მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა დაბნეულობა და გულისტკივილი გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ აზერბაიჯანის ამ სეპარატისტულ რეგიონთან, ახალი საფიქრალიც გაუჩნდათ „სტრატეგიული პარტნიორის“, რუსეთის, სანდოობასთან დაკავშირებით. სოხუმსა და ცხინვალში ბევრს მიაჩნია, რომ „ყარაბაღი ჩააბარეს“. რა ახალ რისკებსა თუ შესაძლებლობებს აჩენს აზერბაიჯანის მიერ თავისი ტერიტორიის ნაწილის გათავისუფლება რუსეთის (სომხეთის მთავარი მოკავშირის) მდუმარე თანხმობის ფონზე?
თვითაღიარებულთა უძლური სოლიდარობა
საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩენილ სხვა თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან: ცნობენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას, ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ხსნიან საელჩოებს, აფორმებენ ე.წ. სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებს და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში სამხედრო დახმარებასაც აღუთქვამენ ერთმანეთს, თუმცა, როგორც კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ამბობს, აზეირბაიჯან-სომხეთის ომმა აჩვენა, თუ როგორი ცარიელი და უძალოა არაღიარებული რესპუბლიკების სოლიდარობა.
„მუდმივად იმართებოდა რაღაც შეხვედრები, ფორუმები, ჩემპიონატები, ერთმანეთის აღიარებები, მაგრამ პრაქტიკულ დონეზე ომის დროს ჩვენ ვერ ვნახეთ რეალური ქმედითი ნაბიჯები მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის დასახმარებლად როგორც საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან, ასევე ფართო კონტექსტში. სოხუმისა და ცხინვალის მხარდამჭერი განცხადებები ყარაბაღისადმი რამე მასშტაბურ სოლიდარობის აქტში არ გადაზრდილა, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ როგორი ხელოვნური კონსტრუქციაა არაღიარებულ „ქვეყანათა“ დამოუკიდებლობა“, - უთხრა გიორგი კანაშვილმა რადიო თავისუფლებას.
10 ნოემბერს დასრულებულ ომში სოხუმი ღიად უჭერდა მხარს მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკასა და სომხეთის მთავრობას, თუმცა, როგორც საქართველოს სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყების განცხადებიდან ჩანს, სოხუმი შეცდომად მიიჩნევს პარალელების გავლებას აფხაზეთისა და ყარაბაღის კონფლიქტებს შორის.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობა გააღიზიანა საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩის, ფაიგ გულიევის, განცხადებამ, რომელიც აზერბაიჯანელმა დიპლომატმა გააკეთა 12 ნოემბერს დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელ რუსლან აბაშიძესთან შეხვედრისას:
„დასრულება აგრესიისა და ჩვენი მიწების ოკუპაციისა, რომელიც 30 წელი გრძელდებოდა, ისევე როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელ რეგიონს“.
აზერბაიჯანელი დიპლომატის პასუხად აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება:
„სავარაუდოდ, საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტის ხასიათზე ცხადი წარმოდგენის უქონლობისა და ეიფორიის მდგომარეობაში ყოფნის გამო, ბატონმა ელჩმა თავს უფლება მისცა, გაეკეთებინა ორაზროვანი განცხადება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში რევანშისტული განწყობების გაღვივებას და ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე მხარეების ძალისხმევას. გარდა ამისა, აღშფოთებას იწვევს თვითონ აზერბაიჯანის ელჩის შეხვედრა არალეგიტიმური „აფხაზეთის ავტონომიის მთავრობის“ წარმომადგენელთან, რომელსაც არ აქვს არანაირი კანონიერი საფუძველი ილაპარაკოს აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის სახელით“.
აქვთ სოხუმსა და ცხინვალს ნერვიულობის საფუძველი?
რუსეთის დემონსტრაციული უმოქმედობის ფონზე სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამარცხება აზერბაიჯანთან ომში მტკივნეულად აღიქვეს სოხუმსა და ცხინვალში.
გიორგი კანაშვილის თქმით, საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის ცხადი გახდა, რომ, თურმე, რაღაცები არ არის მუდმივი, რომ შეიძლება რუსეთმა გადახედოს ურთიერთობებს და, გარკვეული კონფიგურაციის შემთხვევაში, გაფორმდეს ისეთი გარიგება, რომელიც წინააღმდეგობაში იქნება მათ ინტერესებთან.
„კიდევ ერთი გაკვეთილი ისაა, რომ განზე გახედვა, რის გამოც დაისაჯა ფაშინიანი, შეუმჩნეველი არ დარჩება. ამის გამო სეპარატისტული ელიტები კიდევ უფრო მოზომილები იქნებიან რამე სახის დამოუკიდებლობის გამოვლინებაში... ცხინვალი არც აქამდე იჩენდა აქტიურობას ამ მიმართულებით, სოხუმი კი უფრო მეტად ფრთხილი იქნება თუნდაც ისეთი განცხადებების გაკეთებისას, როგორსაც ბჟანია და მისი გუნდი აკეთებდნენ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე. ფაშინიანის მაგალითმა აჩვენა მათ, რომ „ინოკომისლიე“ ისჯება“, - უთხრა გიორგი კანაშვილმა რადიო თავისუფლებას.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ არც აფხაზეთსა და არც სომხეთში რუსეთთან დაკავშირებით დიდი ილუზიები არ ჰქონიათ:
„კარგად იცოდნენ და იციან, რომ რუსეთმა შეიძლება უღალატოს ნებისმიერ მომენტში. უბრალოდ, ვერ გათვალეს ღალატის მომენტი... გარკვეულწილად, ამგვარი გათვლის მცდელობის ნიშანი იყო ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა. მისი არჩევა იმას ნიშნავდა, რომ სომხეთს უნდოდა მეტი გარანტიების მიღება დასავლეთიდან, სხვა დიდი აქტორებისგან, ანუ უნდოდა თავისი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია. სოხუმსაც ჰქონდა რისკების დივერსიფიცირების მცდელობა. მახსოვს, იყო განცხადებები ევროპასთან, აშშ-თან თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ სოხუმს არ გააჩნია შესაბამისი რესურსი. გამოჩნდა, რომ სომხეთსაც არ ჰქონია თავის პოლიტიკის რეალური დივერსიფიცირებისა და ძალთა ბალანსით თამაშის რესურსი“.
კახა გოგოლაშვილის თქმით, რუსეთი სოხუმისგან ითხოვს სრულ ლოიალობას. როგორც კი ეცდებიან გადახრას, მაშინვე მოჰყვება მუქარა ან რაღაც პროვოკაცია, რომელშიც შეიძლება საქართველოც ჩაითრიონ.
„სიამოვნებით გვათამაშებს საფრთხობელას როლს. ამის გამო, არ მგონია, რომ დიდად შეიცვლება სოხუმის პოლიტიკა რუსეთის მიმართ. შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაშინდნენ და მეტი ლოიალურობის მტკიცება დაუწყონ რუსეთს. რამდენჯერმე ვნახეთ, როგორც კი რაღაც ნოტები გაჩნდა ქართულ მხარესთან მოლაპარაკების მიმართულებით, მაშინვე დაიძაბა აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარება... გალის მცხოვრებთა მიმართ დამოკიდებულების შეცვლის სურვილსაც კი მოჰყვება ხოლმე ექსტრემისტული ელემენტების გამოსვლები, რაც აშკარად პროვოცირებულია რუსეთის მიერ. ასე რომ, ყარაბაღის ამბავი პოზიტიურ გავლენას ვერ იქონიებს, ნეგატიურს - კი, ბატონო. სოხუმში კიდევ უფრო დარწმუნდებიან, რომ რუსეთი არის მთავარი ძალა, რომ მისი წყენინება არ შეიძლება, რადგან სჯის იმას, ვინც არ უჯერებს. რუსეთმა ეს გააკეთა არა მარტო სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, არამედ მთელი კავკასიისთვის, მათ შორის, ჩრდილო კავკასიისთვისაც, რომელსაც აჩვენა, რომ არის სრული ბატონ-პატრონი რეგიონში“, - უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თბილისის პერსპექტივა
რა შესაძლებლობებს აჩენს აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე გადადგმული წარმატებული ნაბიჯები თბილისისთვის?
რუსი პოლიტოლოგი დენის სოკოლოვი მიიჩნევს, რომ ისტორიის მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია ყარაბაღის გამოცდილების ბრმად მორგება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე:
„განსხვავებული პოლიტიკური ვითარებებია. რაც უნდა ვთქვათ, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, თბილისი დღეისათვის არ გვევლინება რეგიონის სერიოზული მოთამაშის სამხედრო მოკავშირედ. შესაბამისად, პირდაპირ მოქმედების პოზიციიდან მე არ შევადარებდი ყარაბაღს არც ცხინვალს და არ სოხუმს, თუმცა შესაძლებელია მათი ბედისწერების შედარება რეგიონიდან რუსეთის იმპერიის წასვლის კონტექსტში. გლობალურად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედისწერის წინასწარმეტყველება შესაძლებელია. პრობლემები თავს იჩენს იმპერიის დაშლის მორიგი ფაზის დადგომისას“.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი კი დარწმუნებულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს აზერბაიჯანის მაგალითის გადაღებას პოლიტიკური ორიენტაციის რადიკალურად შეცვლის გარეშე.
„თეორიულად ეს შესაძლებელია, თუ საქართველოს ხელისუფლებაში მოვა პრორუსული ძალა, რომელიც უარს იტყვის ნატოზე, ევროკავშირზე და მზად იქნება, რუსეთს მისცეს როგორც შუამავლის როლი, ასევე სამხედრო ბაზების განთავსების ნებართვა. ამ კონტექსტში შეიძლება მოსკოვმა იძალადოს სოხუმსა და ცხინვალზე და კონფედერაციის მაგვარი კონტურები გამოიკვეთოს, მაგრამ, ვიმეორებ, ეს საჭიროებს საქართველოში პოლიტიკური ვითარების მთლიანად შეცვლას. რაღაც მსგავსის მცდელობა ჰქონდა შევარდნაძეს, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. ეს ასევე ნიშნავს ნდობის ძალიან მაღალ ხარისხს თბილისსა და მოსკოვს შორის. ძალიან მეეჭვება, რომ ამგვარი კონფიგურაცია თუნდაც თეორიულად დაჯდეს“, - ამბობს გიორგი კანაშვილი. - „ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებაშიც არის სრული კონსენსუსი იმაზე, რომ საქართველოს ურჩევნია ჰქონდეს სხეულის გარკვეული ნაწილები ამპუტირებული დროებით ან დიდი ხნით, მაგრამ შეეძლოს განავითაროს დანარჩენი ნაწილი, ჰქონდეს რეალური სუვერენიტეტი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც იგი აკონტროლებს, და ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში იფიქროს ამ ხალხებისა და ტერიტორიების რაღაც ფორმით დაბრუნებაზე“.
მაინც რა არსებითი განსხვავებებია ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს შორის და როგორია მათ გარშემო შექმნილი კონფიგურაციები? - ამ კითხვის პასუხად კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ მთავარი ფაქტორი კონფლიქტებში რუსეთის განსხვავებული როლი და კონფლიქტში ჩართული მხარეების რუსეთთან შეცვლილი დამოკიდებულებაა.
„ბევრი ამბობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ კარგად იმუშავა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ბაქოს მუშაობა ძირითადად მიმართული იყო რუსეთთან დაახლოებაზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. აზერბაიჯანის და რუსეთის მთავრობები, დაახლოებით, ერთნაირი იდეოლოგიური ნიშნების მატარებლები არიან. თუ აზერბაიჯანი დააპირებდა, სომხეთის მსგავსად, დემოკრატიის გზით წასვლას, მაშინ ის ვერ მოახერხებდა რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხარდაჭერის ტოლფას არჩარევას“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანი არ არის საუკეთესო ვითარებაში თუნდაც იმის გამო, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ მის ტერიტორიაზე პირველად განთავსდა რუსეთის ჯარი:
„ჩვენ ვიცით, ისტორიულად რა როლს ასრულებდა რუსეთის ჯარი ამ ტერიტორიაზე: დანაწილება, სახელმწიფოებრიობის ნიშნების ჩაკვლა, ვითარების სრული კონტროლი, ასიმილაცია და ა.შ. ამის ბევრი მაგალითი არსებობს ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სადაც ხდება სრული ასიმილაცია, რუსულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში დანთქმა... თანაც, ყარაბაღი ახლა დაცულია რუსეთის ჯარით. ადრე პირისპირ იდგნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალები და სულ იყო იმედი, რომ აზერბაიჯანი თავისი ძალებით გაათავისუფლებდა ყარაბაღს. ახლა სომხების ნაცვლად იქ რუსი სამშვიდობოები დგანან. მართალია, დგანან 5 წლით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ადვილად არ გადის ერთხელ დაკავებული ტერიტორიიდან. აზერბაიჯანმა რომ მოითხოვოს 5 წლის შემდეგ მათი გასვლა, რუსები აუცილებლად მოძებნიან არაერთ მიზეზს, რათა დააკანონონ თავიანთი ყოფნა. ასე რომ, ოკუპირებული შვიდი რაიონის დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანმა თავისი ტკივილი მოირჩინა“.
რაც შეეხება რუსეთის გარეშე, დამოუკიდებლად მოქმედების პრესპექტივას, ცნობილი რუსი პოლიტოლოგი სერგეი მალაშენკო მიიჩნევს, რომ არამართებულია ყარაბაღის კონფლიქტის შედარება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არამედ დნესტრისპირეთისა და დონბასის კონფლიქტებთანაც კი.
„მთიანი ყარაბაღი - ეს სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემაა. და თუ ამ პრობლემის გადაჭრაში შესაძლებელია თურქეთის, თუნდაც ნიკარაგუის ჩართვა, მეტისმეტად პრობლემურია საერთაშორისო პოლიტიკიდან ვინმეს ჩართვა „ოსური კონფლიქტის“ გადაჭრის საკითხში. ვინ შეიძლება მოიზიდო? შვეცია? რა თქმა უნდა, შეიძლება სცადო, მაგრამ არაფერი გამოვა. ყარაბაღი - ეს არის კონფლიქტი ორ სუბიექტს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აქ რუსეთი შუამავალია, სამხრეთ ოსეთში კი საქართველო და რუსეთი კონფლიქტის მონაწილეები არიან“, - ამბობს სერგეი მალაშენკო.