Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქი ერთ დღეში შეიცვალა - ტერაქტის შემდეგ ინტერვიუ ვენაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთან


სალომე სალაძე, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის დამფუძნებელი ავსტრიაში, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 2 ნოემბერს, ღამით, როცა ვენაში ტერაქტი მოხდა, ქალაქში იმყოფებოდა და საკუთარი სახლიდან ხედავდა, როგორ ისროდნენ ტერორისტები და როგორ ატარებდა სპეცოპერაციას პოლიცია.

ბოლო მონაცემებით, 4-მდე გაიზარდა ვენაში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი, დაჭრილია 22 ადამიანი, მათგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. 5 ნოემბერი ავსტრიაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

„2 ნოემბერს იყო ბოლო დღე „ლოკდაუნის“ დაწყებამდე, როცა კაფეები, რესტორნები და სხვა დაწესებულებები გვიან ღამემდე მუშაობდა და საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ამ დროს გარეთ. ღამის 12 საათიდან უკვე ამოქმედდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვები”, - უყვება რადიო თავისუფლებას სალომე, რომელმაც იმ ქალაქში მომხდარი ტერაქტის შესახებ, სადაც ცხოვრობს, ქართველი მეგობრებისგან გაიგო. მათ აინტერესებდათ, სად და როგორ იყო.

ვენა ამ დრომდე იყო ქალაქი, სადაც ტერორისტები არ გამოჩენილან. როგორ იქცეოდნენ ღამის განმავლობაში ოფიციალური სტრუქტურები, პოლიცია?

ნამდვილად, ავსტრია ყოველ წელს ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს უსაფრთხოებაზე - გარდა იმ პოლიციისა, რომლებიც ფორმით დადიან, დაახლოებით ერთი იმდენი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული „უხილავი სამართალდამცველი” ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ვენაზე სულ არსებობდა წარმოდგენა, რომ ეს არის ევროპის ყველაზე მშვიდი და უსაფრთხო ქალაქი და საკმაოდ მოულოდნელი იყო ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი აქ. დღეს გარეთ რომ გავედი, ერთ დღეში დამხვდა მთელი ქალაქი შეცვლილი.

რამდენიმე ადგილას იყო სროლა, მათგან ერთ-ერთი იყო სინაგოგა, რომელზეც წლების წინაც, 70-იან, 80-იან წლებში მომხდარა ანტისემიტური თავდასხმები და თავიდან ვიფიქრე, რომ ისევ ამგვარ რამესთან გვქონდა საქმე. მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია, კანცლერი, მედია მაქსიმალურად გვაწვდიდა ინფორმაციას, რომლის მიმართაც იყო ინტერესი. მეორე მხრივ, მოსახლეობას სთხოვდნენ, რომ არ გაევრცელებინათ სოციალურ ქსელებში არანაირი ცნობები, ფოტო- და ვიდეომასალა, რაც ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ჰქონდა. სპეციალური ბმული გამოაქვეყნა პოლიციის ხელმძღვანელმა, სადაც თვითმხილველებს შეეძლოთ ინფორმაციის გაზიარება სამართალდამცველებისთვის და დღეს უკვე, დღის საათებში ითქვა, რომ 20 000-მდე ასეთი შეტყობინება აქვთ მიღებული.

ეს იყო ძალიან განსხვავებული იმისგან, რაც გვინახავს საქართველოში. ძალიან უცნაური იყო იმისთვის თვალის დევნება, რას წერდა, მაგალითად, ქართული მედია - როცა აქ მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ იყო ინფორმაცია დადასტურებული, ვკითხულობდი ქართულ ამბებს, 7, 8 გარდაცვლილის შესახებ, ან მესმოდა ფრაზები, რომ ვენა იყო ტერორისტების ალყის ქვეშ. ავსტრიაში 3 000-მდე ქართველი ცხოვრობს, მათი ნახევარი ალბათ ვენაშია და წარმომიდგენია, მათი ოჯახის წევრები როგორი შეშინებულები უყურებდნენ ამ არასწორ და გაზვიადებულ ამბებს.

ის, რომ პოლიცია მართავს პროცესებს და კანცლერი თავს ვალდებულად თვლის, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას სპეცოპერაციის შესახებ, საყურადღებოა საქართველოს კონტექსტშიც, სადაც ამგვარ შემთხვევებში კომუნიკაციის პრობლემები იჩენს ხოლმე თავს.

ძალიან დიდი განსხვავებაა, როცა გამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი და ამბობს იმდენ რამეს, რომ არ რჩება კითხვები, ცხადია ყველასთვის, საზოგადოებისთვისაც და მედიისთვისაც, რომ ამაზე მეტს ვერ იტყვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. გუშინ ღამე მუდმივად კონტაქტზე იყო ყველა უწყება როგორც ტრადიციული მედიით, ტელევიზიით, ისე სოციალური ქსელებით. საღამოს 8 საათიდან 12 საათამდე სამი პრესკონფერენცია ჰქონდათ, პოლიციის უფროსს, კანცლერს, შინაგან საქმეთა მინისტრს - მუდმივ კონტაქტზე იყვნენ. არ დაუმალავთ, რამდენი იყო დაჭრილი, რა მიმართულებით უნდა შეეზღუდა მოსახლეობას გადაადგილება. ისიც გვითხრეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა მოსახლეობის სიმშვიდე.

1500 პოლიციელი იყო დაახლოებით ჩართული ამ ბრძოლაში.

ოფიციალური უწყებების გარდა, თვალში მომხვდა თვითონ საზოგადოების სოლიდარობაც - იქ, სადაც ტერორისტები ჩნდებოდნენ, პოლიცია კეტავდა ტერიტორიას და იქ დარჩენილ ადამიანებს ღია დაწესებულებებში უწევდათ თავშესაფრის პოვნა, მოსახლეობა წერდა, რომ მზად იყო ასეთი ხალხი, ვინც გარეთ დარჩენილებს საწოლს, საკვებს, წყალს გამოუყოფდა, მიაწვდიდა.

ჯერ ალბათ რთულია დასკვნის გაკეთება, მაგრამ თუ განიხილება საზოგადოებაში, მედიაში ვერსია, რომ ეს შესაძლოა პარიზში ბოლო პერიოდის ტერორიზმის ტალღის გაგრძელება იყო.

„ისლამურ სახელმწიფოს“ ამ თავდასხმაზე ჯერ არ აუღია პასუხისმგებლობა. ცნობილია ის, რომ ეს არ იყო ერთი დამოუკიდებლად მოქმედი ადამიანი, კარგად მომზადებული ჯგუფი იყო წინასწარი განზრახვით - როგორც გუშინ კანცლერმა თქვა. ლიკვიდირებული ერთი ტერორისტი არის ავსტრიაში დაბადებული, გაზრდილი 20 წლის ახალგაზრდა კაცი, ალბანური ფესვებით, რომელიც შემჩნეული იყო ISIS-თან კავშირებში, ჰქონდა რადიკალური განწყობები და მისი საეჭვო კონტაქტების გამო 22 თვით პატიმრობაც კი ჰქონდა მისჯილი და წინა წლის დეკემბერში დატოვა საპატიმრო ნაადრევად, კარგი ქცევის გამო.

როცა მოხდა ამ ადამიანის იდენტიფიცირება, იმავე ღამეს შევიდა პოლიცია მის ბინაში და ასობით ვიდეოჩანაწერი ნახეს მის კომპიუტერში, მათ შორის, „შარლი ებდოსთან“ დაკავშირებული, სადაც აკეთებს აქცენტებს, რომ მუჰამედის შეურაცხმყოფელებს გაუწორდებოდა. მეტიც, გუშინ ინსტაგრამზე განათავსა ვიდეო, სადაც პოზირებდა იმ იარაღით, რაც იმ ღამეს გამოიყენა ხალხის დასახოცად.

პოლიციამ იცოდა მის შესახებ, მისი მცდელობების შესახებ, წასულიყო სირიაში საბრძოლველად და დღეს ხელისუფლების ოპონენტები, რა თქმა უნდა, ამ თემას იყენებენ ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებისთვის. ამბობენ, რომ ფული, რომელსაც ქვეყანა უმცირესობების ინტეგრაციისთვის ხარჯავს, ტყუილად დახარჯული ფულია, მიგრანტები საფრთხეა ავსტრიისთვის და აქცენტს აკეთებენ თავდამსხმელის ალბანურ წარმომავლობაზე.

ავსტრიაში ბოლო წლებში საკმაოდ ძლიერდება ულტრანაციონალისტური, პოპულისტური განწყობები - შესაძლოა, ეს შემთხვევა მათთვის დამატებით არგუმენტად იქცეს ანტილიბერალური, ანტიმიგრაციული განცხადებებისა და მსჯელობისას?

ბოლო წლებში მემარჯვენე პოპულისტები ევროპაში განსაკუთრებით აქტიურობენ და არა მხოლოდ ავსტრიაში - უნგრეთში, პოლონეთში იგივე ხდება. ორი წლის წინ მემარჯვენეებთან შეკრული კოალიცია გვყავდა მთავრობაში, რომელიც საბედნიეროდ დაიშალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში ეს განწყობები აღარ არის. 2016 წლიდან მზარდია ასეთი განწყობები, განსაკუთრებით ნეგატიური მიგრანტების, თურქების, სირიელების გამო, გახშირებულია თუნდაც ჩადრის ტარების გამო შეურაცხყოფის ფაქტები საჯარო სივრცეებში - მსჯელობა იმის შესახებ, რომ ავსტრიამ უნდა გაამკაცროს ზომები „უცხოების” მიმართ, ალბათ გაგრძელდება. არადა, ეს ადამიანი არ იყო უცხო, აქ იყო დაბადებული, გაზრდილი და არასწორია მის ალბანურ წარმომავლობაზე საუბარი.

უსაფრთხოების რა წესებს იცავთ ახლა - რა მითითება აქვს მოსახლეობას პოლიციისგან?

მთავარი არის ის, რომ თუ გადაუდებელი საქმე არ გვაქვს, გარეთ არ გავიდეთ, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც ტერაქტი მოხდა. ტერაქტის ღამეს, ბოლო განცხადება დილის 6 საათზე გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თქვა, რომ დავლოდებოდით შემდეგ მითითებებს - ჯერ დაზუსტებით არ იციან, ყველა ტერორისტი დაჭერილია თუ არა, ამის გამო მეტროს სადგურებთან დგას სპეცრაზმი, პოლიციას ეხმარება ჯარი. ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ძალები ახლა ავსტრიაშია მობილიზებული. პარალელურად, გერმანიამ გაამკაცრა კონტროლი საზღვარზე. დაიკეტა სკოლები და ბაღები დაბალკლასელებისთვის, რომელბიც „ლოკდაუნის“ პირობებშიც ღია იყო. ინსტრუქციები არის მოკლევადიანი და ყველა შემდეგი განცხადებებისას იცვლება. იციან, რომ ხანგრძლივად სახლში ყოფნას ვერ მოთხოვ აქტიურ მოქალაქეს და მოკლევადიან წესებს გვთავაზობენ. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ასეთ ვითარებაშია, არის ის, რომ არ უნდა შეშინდეს საზოგადოება - ამბობენ, რომ ამ ხიფათს გადავიტანთ, ისევ გამოვალთ გარეთ და ისევ უსაფრთხო იქნება აქ ცხოვრება, თუმცა ახლა სჯობს, ფრთხილად ვიყოთ.

ტერორიზმის მიზანიც ისაა, რომ საზოგადოებებში შიში დათესოს.

ევროპელი ლიდერების განცხადებაში ზუსტად ეს იყო აღნიშნული, რომ ევროპის მთავარი მტერი შიში და ძალადობაა, რომელმაც აქ ფეხი ვერ უნდა მოიკიდოს და ჩვენ ყველა ერთად ვართ ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ცარიელია დღეს ქუჩები. ტერორიზმის მთავარი ამოცანაც ეგაა, რომ მორალურად გატეხოს მოსახლეობა. გუშინ, როცა ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაწერა, რომ ტერორისტი თურქულად ლაპარაკობდა, აქ მცხოვრებმა თურქებმა სოციალურ ქსელში კამპანია წარმოიწყეს, რომ თურქი არ ნიშნავს ტერორიზმს. არ არის ადვილი პროცესი.

XS
SM
MD
LG