ოპოზიციის მიერ საქართველოში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნისა და სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ვიზიტის ფონზე, - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და არჩევნებში ეუთოს ამასწინანდელი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები კვლავ აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა ნების უზრუნველსაყოფად საჭიროა გადაილახოს პოლიტიკური ჩიხი.
„მიუხედავად COVID-19 თან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებისა, 31 ოქტომბერს საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქე მივიდა საარჩევნო უბნებზე, რათა თავიანთი ხმები მიეწვდინათ“, - აღნიშნა ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბანეთის პარლამენტიდან, ელეონა ჯებრეა ჰოჯამ. „2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტიურობა ამ არჩევნების მნიშვნელობისა და დემოკრატიისადმი ყველა ქართველის მძლავრი ერთგულების გამოხატულებად იქცა.“
ელეონა ჰოჯა განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს საჩივრების განხილვის ინკლუზიურ პროცესს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესისადმი ქართველი ამომრჩევლის ნდობის შესანარჩუნებლად.
„ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს თავიანთი მანდატები, შევიდნენ პარლამენტში და განაგრძონ მუშაობა ამ ინსტიტუტების ფარგლებში“, - აღნიშნავს ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელეონა ჯებრეა ჰოჯა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პია კაუმამ კვლალ გაიმეორა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში ფუნდამენტური უფლებები – დაცული იყო.
აშშ-ის კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი, რომელიც ეუთოში უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხების კომიტეტს უდგას სათავეში, ჩიხში შესულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, მოძებნონ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის გზა. „მიუხედავად იმისა, რომ ეს ამოცანა აშკარად რთულია, დადებითი შედეგი სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს, ისინი პარლამენტში მიღებულ მანდატებზე უარს აცხადებენ და ცესკოს ხელმძღვანელის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.