100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით პოლიციელები და სამხედრო ძალები გამოიყვანა ქუჩებში. დღეს სრულდება ოპოზიციის მიერ ლუკაშენკასთვის მიცემული ვადა გადადგომისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ლუკაშენკას მოწინააღმდეგეები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვებით იმუქრებიან.
საპროტესტო გამოსვლები ზედიზედ მე-11 კვირა დღეს ტარდება მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა გაფრთხილება არასანქცირებულ დემონსტრაციებში მოქალაქეთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ.
მინსკში საპროტესტო დემონსტრაციების წინ გაითიშა მობილური სატელეფონო კავშირი და დაიხურა მეტროს 12 სადგური. უფრო მცირე მასშტაბის ანტისამთავრობო გამოსვლები გაიმართა ბელარუსის სხვა ქალაქებში. როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, დაკავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.
ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელიც 1994 წლის შემდეგ არის ხელისუფლებაში და რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა.
ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა არჩევნებში.
მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.
ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.