Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე გახსნა


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა სომხეთში მიმავალი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადაჰყავს.

ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მას მერე, რაც მომხმარებლებმა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მოძრაობა საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების მონიტორინგის აპლიკაციაში, Flightradar24-ში შენიშნეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ჩადის კონფლიქტის ზონაში, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

“საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. რაც შეეხება საქართველოს როლს და ჩვენს მონაწილეობას სამშვიდობო კონტიგენტის ლოჯისტიკურ საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის მიხედვით და რა თქმა უნდა, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მოცემულ ეტაპზე, საკითხის აქტულობისა და მშვიდობის დამყარებისთვის შეზღუდული დროის გათვალისწინებით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის ნაწილი წინასწარ შეთანხმებული განსაზღვრული პერიოდით გადაყვანილი იქნება კონფლიქტის ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით” - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ აბაშიძემ. მისივე ინფორმაციით, ამ პროცესის შესახებ ინფორმირებულები არიან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც.

Flightradar24-ის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ორჯერ, 10 და 11 ნოემბერს გადაკვეთეს სომხეთის მიმართულებით.

გარდა ფრენების მონიტორინგის აპლიკაციის მონაცემებისა, რომელიც რუსული თვითმფრინავების გადაადგილების შესახებ იძლევა ინფორმაციას, ინტერნეტში ვრცელდება ასევე აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის რუსი სამხედრო მოსამსახურეების საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის კვეთისას პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე ისინი რუსულ ენას გამოიყენებენ საკომუნიკაციოდ. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის და ის ტელეგრამის ერთ-ერთ არხში ვრცელდება.

11 ნოემბრის მონაცემებით რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა სომხეთში 200-ზე მეტი სამხედრო უკვე ჩაიყვანა.

მეთხუთმეტე სამშვიდობო ბრიგადის (იგივე მოტომსროლელთა ცალკეული ბრიგადა) სამხედრო მოსამსახურეები 2005 წლის დეკემბრიდან 2008 წლის ნოემბრამდე სამშვიდობო სტატუსით იმყოფებოდნენ აფხაზეთშიც და დიდი ალბათობით, მონაწილეობას ღებულობდნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

2014 წლიდან უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ამ ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები შემჩნეულები იყვნენ როგორც ყირიმის ანექსიისას, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაში.

რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საერთო რაოდენობა მთიანი ყარაბაღის კონფქლიტის ზონაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, დაახლოებით 2000 ჯარისკაცით განისაზღვრა, მათ განკარგულებაში იქნება 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 400 ავტომობილი და სპეცტექნიკა.

საქართველომ რუსული სამხედრო ავიაციისთვის საჰაერო სივრცე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩაკეტა. მას შემდეგ, ჩვეულებრივ, რუსეთი სომხეთში სამხედრო ტვირთების გადასატანად საქართველოს საჰაერო სივრცის შემოვლით, კასპიის ზღვისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებით დაფრინავს.

XS
SM
MD
LG