Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა თედორე გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებულების სხდომის თარიღის გადმოტანას ითხოვს


ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის წინასასამართლო სხდომა, ნაცვლად 30 დეკემბრისა, სავარაუდოდ, 10 დეკემბერს ჩატარდება. სხდომის 20 დღით ადრე დანიშვნის შუამდგომლობით, პროკურატურამ სასამართლოს ორი დღის წინ მიმართა.

ბექა ბასილაია, აკაკი კობალაძის ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბრალდების შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის თარიღის გადმოწევის თაობაზე, პირდაპირ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება იმთავითვე არასწორი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, პოლიტიკური დაკვეთა იყო:

„როდესაც პროკურატურა აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის მიმართ პატიმრობას ითხოვდა, ამბობდა, რომ ბევრი მასალა და მტკიცებულება იყო მოსაპოვებელი და იმ შემთხვევაში, თუკი ეს ადამიანები თავისუფლებაში დარჩებოდნენ, გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებაში ხელს შეუშლიდნენ. ამის შესახებ ისინი 9 ნოემბერს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე ლაპარაკობდნენ. 20 ნოემბერს კი უკვე შუამდგომლობით შევიდნენ სასამართლოში და განაცხადეს, რომ რაც მოსაპოვებელი იყო, ყველაფერი მოიპოვეს და დანიშნეთ სხდომა 10 დეკემბერსო. არგუმენტი, რომ ამ ადამიანებს პატიმრობა უნდა შეფარდებოდათ იმის გამო, რომ მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელი არ შეეშალათ, არის ბლეფი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კობალაძისა და ხუსკივაძის მიმართ სამართლებრივი კი არა, სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს“.

რადიო თავისუფლება წინასასამართლო სხდომის თარიღის გადმოწევის მიზეზების დასადგენად პროკურატურას დაუკავშირდა, თუმცა, როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, დღეს ამ საკითხზე დეტალების დაზუსტება ვერ მოხერხდება.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 43 წლის თედორე გობეჯიშვილი, ოჯახის წევრებმა 7 ნოემბერს, საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. იმავე დღეს გამოძიებამ მისი მეგობრები, აკაკი ხუსკივაძე, ცესკო-ს სწავლების ყოფილ სპეციალისტი და აკაკი კობალაძე, პოლიტოლოგ, 2020 წლის არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას“.

გამოძიებამ დაკავებულებს ბრალი სამი მუხლით წაუყენა, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.

აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, 7 ნოემბრის საღამოს, პოლიციაში, მოწმის სტატუსით გამოსაკითხად დაიბარეს. თუმცა, რამდენიმე საათში, მათ მოწმის სტატუსი ბრალდებულების სტატუსით შეეცვალათ. სანამ პოლიცია აკაკი კობალაძეს მანქანაში ჩასვამდა, მან დაიყვირა: „არ მაპატიეს გამოსვლა ტელევიზორში“.

6 ნოემბერს, აკაკი ხუსკივაძეცა და აკაკი კობახიძეც, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, იმ ხარვეზებსა და დარღვევებზე საუბრობდნენ, რომლებიც მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირდა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბექა ბასიალაი თვლის, რომ აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტები არიან, მისი თქმით, ეს არის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ დაუშვებლად ცნო დაცვის მხარის საჩივარი. აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ადვოკატები ასაჩივრებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ:

„სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჩვენი საჩივარი. არც კი ჩაატარა სხდომა და განგვიცხადა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული, თუმცა, რატომ იყო დასაბუთებული, განჩინებაში აღწერილი არ არის. ერთადერთი, რაც დაამატა აპელაციამ, თქვა, რომ ბრალდებულთათვის ცნობილია მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემებიო, რაც მათზე ზეწოლის საფრთხეს ზრდისო. ეს არის სრული აბსურდი. რა, 37 წლის სასამართლო უნდა გვქონდეს, რომ ადამიანი ისე უნდა იჯდეს ციხეში, რომ არ იცოდეს, ვინ მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ? ეს სტანდარტი შემოგვთავაზა სააპელაციო სასამართლომ. ნებისმიერ საქმეში, ყველა ბრალდებულისთვის ცნობილია არა მხოლოდ იმ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, ვინც მათ წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა, არამედ ნებისმიერი ტიპის საქმის დეტალი. მაშინ, თუკი ამ სტანდარტს მივყვებით, ყველა ბრალდებულის მიმართ უნდა ხდებოდეს პატიმრობის შეფარდება“.

13 ნოემბრით დათარიღებულ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ:

„მაღალია ბრალდებულთა მიერ მოწმეებზე ზემოქმედების გარკვეული რისკი, ისინი ზემოქმედებას მოახდენენ, როგორც უკვე გამოკითხულ, ასევე გამოსაკითხ მოწმეებზე და ამ გზით, გაანადგურებენ საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ხელს შეუშლიან გამოძიებას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ბრალადშერაცხული ქმედების ჯგუფური ხასიათი, რაც ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე შეთანხმდებიან საერთო პოზიციაზე მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჯგუფის წევრებს ერთმანეთთან აქვთ მჭიდრო კავშირები“.

აკაკი კობალაძის მეგობარი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, დარწმუნებულია, რომ აკაკი კობალაძეცა და აკაკი ხუსკივაძეც, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ იმყოფებიან პატიმრობაში, რომ ხელისუფლებამ მათ სატელევიზიო გამოსვლებში, სადაც ისინი ღიად საუბრობდნენ არჩევნების გაყალბების სისტემასა და მექანიზმებზე, სერიოზული საფრთხე დაინახა და ამ გზით გადაწყვიტეს ერთი მხრივ, მეგობრების გაჩუმება, მეორე მხრივ კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩამოშლის პროცესი შეჩერება:

„ამ სასიგნალო დაკავებით, ხელისუფლებამ დაანახა საარჩევნო სისტემაში მყოფ პირებს, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, თუკი ისინიც ამ გზას აირჩევდნენ. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური ანგარიშსწორება. აკაკი კობალაძესთან 30-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. ეს არ არის უბრალო ნაცნობობა. აკაკისგან ვიცნობდი თედოსაც. თედო და აკაკი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლოთ ერთმანეთის სახლში მისვლა-მოსვლა. რამდენჯერაც კაკოსთან ვყოფილვარ სახლში, იმდენჯერ თედოც მასთან ერთად იყო. გამორიცხულია, რომ კაკოს თედოს მიმართ რაიმე სახის დანაშაული ჩაედინა. დღეს ერთი რამ არის ფაქტი, ეს ადამიანები სხედან ერთი მასშტაბური სპეცოპერაციის გამო, რომელიც ხელისუფლებამ ჩაატარა არჩევნების გასაყალბებლად. ეს ადამიანები არიან მსხვერპლნი“.

ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ თედორე გობეჯიშვილის საქმეზე დაკავებული პირების შესახებ მკაფიო განცხადებები და შეფასებები უნდა გაკეთდეს არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.

როგორც აკაკი კობალაძის ცოლი, სოფია სოსელია ეუბნება რადიო თავისუფლებას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გავრცელდება დაკავებული მეგობრების მხარდამჭერი პეტიცია. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იგეგმება ქალაქში იმ პლაკატების გაკვრაც, რომლებიც აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის მხარდასაჭერად დაიბეჭდა - „პროპაგანდის პატიმრები“ - ასეთია პლაკატების მთავარი გზავნილი.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ბრალდებული კობალაძის ცოლი ამახვილებს ყურადღებას, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის რამდენიმე დღის წინანდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმის მთავარი მოწმე, გობეჯიშვილის თანაშემწე, ზაალ ზაალიშვილი, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად აირჩიეს. შეგახსენებთ, სწორედ მისი ირიბი ჩვენება გახდა აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის დაკავების საფუძველი:

„მას ჯილდოდ ერგო ეს თანამდებობა. თედოს დაწყებული საქმე უნდა დავასრულოო და მინდა ისე ჩავატაროთ მეორე ტური, როგორც ამას თვითონ თედო ისურვებდაო. ჩვენ კი რა ვნახეთ? სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, როგორი ზურნა-დუდუკით აღინიშნება ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის გამარჯვება. ისიც კი არ მოერიდათ, რომ ასეთი ტაშ-ფანდური გაემართათ. არადა, ვითომ თედოს მეგობრად წარმოაჩენდნენ ამ პირს“.

რადიო თავისუფლება შეეცადა, თედორე გობეჯიშვილის ცოლთან, მაკა ნათიძესთან დაკავშირებასაც. თუმცა, ამ დრომდე, ის მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს.

თუკი აკაკი კობალაძის ცოლის სიტყვებს დავეყრდნობით, როგორც ბრალდებულთა ახლობლებისთვის, ისე გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვისაც, მიუღებელია პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმადაც, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების მიზეზი მეგობრების მხრიდან განხორციელებული მუქარა გახდა.

XS
SM
MD
LG