Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ინტოქსიკაციის ნიშნებით 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს კლინიკაში


გასული ორი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ "იავნანაში" ინტოქსიკაციის სიმპტომებით 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს. ინფორმაციას „იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია ლაზარაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობას 16 პაციენტი გადის.

„შაბათ-კვირას კლინიკას 48-მა პაციენტმა მომართა, აქედან 32 პაციენტი კვირას შემოვიდა კლინიკაში. 16 პაციენტი მოთავსდა პედიატრიულ განყოფილებაში ბაქტერიული გასტროენტერიტით. იგივე დიაგნოზით და გულისრევა-პირღებინებით, 23 პაციენტს აღმოვუჩინეთ დახმარება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და უკვე გაეწერნენ ბინაზე. ამ დროისთვის სტაციონარში რჩება 16 პაციენტი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ამ ტიპის მოწამვლა შეიძლება იყოს საკვებთან ან წყალთან დაკავშირებული, თუმცა, დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია. ჩემი ინფორმაციით, ანალოგიური სიმპტომები აქვთ მოზარდთა მშობლებსაც, რომლებმაც, როგორც ვიცი, შესაბამის კლინიკებს უკვე მიმართეს”, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

საავადმყოფოებს ინტოქსიკაციის ნიშნებით ძირითადად კომბინატის დასახლებიდან აკითხავენ. კომბინატის დასახლებაში მცხოვრებნი, კერძოდ მშვიდობის ქ. 28 და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი მეორე დღეა სასმელ წყალს ყიდულობენ. მოწამვლის შემთხვევებს ისინი სასმელ წყალს უკავშირებენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის მასიურ დაბინძურების ფაქტს ადგილი არა აქვს. კომპანიის გორის სერვისცენტრის მენეჯერი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ დღეს დილით სასმელი წყლის მოწამვლის თაობაზე ჭორი გავრცელდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შემოწმება დაიწყო და ლაბორატორიულ დასკვნას მაინც დადებენ.

"ერთ-ერთ სკოლაში მშობელი მისულა და უთქვამს, რომ ბავშვი წყლით მოიწამლა და აღარ დაალევინოთო. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ძებნა, თუ სად რომელ ოჯახში მოხდა ეს. ვერ მივაკვლიეთ ასეთ ოჯახს. წყალი ყოველდღიურად სისტემაში მოწმდება და ეს რომ არ გავაკეთოთ, არავინ გვაპატიებს. მიუხედავად ამისა,დღის განმავლობაში წყალი ლაბორატორიულად შემოწმდება და ყველა ნახავს, რომ სიცრუე გავრცელდა", - ამბობს შალვა ტაბატაძე.

"იავნანას" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში მიმართვიანობა კიდევ მოიმატებს, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი პაციენტების მისაღებად. როგორც ცნობილია, კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით შეყვანილი ყველა არასრულწლოვანი კომბინატის დასახლების ტერიტორიის მაცხოვრებელია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სავარაუდო მოწამვლის მიზეზი.

XS
SM
MD
LG