Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება? - ლუკა ისევ ფსიქიატრიულში რჩება


აუტისტური სპექტრის მძიმე აშლილობის მქონე მოზარდის, ლუკა ღარიბაშვილის საქმის სასამართლოდან თითქმის ერთი თვე გავიდა - 15 წლის ლუკა კი ამ დრომდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში რჩება, რადგან ამ დრომდე ვერ მოიძებნა საჭირო კომპეტენციის მქონე დამხმარე 2 ადამიანი.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში სწორედ ეს ეწერა, რომ შესაბამის სახელმწიფო სამსახურს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, დაუყოვნებლივ უნდა დაენიშნა ლუკასთვის, ყოველდღე, 12 საათის განმავლობაში, თერაპიული კომპეტენციის მქონე 2 დამხმარე - ამით მის მშობლებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ბავშვი შინ დაებრუნებინათ.

ლუკას დედას, ნინო მხეიძეს, იმედი ჰქონდა, რომ სასამართლოს შემდეგ, შვილს სახლში, ერთ კვირაში მაინც წაიყვანდა. თუმცა პროცესს უფრო მეტი დრო დასჭირდა.

უკვე 2 თვე ხდება, რაც ლუკა ღარიბაშვილი თემქაზე, თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში წევს. და ეს იმიტომ, რომ მისთვის, როგორც ადრეც წერდა რადიო თავისუფლება, დღის ცენტრებში ადგილი არ გამოიძებნა. ხოლო შინ მისი დატოვება - ასისტენტის გარეშე, არც უსაფრთხოა და თან, მშობლებს ბავშვის მართვა, მარტო არ შეუძლიათ.

ლუკას დედას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ ასისტენტის კადრის მოძიება იქნებოდა საჭირო. შეთანხმდნენ დეტალებზე. სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციამ კი ვაკანსია გამოაცხადა. ოღონდ გადაწყდა, რომ ლუკასთან უნდა იმუშაოს არა ორმა, არამედ ოთხმა ადამიანმა, 6-6 საათის განმავლობაში.

ვაკანსიის ვადა 2020 წლის 26 ოქტომბრამდეა. ნინო მხეიძეს უთხრეს, რომ პირველ ნოემბრამდე კადრები შერჩეული უნდა იყოს და ნაწილობრივ გადამზადებულიც. ჯერჯერობით მას არავინ შეხმიანებია.

„არ მაქვს პასუხი, ვინმე მოიძებნა თუ არა. მოლოდინში ვართ, მაგრამ დროც უსასრულოდ გაიწელა. ცხადია, არ მქონია ილუზია, რომ ერთ და ორ დღეში მოგვარდებოდა ეს პრობლემა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ლუკას მალე წამოვიყვანდი სახლში, რადგან ამდენ ხანს ფსიქიატრიულში არასოდეს დაგვიტოვებია და ამის შედეგი უკვე ჩანს“.

ნინო მიდის ლუკას სანახავად
ნინო მიდის ლუკას სანახავად

ცალკე პრობლემაა ის, რომ სანამ ასისტენტი მოიძებნება, ლუკას სულ უფრო მეტად უჭირს საავადმყოფოში დარჩენა.

ორი დღის წინ, დედას ბავშვი დაკაწრული დახვდა. მხარზე კი შესამჩნევი სისხლჩაქცევა ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა. ამიტომ, ნინო დაინტერესდა, რა მოხდა. საავადმყოფოში უპასუხეს, რომ მათ არ იციან, საიდან აქვს ბავშვს დაზიანება მხარზე.

„სახეზე ნაკაწრს რაც შეეხება, მომვლელმა მითხრა, რომ მისი საყურე გამოედო ლუკას და მან ჩამოკაწრა".

ნინო ვარაუდობს, რომ რადგან ლუკას ყოფნა ფსიქიატრიულში ძალიან დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ბავშვის აგრესიაც მომატებულია, რის გამოც პერსონალს მისი შებოჭვა უწევს და დაზიანებებიც ამის შედეგია.

დაზიანებები ლუკას სახესა და ტანზე
დაზიანებები ლუკას სახესა და ტანზე

ეს ამბავი ცნობილია სამართალდამცველი ორგანოებისთვისაც, მათ უკვე გამოკითხეს ლუკას დედა.

რაც შეეხება თავად მოზარდს, ნინო ამბობს, რომ მისი ყველა უნარი გაუარესებულია.

ლაპარაკობს ბორძიკით, რადგან იქ, ფაქტობრივად, მარტოა და ვერავის ელაპარაკება. ფეხმა ფორმა იცვალა, რადგან ლუკა არ მოძრაობს, ერთ ოთახშია გამოკეტილი, სადაც ან ზის, ან წევს - საავადმყოფოს კი სასეირნო ეზო არა აქვს.

ამას ისიც ემატება, რომ ოთახში ვერ შედის ჰაერი, რადგან ფანჯარა არ იღება.

„ადრე რომ მივდიოდი, უფრო აქტიური იყო ხოლმე ლუკა, ახლა იცით, როგორ არის? როგორც ბოსტნეული, ეგ გამოთქმა მახსენდება, როცა ვუყურებ, უშინაარსო თვალებით იყურება. ერთადერთი, ისევ მთხოვს, წავიდეთ სახლში და მე ისევ ვუვადებ. ორშაბათს წავალთ, ვეუბნები და ეგ ორშაბათი ვერ მოვიდა".

ლუკას პალატა
ლუკას პალატა

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ განყოფილებაში კიდევ ერთი რთული ქცევის ბავშვი მიიყვანეს და როცა ის ხმაურობს, ამაზე ლუკას რეაქცია აქვს. ხანდახან აგრესიულიც. ამიტომ ნინო მხეიძე ამ მხრივაც ღელავს.

ამბობს, რომ ყოველი ახალი დღე საავადმყოფოში, ლუკასთვის, უფრო და უფრო საფრთხის შემცველი ხდება. თუმცა სახლში ისევ და ისევ იმის შიშით ვერ მიჰყავს, რომ ბავშვის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, ისევ იგივე სტრესული სცენარი უნდა განვითარდეს - გამოიძახონ სასწრაფო და ლუკა ძალით წაიყვანონ ფსიქიატრიულში.

ამიტომ ერთადერთი, რაც ოჯახს დარჩენია, ისევ მოლოდინია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მალე აღსრულდება.

ლუკა ღარიბაშვილის ოჯახის უფლებების დამცველი, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ადვოკატის ანა არგანაშვილის კრიტიკა ჯანდაცვის სამინისტროსკენაა მიმართული და ამბობს, რომ უწყებას არ ჰყოფნის კომპეტენცია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება:

„ის სვამს კითხვას ასე: აქამდე მსგავსი სერვისი არ გქონია, როგორ უნდა აღვასრულოთ? იცით, ეს როგორ ითარგმნება? ჩვენ რომ აქამდე ამ ადამიანების უფლებები არ დაგვიცავს, არ ვიცით, როგორ დავიცვათ ის ახლა“.

ადვოკატი ეჭვის თვალით უყურებს პერსონალური ასისტენტის ადგილზე გამოცხადებულ ვაკანსიასაც, რომელიც ახლაც დევს jobs.ge-ზე და შენიშნავს, რომ მოთხოვნები, რომლითაც კადრებს ეძებენ, არ აკმაყოფილებს სტანდარტს:

„მაგალითად, იქ წერია, რომ საკმარისია ასისტენტს ჰქონდეს საშუალო განათლება და არანაირი პროფესიული კომპეტენცია. მხოლოდ ის წერია, რომ მას შშმ პირთან ზრუნვის გამოცდილება უნდა ჰქონდეს - ასეთი გამოცდილება კი, შესაძლოა, ჰქონდეს ყველას - შვილიშვილს ბებიის მოვლის გამოცდილება, მაგალითად. ანუ „გამკავებლის“ ძებნა არის არასწორი გზა, რადგან თუ ქცევის დარღვევის მქონე ბავშვთან იმუშავებს პროფესიული კომპეტენციის არმქონე ადამიანი, დიდი საფრთხეა იმისა, რომ ის ბავშვზე იძალადებს“.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ კვალიფიციური კადრები არსებობენ, მაგრამ მათი დაქირავება ძვირია, ერთ ბავშვზე კი ამდენი თანხის დახარჯვა სახელმწიფოს არ უღირს.

რა პასუხი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს?

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სააგენტოს ხელმძღვანელს, მერი მაღლაფერიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი არათუ გახანგრძლივდა, არამედ, საკმაოდ დაჩქარებულად მიდის და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ლუკას პრობლემა მალე გადაწყდეს.

მისი თქმით, შედის ცვლილება მთავრობის 670-ე დადგენილებაში (სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ), რაც მათ მისცემს იმის საშუალებას, რომ არსებობდეს ისეთი ტიპის მომსახურებაც, როგორსაც ითხოვდა ლუკას ოჯახი. ასეთ ცვლილებებს გარკვეული დრო და სამართლებრივად გამართვა დასჭირდა, - განმარტა მერი მაღლაფერიძემ.

ეს ცვლილება შეეხება თუ არა სხვა, ლუკას მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებსაც? შეიქმნება თუ არა ცალკე სერვისი ასეთი ბავშვებისთვის და როდის? ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ გვაქვს, თუმცა, როგორც მერი მაღლაფერიძემ შენიშნა ჩვენთან საუბრისას, დაახლოებით ერთ კვირაში ის შეძლებს მეტ დეტალზე საუბარს.

ლუკას დედა კი ყოველდღე მოელის სიახლეს, როდის დაურეკავენ და ეტყვიან, რომ დამხმარეები ნაპოვნია და ლუკა შეიძლება შინ დაბრუნდეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG