ბრიტანელი ისტორიკოსი ნორმან დეივისი ითვლება აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპეციალისტად. მისი წიგნები ევროპაზე თუ პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომზე მსოფლიო ბესტსელერები გახლავთ. ჩემთან ინტერვიუში დევისი პოლონეთისა და საბჭოთა რუსეთის ომის შესახებ საუბრობს.
მთელი თქვენი კარიერის მანძილზე ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ასწავლიდით აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას. როგორ ისწავლება ბრიტანეთში სლავისტიკის ფაკულტეტებზე რუსეთის ისტორია?
ბრიტანელებმა უკვე დიდი ხანია, რაც გადაყლაპეს რუსული ხედვა ისტორიისა და ისინი დღესაც აგრძელებენ ამ მიმართულებით სიარულს. ბრიტანეთის უკლებლივ ყველა უნივერსიტეტში სლავისტიკის ფაკულტეტებზე ისწავლება ისტორიის რუსული ვერსია.
რას გულისხმობთ ისტორიის რუსულ ვერსიაში?
როდესაც რუსეთის და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიას ასწავლი ისე, რომ მეზობელი ქვეყნების ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანი ხდება. და არ აქვს მნიშვნელობა, საქმე ეხება პატარა საქართველოს თუ შედარებით დიდ პოლონეთს. პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის კონფლიქტი ამის მშვენიერი მაგალითია: პოლონეთი ამ კონფლიქტში წარმოჩენილია როგორც აგრესორი ქვეყანა, ხოლო რუსეთი - როგორც აგრესიის მსხვერპლი. დღესაც კი დასავლეთში უმრავლესობას მიაჩნია, რომ 1920 წელს პოლონეთმა მოახდინა რუსეთზე თავდასხმა ე.წ. კიევის კამპანიის დროს და რომ რუსეთი მხოლოდ თავდაცვის მიზნით გადავიდა კონტრშეტევაზე. 1920 წელს უკრაინა არ იყო რუსეთის ნაწილი, იგი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო - ფაქტი, რომელიც დასავლეთში არ იციან. არც ის იციან, რომ მაშინ პილსუდსკიმ, უკრაინულ ნაწილებთან ერთად, ბოლშევიკებისგან გაათავისუფლა უკრაინა.
თქვენ პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი ახსენეთ, კონფლიქტი რომელზეც წიგნიც დაწერეთ. რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს 1920 წლის აგვისტოში პილსუდსკის გამარჯვებას?
პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომში ვარშავის გამარჯვებამ უდიდესი როლი ითამაშა პოლონეთის ისტორიაში. პილსუდსკის გამარჯვებამ პოლონელებს დამოუკიდებელი სახელმწიფო მისცა. ბოლშევიკები გეგმავდნენ პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარებას. ლენინს, ფელიქს ძერჟინსკის ხელმძღვანელობით, მომზადებული ჰყავდა პოლონური ბოლშევიკური მთავრობა.
ეს გამარჯვება ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ზოგადად ევროპისათვის. ბოლშევიკების მთავარი მიზანი იყო რევოლუცია გერმანიასა და დასავლეთ ევროპის ინდუსტრიულად განვითარებულ სხვა ქვეყნებში. ვარშავასთან დამარცხებამდე ბოლშევიკები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ შეეძლოთ ევროპაში დაემყარებინათ რევოლუციური საბჭოთა ქვეყნების ფედერაცია მოსკოვის ხელმძღვანელობით. 1920 წლის გვიან გაზაფხულზე, როცა ტუხაჩევსკის დასავლეთის ფრონტი იერიშზე გადავა, ის განაცხადებს, რომ ზაფხულში მისი ჯარები უკვე პარიზის ქუჩებში ისეირნებენ. პოლონეთის გამარჯვებამ ბოლშევიკების ეს რევოლუციური გეგმა ჩანასახშივე მოკლა.
ეს მარცხი ასევე დიდ ზეგავლენას იქონიებს რუსეთის შიდა პოლიტიკაზეც - სწორედ ამ მარცხის შედეგად გადადგამენ ბოლშევიკები "ნაბიჯს უკან", იტყვიან რა უარს ე.წ. სამხედრო კომუნიზმზე და გადავლენ ნეპ-ზე (ახალი ეკონომიკური პოლიტიკა), რაც რუსეთის მოსახლეობისათვის უდიდესი შვება იქნება.
ომის დამთავრებისთანავე ტროცკის, ლენინსა და სტალინს შორის დაიწყება კამათი, ვინ იყო მთავარი დამნაშავე ამ ავანტიურაში. ლენინის სიკვდილის და ტროცკის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდება...
მთავარი დამნაშავე, რა თქმა უნდა, ლენინი იყო, თუმცა, როგორც მას სჩვეოდა, ილაპარაკებს სხვა ბოლშევიკების „ინფანტილურ მემარცხენეობაზე“ და მათ გადააბრალებს ამ ავანტიურაში თავის შეყოფას. რაც შეეხება ტროცკის - მან ყველაზე კარგად იცოდა, თუ რა სავალალო მდგომარეობაში იყო წითელი არმია და ძალზე სკეპტიკურად უყურებდა ლენინის ამ ავანტიურას. სხვათა შორის, წითელი არმია რომ არაფრად ვარგოდა, ეს ლენინმაც მშვენივრად იცოდა, მაგრამ იგი დარწმუნებული იყო, ისევე, როგორც სტალინი, რომ გერმანიაში და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში პროლეტარიატი აუჯანყდებოდა საკუთარ მთავრობას და წითელი არმიის გვერდზე იბრძოლებდა. სიგიჟე, აბსოლუტური სიგიჟე, სხვა ეპითეტს ვერ ვნახულობ ამ ფენომენის შესაფასებლად!
მოლოტოვ-რიბენტროპის საზღვარი დიდწილად გაიმეორებს კერზონის 1920 წლის ხაზს... რა ლოგიკურ ჯაჭვს ხედავთ კერზონის ხაზსა და ჩერჩილის მიერ1945 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის საზღვრის აღიარებაში?
1919-1920 წლებში ბრიტანელებს სურდათ ბოლშევიკები უკრაინული და ბელორუსული მიწების ხარჯზე დაეშოშმინებინათ. ბრიტანელების აზრით, როდესაც პოლონეთი იყო ბელარუსის და უკრაინის მიწების მფლობელი, ეს არალეგიტიმური იყო, ხოლო როდესაც რუსეთი ამ ქვეყნებს ფლობდა - ეს ბუნებრივი იყო. კერზონის ხაზი სრულყოფილად გამოხატავს ბრიტანეთის ამ ხედვას. ბრიტანელები დღემდე ვერ ხვდებიან, თუ რა ტიპის ექსპანსიონისტურ ძალას წარმოადგენდა ან წარმოადგენს პუტინის რუსული იმპერიალიზმი.
რა ზეგავლენა იქონია ამ გამარჯვებამ პოლონეთის შიდა პოლიტიკაზე?
პოლონეთის არმიისთვის ეს გამარჯვება გახდა დამფუძნებელი მითი... მითი, რომ იგი უძლეველი იყო, რომ შეეძლო მტრების დამარცხება როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში... (ვგულისხმობ რუსეთსა და გერმანიას). ამან განაპირობა გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ ძალაზე. ამასთან ერთად ძალზე გაიზარდა პოლონური არმიის პრესტიჟი. არმიის ოფიცრად ყოფნა ყველაზე დიდ პატივად იქცა პოლონურ საზოგადოებაში. ამ ყველაფრის შედეგად, პოლონური არმია გახდა დომინანტი მოთამაშე ვარშავის პოლიტიკურ ველზე. და 1926 წელს ეს არმია პილსუდსკის თაოსნობით დაამხობს დემოკრატიულ მთავრობას და ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში.