მხოლოდ „ქართული ოცნება“ მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს იმართება. ოპოზიციური პარტიების/ბლოკების მტკიცე უარი, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად, 20 ნოემბერს კიდევ ერთხელ მოისმინეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა, მათთან ცალ-ცალკე გამართული შეხვედრების დროს. სიტუაცია ისევ ჩიხშია. ხელისუფლება უარს ამბობს ვადამდელ არჩევნებზე, ხოლო ოპოზიცია - ახალ პარლამენტში შესვლას გამორიცხავს.
- როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და რა საკანონმდებლო მექანიზმები არსებობს ჩიხური სიტუაციიდან შესაძლო გამოსავლისთვის?
მეორე ტურზე უარის თქმით ოპოზიციურმა პარტიებმა/ბლოკებმა უარი თქვეს დამატებით 17 მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვების თეორიულ შანსზე. ოპოზიციონერების საერთო უარი მათი ამომრჩევლისთვის უკეთ აჩვენებს ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების სიმტკიცეს, არ ცნონ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მოითხოვონ ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წინააღმდეგ მეორე ტურში მონაწილეობა ეკუთვნოდათ 5 პარტიის/ბლოკის კანდიდატებს:
- 12 ოლქში მეორე ტურში გავიდნენ - ბლოკის „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ კანდიდატები;
- 2 ოლქში - „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები;
- 1 ოლქში - „გირჩის“ კანდიდატი;
- 1 ოლქში - „მოქალაქეების“ კანდიდატი;
- 1 ოლქში - „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი.
პროცესები მშვიდად, ბოიკოტის გარეშე რომ წარმართულიყო, ოპოზიციურ პარტიებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მეორე ტურში ერთმანეთის კანდიდატებს დაუჭერდნენ მხარს.
ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა 8 ოპოზიციურმა პარტიამ/ბლოკმა და ესენი არიან:
- „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“,
- „ევროპული საქართველო“,
- „სტრატეგია აღმაშენებელი“,
- „ლელო“,
- „გირჩი“,
- „მოქალაქეები“;
- „ლეიბორისტული პარტია“;
- „პატრიოტთა ალიანსი“.
ყველა ეს პარტია/ბლოკი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. ამ სიიდან, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა ქუჩის საპროტესტო აქციებში.
მართალია, „პატრიოტთა ალიანსი“ შორს დგას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, მაგრამ ამ პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ასევე აქტიურად მონაწილეობს ელჩებთან გამართულ შეხვედრებში, ხელახალ არჩევნებს მოითხოვს და ხელისუფლებას კომპრომისისკენ მოუწოდებს.
მეორე ტურის წინა დღეს - 20 ნოემბერს, ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებთან შესახვედრად ცალ-ცალკე მისული ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის კენჭისყრაში მონაწილეობას აზრი მთლიანად დაუკარგა არჩევნების პირველი ტურის გაყალბებამ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე, პარლამენტში სულ მარტო დარჩება „ქართული ოცნება“.
- „ელჩებს ჩვენ ვხვდებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ. ამას არც იკადრებს არცერთი ელჩი და ჩვენც ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან... ის, რომ ქვეყანაში არის განმეორებითი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, იციან არა მხოლოდ პატივცემულმა ელჩებმა, არამედ ლამის მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ... პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება“ - შალვა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტია“;
- „შეხვედრაზე განვიხილავდით შექმნილ ვითარებას... სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ჩვენ ველოდებით, იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ასევე პასუხისმგებლიანად მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ მათთან ერთად იმისათვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს პოლიტიკური კრიზისიდან. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ცივილიზებულ ქვეყნებში არის ახალ არჩევნებზე შეთანხმება“ - ბადრი ჯაფარიძე, „ლელო“.
საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით, რაც ბოლო დღეებში და, მათ შორის - სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა, უმჯობესი იქნება - თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა და იქიდან იბრძოლებს მომავალში უფრო უკეთესი არჩევნების ჩასატარებლად, მათ შორის - კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გაუმჯობესების გზით.
ვადამდელ არჩევნებს გადამწყვეტ როლს ანიჭებენ ის პარტიებიც, რომლებიც 1%-იანი ბარიერის მიღმა დარჩნენ.
მათი ლოგიკით, გაყალბებულმა არჩევნებმა არასანდო გახადა არჩევნებზე მათ მიერ მიღებული შედეგიც. ერთ-ერთი ასეთი პარტიის - „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე 20 ნოემბერს საერთაშორისო პარტნიორებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკების ფორმატშიც მონაწილეობდა.
შეხვედრის შემდეგ, ბურჯანაძემ მედიასთან განაცხადა, რომ თუკი ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს მიიღებს, არჩევნები, როგორც ასეთი, ქვეყანაში აზრს დაკარგავს და კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
„ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა - მას წინასწარვე აქვს განსაზღვრული, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ასეთი პოზიცია 19 ნოემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერშიც გაიმეორა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა - ირაკლი კობახიძემ:
„ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი იმ პირობებში, როდესაც შედგა საქართველოში არჩევნები და ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული როგორც თავისუფალი და კონკურენტული...
ეს საკითხი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხილული. ის გამარჯვება, რაც მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“, არ ეკუთვნის მხოლოდ ჩვენს პარტიას. ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს, რომლებიც მოვიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებასა“ და მის მიერ აღებულ კურსს... აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავთმობთ გამარჯვებას, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის“.
მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი აღარ ჰყავს. 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მიღებული მანდატების ჩათვლით, პარტია პარლამენტში მაინც ვერ აგროვებს 100 მანდატს.
„ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ირაკლი კობახიძეც თვლის, რომ ოპოზიცია არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევების საერთო სურათს აბუქებს და სტატისტიკურად - წინა არჩევნებზე უარესი წელს არაფერი მომხდარა.
„რუსთავი 2“-თან ის ასევე მცდარად ჩამოყალიბებულ აღქმებად მოიხსენიებს დარღვევებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ასახულ შეფასებებს და ასეა, მაგალითად - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შუალედური ანგარიშის შემთხვევაშიც, სადაც წერია, რომ - „არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნას მიჩნეული“.
ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებთან, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანთან ცალ-ცალკე შეხვედრის ფორმატს ოპოზიციონერი ლიდერები 20 ნოემბერს განიხილავდნენ მოსამზადებელ პროცესად ხელისუფლებასთან დიალოგის მესამე რაუნდის წინ. სწორედ ამ მესამე რაუნდზე მოელიან ისინი „ქართული ოცნებისგან“ კონკრეტულ წინადადებას - ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.
თუკი ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებებით ვიმსჯელებთ, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ორგვარი გამოსავალი არსებობს:
- პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“ და საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად თუ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაცვლელად თანამშრომლობს პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციასთან - ისევ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით;
- მუშაობას აგრძელებს ძველი, მე-9 მოწვევის პარლამენტი და სწორედ ის აგვარებს ხელახალი არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებს (თუმცა ამისათვის საჭიროა 31 ოქტომბრის არჩევნების არშემდგარად გამოცხადება, რაც სამართლებრივად უკვე შეუძლებელი გახდა).
რა შემთხვევებში შეიძლება ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები?
საარჩევნო კოდექსის თანახმად, არსებობს ვადამდელი არჩევნების ორი ფორმატი - რიგგარეშე და ხელახალი:
- რიგგარეშე – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;
- ხელახალი – არჩევნები, რომლებიც ხელახლა ტარდება , თუკი არჩევნები არშემდგარად გამოცხადდა, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შედეგები ბათილად იქნა ცნობილი ანდა, ვთქვათ, ვერცერთმა პარტიამ ვერ გადალახა დაწესებული საარჩევნო ბარიერი.
როგორც კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი განუმარტავს რადიო თავისუფლებას, რადგან ცესკომ არჩევნების პროპორციული ნაწილის შედეგები უკვე შეაჯამა, ხელახალი არჩევნების დანიშვნა უკვე შეუძლებელია და, შესაბამისად, შექმნილ სიტუციაში რჩება მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული გამოსავალი.
- „რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმ შემთხვევაში, თუკი ახლად არჩეულმა პარლამენტმა პირველი 4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება, ანუ არ მოიძებნა 76 მხარდამჭერი დეპუტატი. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ინიშნება რიგგარეშე არჩევნები.
- მეორე შემთხვევაში კი, რიგგარეშე არჩევნები ინიშნება, თუკი მოქმედი პრემიერი, რომელიმე სადავო საკითხის გამო, მიმართავს პარლამენტს მისთვის ნდობის დადასტურებისა და ხელახლა გამოცხადების თაობაზე და პარლამენტი მას არ გამოუცხადებს ნდობას. ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“.
კონსტიტუციონალისტის თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ორი მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ პოლიტიკურ ძალებს, თუკი ისინი ბოლოს მაინც შეთანხმდებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე - ჩაატარონ ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები.