დღეს იწყება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა.
ორდღიანი შეხვედრის დაწყების წინ გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის ფონზე, ნატომ უნდა გააგრძელოს შავი ზღვის რეგიონში პოზიციების გაძლიერება.
სტოლტენბერგის თანახმად, შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატოსა და მისი მოკავშირეებისთვის.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო შავი ზღვის რეგიონში უკვე მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი, რადგან სამი მოკავშირე - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ზღვისპირა ქვეყნები არიან, შავ ზღვაში ტარდება ნატოელი მოკავშირეების სამხედრო გემების წვრთნები და რუმინეთში განთავსებულია ალიანსის მრავალეროვნული სასწავლო ბრიგადა. გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან - უკრაინასა და საქართველოსთან, რადგან რუსეთმა ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დარღვია ყირიმის ანექსიით და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განთავსებით.
იენს სტოლტებერგის თქმით, ნატო ზრდის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, თუმცა ხედავს, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონში აძლიერებს სამხედრო ყოფნას, ამიტომ აუცილებელია კიდევ უფრო გაძლიერდეს რეგიონში ნატოს ყოფნა.
გენერალური მდივნის ინფორმაციით, ამ საკითხზე 2 დეკემბერს იმსჯელებენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა 1-2 დეკემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, სხდომა ონლაინ-ფორმატით ჩატარდება.