ელენე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ფილიალის ექიმია. მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ, ფილიალში სამედიცინო პერსონალის ნაწილს კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდა, ელენეს სამუშაო გრაფიკი შეიცვალა, მორიგეობა დღეგამოშვებით უწევს.
იმედი აქვს, რომ ამ ეტაპზე, ფილიალში ინფექციის ჯაჭვი გაწყვიტეს, რადგან, ჯერჯერობით, ახალი ინფიცირებული ექიმები და მედდები აღარ გამოვლენილან, მაგრამ ინფიცირების საფრთხის წინაშე, როგორც ჩანს, ყოველწამიერად დგას - გამოძახებაზე გასულ ექიმებს, პაციენტების ნაწილი კოვიდ-დადასტურებულ პირებთან კონტაქტებსა და სიმპტომებს არ უმხელენ.
"როდესაც გვეუბნებიან, რომ პაციენტს აქვს მაგალითად, მაღალი წნევა, ჩვენ მასთან სხვა აღჭურვილობით მივდივართ. ცხადია, გვიკეთია სათანადო ნიღბები, ფარები, ხელთათმანები, მაგრამ მივდივართ არა ისეთი ეკიპირებით, როგორითაც საეჭვო კოვიდ-პაციენტთან. კომბინეზონს ყოველთვის არ ვიცვამთ. მინდა მივმართო პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს. ნუ დაგვიმალავენ სიმპტომებს, კონტაქტებს, პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ შეიძლება ჩვენ დავინფიცირდეთ, პრობლემა ის არის, რომ ექიმების გარეშე დავრჩებით. ჩვენც დაგვინდონ და მთლიანად, საზოგადოება".
უარი რისკ-ჯგუფის პაციენტებს
თუმცა, მხოლოდ ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რის შესახებაც ელენე რადიო თავისუფლებას უყვება. გარდა იმისა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საათების განმავლობაში უწევთ თითო კოვიდ-საეჭვო პაციენტის მომსახურება, ბოლო დღეებია, ცხელების ცენტრები და კლინიკები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს რისკ-ჯგუფში მყოფი მძიმე პაციენტების მიღებაზე ადგილების არ არსებობის გამო, უარს ეუბნებიან:
„ძალიან ბევრი პაციენტია, კლინიკებში რეალურად ამდენი ადგილი აღარ არის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მძიმე პაციენტები საავადმყოფოებში მოხვდნენ, მაგრამ პირადად მე მაქვს შემთხვევები, როდესაც იძულებული ვარ, პაციენტი ბინაზე დავტოვო, რადგან იმ მომენტში, მისი ადგილი კლინიკებში არ გამოინახა. მთავარია სადმე მაინც გამოჩნდეს ხოლმე ადგილი ასეთი პაციენტებისათვის და ყველგან მიგვყავს, მცხეთა იქნება თუ გორი“.
ერთ-ერთი ასეთი პაციენტი, ხანდაზმული კაცი, ელენემ ბინაზე რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა, ორ საათში მისი მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, პაციენტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა მიიღო. პრობლემა ისიცაა, რომ ელენემ არ იცოდა, რომ ხანდაზმული პაციენტი, შესაძლოა კოვიდ-ინფიცირებული ყოფილიყო. ელენე და მისი ეკიპაჟი პაციენტთან სათანადოდ აღჭურვილი არ მივიდა:
„გამოძახებაზე მისულებს დაგვხვდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა მაღალი წნევა და პირღებინება. იყო მწოლიარე პაციენტი, რადგან ფეხი ჰქონდა მოტეხილი. საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო. როდესაც პაციენტის პირველი ჩივილები შედარებით დავასტაბილურეთ, ცხელი მომეჩვენა, დაფიქსირდა ტემპერატურა, ფილტვებში კი პნევმონიისთვის დამახასიათებელი ხიხინი ისმინებოდა. ჩავეძიეთ ოჯახის წევრებს, ხომ არ ჰქონდა პაციენტს კონტაქტი ინფიცირებულთან და ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, რამდენიმე ხნის შემდეგ აღიარა, რომ პაციენტი კოვიდ-ინფიცირებულის კონტაქტი იყო და სიცხეებიც ჰქონდა. მაშინვე დავიწყეთ ავადმყოფის გადასაყვანად მზადება, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ცხელების ცენტრებში პაციენტის მისაღებად ადგილი არ იყო. კოვიდ-კლინიკასა და კოვიდ-სასტუმროში კი დადასტურებული ტესტის გარეშე არ იღებენ პაციენტებს. პაციენტის მდგომარეობა შედარებით დავასტაბილურეთ და ცხელების ცენტრი გავაფრთხილე, როგორც კი ადგილი გამოჩნდება, პაციენტი კლინიკაში უნდა მოთავსდეს-მეთქი“.
ორ საათში ელენე და მისი ეკიპაჟი ხანდაზმულ კაცთან ისევ გამოიძახეს:
„პაციენტი კიდევ უფრო დამძიმებული დამხვდა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. ისევ დავიწყეთ ცხელების ცენტრებში რეკვა და ბოლოს, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში არსებული ცხელების ცენტრი დაგვთანხმდა, ერთი ადგილი გვაქვს და გადმოიყვანეთო“.
კიდევ ერთი პაციენტი, ხანდაზმული ქალი დიაბეტით, სიცხითა და პნევმონიის ნიშნებით, ელენემ ბინაზე სამკურნალოდ 27 ოქტომბერს, ბოლო მორიგეობაზე დატოვა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პაციენტის ოჯახის წევრებს არც ამჯერად გაუფრთხილებიათ, რომ ქალი შესაძლოა, ინფიცირებული ყოფილიყო, რადგან სახლში სხვა კოვიდ-დადასტურებული პაციენტები მკურნალობდნენ:
„უკვე ადგილზე მისულებმა გავაკრვიეთ, რომ სახლში სამი კოვიდ-პაციენტი იყო. ხანდაზმული ქალი ცხელების ცენტრში გადავიყვანეთ, სწრაფი ტესტი გაუკეთდა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. თუმცა, კლინიკებმა ქალის მიღებაზე უარი გვითხრეს, ამ ეტაპზე ადგილი არ გვაქვსო. შემოგვთავაზეს კოვიდ-სასტუმროში გადაყვანა, თუმცა, ქალმა სასტუმროში წასვლაზე უარი თქვა. ამიტომ პაციენტი ისევ ჩვენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დავაბრუნეთ უკან, სახლში“.
"სასწრაფო - გადამზიდავი საშუალება"
ელენე ამბობს, რომ მის ბრიგადას საეჭვო კოვიდ-პაციენტის მომსახურებისათვის, ფაქტობრივად, 4-5 საათი სჭირდება, რაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან დიდი დროა. გარდა ამისა, ამ ტიპის პაციენტების მომსახურების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა 50 წუთით სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად ჩერდება:
„გამოდის, რომ შესაძლოა, ერთ ბრიგადას თითქმის ექვსი საათი დასჭირდეს ერთი პაციენტის მომსახურებაზე. ეს დრო აკლდებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც სხვა ტიპის პრობლემები აქვთ და შესაბამისად, მათთან დაგვიანებით გვიწევს მისვლა. სხვა დაავადებები და სხვა ტიპის პრობლემები ვერ მოიცდის. ის დაავადებები არსად გამქრალა. ისევ ისე ხდებიან ადამიანები ცუდად სხვადასხვა მიზეზით და გამოდის, რომ ისინი გვეჩაგრებიან“.
"სასწრაფო გადამზიდავ რგოლად იქცა" - ასე ახასიათებს შექმნილ სიტუაციას ანი ქავთარაძე, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი და ამბობს, რომ ამ სიტუაციის გამო, სხვა დაავადებებისა და პრობლემების მქონე პაციენტები, პანდემიის პერიოდში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტები თავს არიდებენ კლინიკებში მისვლას და ამასთანავე, არაერთი კლინიკა კოვიდ-ჰოსპიტლად გადაკეთდა, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს უჭირთ დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღებაც, რაც ხშირად მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ანი ქავთარაძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში პაციენტების მართვის სერიოზული პრობლემაა:
„შესაძლოა, რომ სასწრაფოს გადაეცეს სწრაფი ტესტები, რათა ბინაზევე გაკეთდეს ტესტი და არ დაიხარჯოს დრო საეჭვო კოვიდ-პაციენტების ტესტირებაზე გადაყვანაზე, ლოდინსა და შემდგომ მათ უკან დაბრუნებაზე. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ამას ავტომობილის დეზინფექცია ემატება. დღეს, ფაქტობრივად, სასწრაფო გადაქცეულია „გადამზიდავ საშუალებად“, მაშინ, როდესაც იმ მომენტში, შესაძლოა, ვიღაცას ჰქონდეს მწვავე, გადაუდებელი მდგომარეობა, როგორიც არის სტენოკარდიული შეტევა, ანევრიზმის რუპტურა და მასთან სასწრაფო ვერ მიდიოდეს. ძალიან ბევრი პათოლოგიაა, რომელიც კოვიდამდეც არსებობდა, დღესაც არსებობს და ხვალაც იარსებებს. 37 და 38 გრადუს სიცხეზე სასწრაფოს არ უნდა ევალებოდეს პაციენტის ტესტირებაზე ტარება. აქ პირველადი ჯანდაცვის რგოლი უნდა იყოს აქტიურად ჩართული და ისინი უნდა მართავდნენ სიტუაციას. სქემა ვერ გაიმართა. ის რვათვიანი პერიოდი, რომელიც შეგვეძლო ამ სისტემის გამართვისთვის გამოგვეყენებინა, სამწუხაროდ, გავფლანგეთ. რა მდგომარეობა იქნება მომავალ დღეებში და თვეებში, არ ვიცით, სიტუაცია, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დამძიმდება. ეს კი ისედაც გადატვირთული სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პარალიზებას გამოიწვევს და აქედან გამომდინარე, ის პაციენტები, რომლებსაც წუთები და წამები უწყვეტს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, შესაძლოა დროული დახმარების გარეშე დარჩნენ“.
რას ამბობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი?
ამ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულად მუშაობაში პრობლემას ვერ ხედავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე. მისი განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ქვეყნის მასშტაბით მაღალი მზადყოფნა აქვს. მოქალაქეთა პირველ სამედიცინო დახმარებაზე საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ზრუნავს, რომლებიც 78 ბაზაზე არიან განთავსებულნი და პრიორიტეტულ (გადაუდებელ) შემთხვევებზე რეაგირების საშუალო დრო 24 წუთია.
როგორც ავთანდილ თალაკვაძე ამბობს, პერსონალის COVID19-ით ინფიცირების წინააღმდეგ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, თუმცა ინფიცირების შემთხვევებში, ჰყავს გარკვეული რეზერვი, რომ მათი ჩანაცვლება მოხდეს.
27 ოქტომბრის მონაცემებით, COVID19-ით გამოწვეული გართულებებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი, 67 წლისა და 45 წლის ქალები გარდაიცვალნენ. იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩნენ სოფლები.
28 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 1800-მდე მედიკოსია კორონავირუსით ინფიცირებული. ბოლო 24 საათში 123 მედიკოსი დაინფიცირდა.
რაც შეეხება კლინიკებისა და ცხელების ცენტრების გადატვირთვასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის პაციენტების მიღებაზე უარის თქმას, ჯანდაცვის სამინისტროში დღენიადაგ აცხადებენ, რომ ქვეყანაში არ დგას კოვიდ-საწოლების დეფიციტის პრობლემა.