Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს მედიისგან ზუგდიდის სპეცოპერაციის LIVE-ში გადაცემის შეწყვეტას მოითხოვს


შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გადაცემის შეწყვეტას მოითხოვს. მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ სხვა შემთხვევაში გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას.

"ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სპეცოპერაცია მისი დაწყების მომენტიდან ამ დრომდე რამდენიმე მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა 19-დან ერთ-ერთ მძევალს "მთავარი არხის" ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გააჟღერებინა. გამტაცებლის მოთხოვნაა, მას 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

მძევლად აყვანილი 19 პირიდან 3 ბანკის თანამშრომელია. ისინი შენობის მესამე სართულზე არიან. როგორც რადიო თავისუფლებამ შეძლო გარკვევა, პირი, რომელმაც ირაკლი კვარაცხელიას სახელით დარეკა "მთავარ არხზე", ბანკის თანამშრომელი არ არის.

XS
SM
MD
LG