Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: კრიზისის გადაწყვეტის მექანიზმი არა ოპოზიციის, არამედ "ქართული ოცნების" ხელშია


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროპელი და ამერიკელი ფასილიტატორების შუამავლობით გამართული შეხვედრების მთავარი გზავნილია მოწოდება შეთანხმებისა და კომპრომისისკენ. თუმცა, მისი თქმით, კრიზისის გადაწყვეტის მექანიზმი არა ოპოზიციის, არამედ „ქართული ოცნების“ ხელშია.

„მე კვლავ დავაფიქსირე ის პოზიციები, რაც ვფიქრობ, რომ არაერთხელ დაუფიქსირებია ყველა ოპოზიციურ პარტიას და პირდაპირ ვამბობ, რომ, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის და ევროკავშირის პოზიცია, შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, მაგრამ აქვე პირდაპირ ხაზგასმით ვიტყვი, რომ პარლამენტში ხელაღებით შესვლა, შეთანხმების გარეშე, ამ საკითხს არც კი განვიხილავ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მედიასთან მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მისი პოზიცია ხისტია:

„მე არც ერთი ადეკვატური წინადადება არ მომისმენია, რომ გადამაფიქრებინოს ან ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს რამენაირად გადააფიქრებინოს პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რა შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი, გარდა იმ მოთხოვნებისა, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააყენეს:

„ჩვენ ჩვენი ვერსია ვთქვით, რაც შეეხება მათგან ვერსიას, ალბათ მათთანაც იქნება ასეთი ტიპის შეხვედრა და დაველოდოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ მედიასთან კომენტარში.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან დაიწყო ცალ-ცალკე შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით ოპოზიციური პარტიების და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ორი შეხვედრა გაიმართა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს პარტია არ განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკების მესამე რაუნდი, თუმცა, მისი კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ და პარლამენტიდან იზრუნონ პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

XS
SM
MD
LG