლილებების დაგეგმვისას პარტია მოქმედებდა სრული რწმენით - რომ არჩევნები არ არის გაყალბებული და რომ „ეს ნათელია ყველასთვის“ და მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც.
მისი თქმით, ოპოზიციამ შეგნებულად გაუკეთა იგნორირება ირაკლი კობახიძის ბრიფინგის მთავარ საკითხს.
„ჩვენი ოპონენტების მხრიდან ეს არის მანიპულირების ერთ-ერთი მეთოდი - ყურადღება არ გაამახვილეს მთავარ საკითხზე, რაზეც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა. მთავარი საკითხი კი იყო შეთავაზება - საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლასთან დაკავშირებით.
კობახიძემ თქვა, რომ მზად ვართ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა დეტალს და გადაითვლის იმდენ უბანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის... ითქვა ისიც, რომ თუკი 1%-იანი სხვაობა მაინც იქნება „ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შალვა პაპუაშვილი.
მისთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არ დაეთანხმა ოპოზიცია ამ შეთავაზებას, თუკი მას სიმართლის დადგენა მართლაც სურს და დარწმუნებულია თავის სიმართლეში - „ოპოზიცია სრულიად დაუსაბუთებლად ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და რაღაცით ხომ უნდა დამტკიცდეს ეს?! გავხსნათ უბნები და ვნახოთ, რატომ არ მოდიან ამაზე?! იმიტომ, რომ იციან - არჩევნები არ გაყალბებულა“.
„ქართული ოცნების“ დაპირებებისა და გულწრფელი შეთავაზებების ამ ეტაპზე მხოლოდ პარტია „მოქალაქეების“ წევრებს სჯერათ.
პარტიის თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა 10 დეკემბერს კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას უკეთესს ვერაფერს შესთავაზებდა, ვიდრე არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იანი გაყალბების ნებისმიერი სახით დადასტურებაა. შალვა პაპუაშვილი კი გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულია გადათვლის სრულიად ჩვეულებრივი ხერხი, ანუ უბნების გახსნა და ბიულეტენების გადათვლა.
ეს შეთავაზება სანდო არ არის ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისთვის - ისინი ფიქრობენ, რომ ბიულეტენების შესაბამისად, სათავისოდ დალაგების საკითხი „ქართულ ოცნებას“ უკვე მოგვარებული ექნება, ფუთების გახსნა ახლა უკვე სრულიად აზრსმოკლებულია და ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც ამას ოპოზიცია საარჩევნო კომისიებში თუ სასამართლოში უშედეგოდ ითხოვდა.
პაპუაშვილი კი, გვეუბნება, რომ - „ესეც თემით მანიპულირებაა, რადგან ბიულეტენები დალუქულია და რა შეიძლებოდა მომხდარიყო იქ?“.
„ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის გახმაურება, მოლაპარაკებების პროცესის გათვალისწინებით, სულ მცირე, დიდი შეცდომაა კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიასთვის.
„ამ სვლით „ქართულმა ოცნებამ“ ისინიც კი დააბრკოლა, ვინც ასე თუ ისე ფიქრობს პარლამენტში შესვლაზე. შესაძლოა, რომ ამ ინიციატივების მოსმენის შემდეგ, ასეთი ნაწილი უფრო არშესვლისკენ გადაიხარა.
არ არის ეს პროცესისთვის მომგებიანი და „ქართული ოცნება“ გზას კი არ უხსნის, პირიქით - უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს პარლამენტში შესვლის მსურველებს“, - ეუბნება ჩოკორაია რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ კონკრეტულ გეგმას, მისი თქმით:
- კანონს არ ეწინააღმდეგება ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილების პარლამენტის მხრიდან დადასტურება, თუმცა მოლაპარაკებების წარმატებისთვის სრულიად გაუმართლებელია ამ ინიციატივის გახმაურების დრო, როცა იგივე ირაკლი კობახიძე წინა დღეებში საპირისპიროს ამტკიცებდა;
- სრულიად გაუმართლებელია პარლამენტში არშესული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა, რადგან ამ თანხას სახელმწიფო პარტიებს განვითარებისთვის აძლევს და ეს არ არის პარლამენტში მუშაობის ხარჯი - „თუ ეს ასე მოხდება, ეს იქნება ჟანგბადის გადაკეტვა ოპოზიციური პარტიებისთვის და ასევე ჩანს ძალის დემონსტრირება „ქართული ოცნების“ მხრიდან“.
- რუსეთის პრაქტიკას ჰგავს ყველაზე მსხვილი და რეიტინგული პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ცვლილება - „ეს არის ყველაფერი, ადამიანის უფლებების დარღვევაც და დემოკრატიაზე ხაზის გადასმაც“.
ოპოზიციური პარტიები 11 დეკემბერს ხმაურიანი საპროტესტო აქციის გამართვას არ აპირებენ. ისინი გეგმავენ, რომ ღია სივრცეში შეიკრიბონ და უარი თქვან სადეპუტატო მანდატებზე. ელენე ხოშტარია გვეუბნება, რომ ეს აქცია ოპოზიციის წარმომადგენლების ერთგვარი გამოცდაც იქნება და გამოჩნდება - რეალურად აპირებენ თუ არა, უარი თქვან სადეპუტატო მანდატებზე.
ოპოზიცია განმარტავს, რომ მანდატებზე უარის თქმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ხელისუფლების მზაობა, მოლაპარაკებები 11 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდეს, ჩვენთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმაც დაადასტურა.