„კარტოგრაფების საქმეში“ ბრალდების მხარეს მდგომი პირების ჩვენებები და ინტერვიუები ურთიერთგამომრიცხავ ფორმულირებებსა და დეტალებს შეიცავს. ერთსა და იმავე ეპიზოდებს სხვადასხვანაირად ჰყვებიან ყოფილი პრემიერი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, ამავე უწყების მაღალჩინოსანი - ნოდარ ხორბალაძე, კრიზისების საბჭოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სვანაძე თუ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ყველაზე სადავო და ხმაურიანი რუკა რუსეთში მოიპოვა.
დავალება, დაკვეთა, თხოვნა - ვისგან?
თავდაცვის მინისტრის მონათხრობის თანახმად, საქართველოში „გამქრალი“ რუკის რუსეთში მოძიების „დავალება, დაკვეთა“ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო - „ბატონი ბიძინას ეს დავალება, დაკვეთა მიიღო ძალიან დიდი სიხარულით“.
- ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 15 ოქტომბერს გახმაურებული ეს ვერსია ზუსტად ემთხვევა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მონათხრობს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 13 ოქტომბრის ინტერვიუდან - „2019 წლის სექტემბერში დამირეკა... მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძიებინა რაღაც რუკა“.
- თუმცა იმავე ხიდაშელის მიერ გამოძიებისთვის 25 აგვისტოს მიცემული ჩვენების თანახმად, რუკების მოძიება მას მეგობარმა, ბეჟან მაისურაძემ სთხოვა - „2019 წლის ოქტომბერში ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა, რომ დავხმარებოდი 1936-1938 წლებში გამოშვებული რუკების გამოძიებაში, რადგან ასეთი რუკები საქართველოში არ იძებნებოდა“.
„იმედთან“ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილს გვარითა და სახელით არ უხსენებია ბეჟან მაისურაძე, თუმცა ახსენა შეხვედრა დავით ხიდაშელის „წარმომადგენელთან“ – „ჩვენ შევხვდით მის წარმომადგენელს, შევახვედრე ბატონი (ნოდარ) ხორბალაძე და დაიწყო მუშაობა (2019 წლის შემოდგომაზე)“. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ლაპარაკია სწორედ მაისურაძეზე, რადგან დავით ხიდაშელმა (ინტერვიუში) თავის ერთადერთ დამხმარედ და „კურიერად“ სწორედ ის მოიხსენია - „მეგობარია და არ ეწყინება“.
პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე კი, პროკურატურისთვის მიცემულ თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ხიდაშელსა და მაისურაძეს ის - ერთად და თანაც - 2020 წელს შეხვდა:
- „2020 წლის გაზაფხულზე თავდაცვის სამინისტროს მომართეს მოქალაქეებმა - დავით ხიდაშელმა და ბეჟან მაისურაძემ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქმედითი დახმარება გაეწიათ სამინისტროსთვის“;
- „მათთან შეხვედრის დროს, მე ვთხოვე, თუ შეძლებდნენ, მოეპოვებინათ 1938 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ შედგენილი 1:200 000 მასშტაბის რუკები და გრაფიკული შედარება მოეხდინათ სხვა ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტებთან და რუკებთან“.
პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი და ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, დაკავებულ ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ.
ბეჟან მაისურაძე უშიშროების ყოფილი მინისტრისა და ამჟამად კრემლის იდეოლოგიის გამტარებლის, იგორ გიორგაძის პარტნიორია. ის აქტიურად არის ჩართული ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართულ, კრემლისთვის მოგებიან ანტიდასავლურ ცილისმწამებლურ კამპანიაში.
ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, რომ დავით ხიდაშელის მიერ ხმაურიანი რუკის სწორედ რუსეთიდან ჩამოტანის დრო და კონტექსტი აჩენს ეჭვებს რუსეთის სახიფათო ჩარევაზე, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხიდაშელი მისთვის გმირია, რადგან ოკუპანტ ქვეყანაში ჩაატარა წარმატებული „სპეცოპერაცია“ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მასალების მოსაძიებლად, რაც საფუძვლად დაედება მეგობრობის განმტკიცებას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ეს კი, მისი თქმით, სულ არ შედის რუსეთის ინტერესებში.
რაც შეეხება იგორ გიორგაძესთან სავარაუდო კავშირებს, ღარიბაშვილის პოზიცია ასეთია:
- „რაღა დროს გიორგაძეა... გიორგაძეს თუ ჰქონდა ეს რუკები, რატომ არ გამოგზავნა... რუსეთის ხელისუფლებას კიდევ, მეტი საქმე არა აქვს - აგერ აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და იმას არ აბრუნებს“;
- „და მეორე, კითხვას ვსვამ - ხვალ რომ დააბრუნოს რუსეთის ხელისუფლებამ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, არ უნდა მივიღოთ რუსებისგან, თუ როგორ არის ეს ამბავი?!“
დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, პროკურატურას ჯერ არ გამოუკითხავს ირაკლი ღარიბაშვილი.
დავით ხიდაშელი კი, პროკურატურაში ხელახლაა დაბარებული ტელეინტერვიუსა და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებში ჩამოყალიბებული ურთიერთგანსხვავებული ვერსიების გამო.
როგორც 16 ოქტომბერს პროკურატურაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ხელახალი გამოკითხვის პროცედურა ჯერ არ გამართულა და ზუსტი დრო არ არის ცნობილი.
საზღვარგარეთ თუ საქართველოში?
ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრემიერის პოსტზე მუშაობის დროს, მამა კირიონთან შეხვედრის შემდეგ, არქივებიდან „გამქრალი“ 1938 წლის რუკის ასლი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, მინდია ჯანელიძეს სხვა ქვეყნიდან ჩამოატანინა:
- „მე დეტალებს არ გავამჟღავნებ, მაგრამ მე ჩემს რამდენიმე კოლეგას ვთხოვე, ამ რუკების ასლი ხომ არ მოეპოვებოდათ ... ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან, მე გავაგზავნე მინდია ჯანელიძე და, ჩამოიტანა ასლი 1:200 000-იანი რუკის“;
- „ეს რუკა გადასცეს უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებმა ბატონ ნოდარ ხორბალაძეს, რომელიც იყო მაშინ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მერე მოხდა უკვე ამ რუკის წარდგენა ამ კომისიაში, რომელიც მუშაობს დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე“.
ამ კუთხით გამოძიებას განსხვავებულ ჩვენებას აძლევს გიორგი სვანაძე, რომელიც 2014 წლის მარტიდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურის დირექტორი იყო.
კერძოდ, ის ამბობს, რომ რუკა თავდაპირველად მოძიებულ იქნა არა საზღვარგარეთ, არამედ საქართველოში და კერძოდ - სასაზღვრო პოლიციაში:
„2014 წლის ბოლოს, ზუსტი თვე და რიცხვი არ მახსოვს, ტელეფონით დავუკავშირდი და მივმართე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსს, მანანა ხვედელიძეს - ავუხსენი, რომელი რუკა მჭირდებოდა და ვკითხე - სად შემეძლო მოძიება. მან მითხრა, რომ თვითონ მომიტანდა და მისგან მივიღე 1936 წლის მდგომარეობით საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ შედგენილი 1:200 000 მასშტაბის, რამდენადაც მახსოვს, K-38-28 ნომენკლატურის რუკა“.
სასაზღვრო პოლიციაში იმ დროისთვის მუშაობდა აწ დაკავებული ნატალია ილიჩოვა, რომელსაც გამოძიება სწორედ ამ რუკის დამალვაში ადანაშაულებს და რომელიც ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მის გარდა, დაკავებული ივერ მელაშვილიც ინფორმირებული იყო, რომ მათ წინააღმდეგ „პარტიზანულად“ მოქმედმა ჯგუფმა 1938 წლის რუკა სწორედ სასაზღვრო პოლიციიდან წაიღო.
ადვოკატები აცხადებენ, რომ რუკა შემდეგ ისევ სასაზღვრო პოლიციაში დაბრუნდა და სწორედ ეს არის ის რუკა, რომელიც, გამოძიების თქმით, 1 ოქტომბერს ილიჩოვას კაბინეტის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს.
2014 წელს რუკა სწორედ სასაზღვრო პოლიციიდან რომ იქნა მიწოდებული, ნოდარ ხორბალაძემ „იმედის“ ეთერშიც დაადასტურა. მან ასევე თქვა, რომ მოწოდებული მასალა „დაასკანერა“. ჩვენებაში კი ხორბალაძე ადასტურებს, რომ 2014 წელს რუკა მას სვანაძემ გადასცა:
„პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომელმა, გიორგი სვანაძემ გადმოგვცა 1937 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ შედგენილი 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომელზეც გამოსახულია საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის არსებული სახელმწიფო საზღვარი".
გახმაურებულ ვერსიებს შორის განსხვავებები იკვეთება, მაგალითად, იმ საკითხთან მიმართებითაც, რომელიც 1938 წლის რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის ჩვენებას შეეხება.
- ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს: „2018 წელს აზერბაიჯანელებს რომ აჩვენეს ეს რუკა, მათ თქვეს, რომ ეს სიახლეა ჩვენთვის“.
- ნოდარ ხორბალაძის ჩვენების თანახმად კი: 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის რუკები ქართულ მხარეს ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად აზერბაიჯანულმა მხარემ წარუდგინა.
დაკავებულები - ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი კატეგორიულად არ იზიარებენ ბრალდების მხარის თანამოაზრეთა მტკიცებას, რომ საქმეში არსებული რუკა, მასშტაბით 1:200 000, გამოსადეგია საზღვრის დელიმიტაციის პროცესში აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებისთვის.